ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეებზე არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ეს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
მიხეილ სააკაშვილი ევროსასამართლოში ორი განაჩენის შესახებ დაობდა – ერთი სასამართლოს გადაწყვეტილებას, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში, მსჯავრდადებულთა შეწყალების საქმეზე მესამე პრეზიდენტის ბრალდებას ეხებოდა, ხოლო მეორე დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმას.
მესამე პრეზიდენტის დაცვის მხარე ადამიანის უფლებათა კონვენციის მეექვსე, მეშვიდე და მეთვრამეტე მუხლების დარღვევაზე დაობდა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების დიდი პალატაში გასაჩივრებას 3 თვის ვადაში გეგმავენ.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უკვე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძე ამბობს, რომ „ქართულმა სახელმწიფომ გაიმარჯვა“.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლიდან იხდის სასჯელს. მას ქართულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მას გამოძიება საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავება.