მთავარიაზიაღაზაისრაელი განაგრძობს სამხედრო ოპერაციას ღაზაში

ისრაელი განაგრძობს სამხედრო ოპერაციას ღაზაში

ისრაელი განაგრძობს სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში. დეირ ალ-ბალაჰში მათ ავიაიერიშს რვა ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელმა ხან-იუნისიდან ხალხის ევაკუაციის ბრძანება გასცა. გაეროს წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო მეტად გაზრდის დაძაბულობას და გაამწვავებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

ორშაბათს ისრაელმა ღაზაში ევაკუაციის ბრძანება გასცა. ღაზის ქალაქ ხან-იუნისის აღმოსავლეთიდან დევნილმა პალესტინელებმა მაშინვე დატოვეს ტერიტორია. სამშაბათს კი ქალაქის სხვა ნაწილებში დაიწყეს კარვების გაშლა. ევაკუაციის გამოცხადება იმის მანიშნებელია, რომ ისრაელელი სამხედროები სამხრეთის ქალაქში შესვლას გეგმავენ. ისრაელმა ხან-იუნისიდან ამ წლის დასაწყისში გაიყვანა თავისი ძალების უმეტესი ნაწილი.

გაეროს გენერალური მდივნის სპიკერი და რეგიონში მყოფი მისი კოლეგები შეშფოთებას გამოთქვამენ ისრაელის ბრძანების გამო.

გაეროს გენერალური მდივნის სპიკერი სტეფან დუჟარიკი და ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამსახურის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ასეთი მასშტაბური ევაკუაცია უფრო დაამძიმებს ვითარებას და კიდევ უფრო მეტად გაზრდის ჰუმანიტარულ საჭიროებებს. დუჟარიკის თქმით, პალესტინელები რთული არჩევანის წინაშე დგანან, ან უკვე მესამეჯერ უნდა გადავიდნენ ისეთ ადგილებში, სადაც არ არის მათთვის შესაბამისი სივრცე და პირობები, ან დარჩნენ იქ, სადაც იციან, რომ საბრძოლო მოქმედებები გაიმართება.

ადგილობრივ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დეირ ალ-ბალაჰში ისრაელის ავიაიერიშს რვა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის იყო ოთხი ბავშვი და ორი ქალი. დაღუპულები იძულებით გადაადგილებული პალესტინელები იყვნენ, რომლებიც ორშაბათს ხან-იუნისიდან საბრძოლო მოქმედებებს გამოექცნენ. ბოლო ინფორმაციით, შვიდი ოქტომბრის შემდეგ 37 925 პალესტინელი დაიღუპა, 87 141 კი დაიჭრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend