მთავარისაქართველოკიდევ ერთი სადავო კანონი განიხილეს პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე

კიდევ ერთი სადავო კანონი განიხილეს პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე

4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს „ოჯახური ღირებულებების შესახებ” კანონთა პაკეტი. სხდომაზე ფაქტობრივად ცალმხრივი პოზიცია ისმოდა ამ კანონების მომხრეთა მხრიდან. „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატები ამტკიცებდნენ, რომ ამ კანონის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ქვეყანაში ახლა ეს წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევასა და პრობლემას.

„ეს რომ მნიშვნელოვანი ინიციატივაა, გამოჩნდა 17 მაისს, მაშინ როდესაც ოჯახური ღირებულებების დასაცავად ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი, 600 ათასზე მეტი ადამიანი, თბილისსა და რეგიონებში გაერთიანდა სწორედ ამ ფასეულობებისა და ღირებულებების ირგვლივ, რომლებსაც დღეს საკანონმდებლო ჩარჩოს სახეს ვაძლევთ. საკომიტეტო მოსმენის გამართვა აღნიშნულ საკითხებზე კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვის პარალელური პროცესია. საკანონმდებლო პაკეტით ხდება აღსრულების მექანიზმებისა და კანონის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი მექანიზმების განსაზღვრა“, – აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

განსხვავებულ აზრს ამ სხდომაზე მხოლოდ პარტია „გირჩის“ წარმომადგენელი დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი და სამოქალაქო სექტორიდან „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე გამოხატავდნენ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც ამ განხილვას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო, კანონპროექტთა პაკეტს იურიდიული და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ აფასებს. ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ,რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება არის ტოტალიტარული მმართველობის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი პრაქტიკა. პაკეტი არის მკვეთრად ჰომოფობიური და ძალადობის კიდევ უფრო წამახალისებელი. არასამთავრობო ორგანიზაციაში კომიტეტებზე დასწრების აზრს ვერ ხედავენ, რადგან მათივე პოზიციის თანახმად, მხოლოდ ეს მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება.

რაც შეეხება კანონპროექტთა პაკეტს ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ. საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები. უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიციირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა. საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვისა და შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებს, რასაც ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები ეწინააღმდეგებიან.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend