საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ინიციატივას ხელახლა დაარეგისტრიროს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს არის „რუსული კანონი“, რომელიც საქართველოს მომავლის საბოტაჟს ისახავს მიზნად.
„თქვენ არ გინდათ დაინახოთ, არ გინდათ მოისმინოთ, რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულების ქვეშ. დამოუკიდებლობა გავამყაროთ, რუსეთი აღარასდროს არ დაბრუნდება აქ და ჩვენი ევროპული გზა გავამყაროთ. „ოცნებამ“ უკვე თავისი სახე გამოაჩინა“, -განაცხადა პრეზიდენტმა ბრიფინგზე.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ცდილობს ყველა მიმართულებით უარი უთხრას ევროპას, უარი თქვას ევროკომისიის ძველი თუ ახალი რეკომენდაციების შესრულებაზე.
„ულტიმატუმი ამერიკას, სასაცილოც არის, ძალიან მაგრები ვართო, არ უნდა ვაწყენინოთ რუსეთს. ეს არის ამ ყველაფრის სარჩული. არა სამართლიან არჩევნებს, ჩვენი და მხოლოდ ჩვენი წესები, ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ცესკო და ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ცესკოს თავმჯდომარეო. არა დიასპორის მონაწილეობას, ვინიცობაა ჩვენი არ იყოსო… არა იუსტიციის რეფორმას. „მე არ შევალ ვეტინგით“ თუ სხვა ფორმით, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მურუსიძესა და ჩინჩალაძეს არ გავწირავთ საქართველოს ევროპული მომავლის ნაცვლადაც კიო. არა – სანქციებთან შეერთებას, ან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებასო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას ყველა გავიდეს არჩევნებზე „ერთი ევროპული დროშის ქვეშ“.
„აქ საჭირო არის მომზადება, იმისთვის, რომ ყველა გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ. რამდენიმე პარტიით ალბათ, მაგრამ ეს არის ევროპული დროშა და სამოქმედო გეგმა, რომელზეც ვმუშაობთ და გავერთიანდებით. ეს არ ნიშნავს პარტიების მაინცდამაინც გაერთიანებას, მაგრამ ნიშნავს გამსხვილებას. ეს ნიშნავს საზოგადოების გაერთიანებას, ეროვნულ თანხმობას ევროპაზე და ამ დროშას მე დავიჭერ ბოლომდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.