1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის თავმჯდომარემ და მოწვეულმა სტუმრებმა საკანონმდებლო ორგანოს ეზოში მდებარე იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ამ ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. არსებული ინფორმაციით, ის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად არ მიიწვიეს.
„დღეს დაღუპული იუნკრების ხსოვნის პატივსაცემი დღე არის, იუნკრების, ახალგაზრდა ბიჭებისა და გოგოების, რომლებმაც საბჭოთა ოკუპაციას გაუწიეს წინააღმდეგობა და წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეცნენ. ამიტომ ეს ბრძოლის სურვილი და ჟინი ყოველთვის არის ქართველ ერში. ეს დღე გვახსენებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას დღესაც. ეს ოკუპაცია დღემდე გრძელდება და იუნკრების მიერ თავდადებული ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ და უნდა მივიყვანოთ ბოლომდე ჩვენი ქვეყნის სრულად გათავისუფლების საქმე ოკუპაციიდან, რომელიც უნდა დასრულდეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობით.
სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა არ ყოფილა გათვალისწინებული ამ ღონისძიებაში. ის არც შარშან იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შარშან მოწვეული იყო ამ ღონისძიებაზე, თავად არ გამოცხადდა. წელს სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა არ ყოფილა გათვალისწინებული, შარშან ის მოწვეული იყო და არ მოვიდა. მას ჰკითხეთ მიზეზი, არ ვიცი, რატომ არ მოვიდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
