მთავარიევროპანიდერლანდებინიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე ხეერტ ვილდერსის პარტია ლიდერობს

ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე ხეერტ ვილდერსის პარტია ლიდერობს

პარლამენტში არსებული 150 ადგილიდან ვილდერსის „პარტია თავისუფლებისთვის“ 35 ადგილს მოიპოვებს, რაც მის უშუალო კონკურენტთან შედარებით, ცხრა ადგილით მეტია

წინასწარი მონაცემებით, ნიდერლანდებში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ანტიისლამური, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის ხეერტ ვილდერსის  პარტია იმარჯვებს.

პარლამენტში არსებული 150 ადგილიდან ვილდერსის „პარტია თავისუფლებისთვის“ 35 ადგილს მოიპოვებს, რაც მის უშუალო კონკურენტთან შედარებით, ცხრა ადგილით მეტია. მეორე ადგილზე ფრანს ტიმერმანსის ლეიბორისტული პარტიისა და მწვანე მემარცხენეების ალიანსია.

„მეგობრებო, გესმით ჩემი? ოცდათხუთმეტი ადგილი… ეს ნიდერლანდებში ყველაზე დიდი პარტია იქნება. ხალხმა თავისი ნება გამოხატა. ისინი დაიღალნენ, მობეზრდათ ყველაფერი. მათ სურთ, რომ, ნიდერლანდელი ხალხი ყველასთვის პრიორიტეტული იყოს“, – განაცხადა ხეერტ ვილდერსი.

ხეერტ ვილდერსი არჩევნებზე, ჰააგა 22 ნოემბერი, 2023 – Mike Corder/Copyright 2023 The AP

 

თუმცა აგრესიული ანტიისლამური და ანტიმიგრაციული რიტორიკით ვილდერსს იმ პარტიების პოვნა გაუჭირდება, რომლებთანაც ის მთავრობის ჩამოყალიბებას შეძლებს. მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ხმები არჩევნებში ვერცერთმა პარტიამ ვერ მიიღო. შესაბამისად, მათ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება მოუწევთ.

წინასწარი მონაცემებით, მემარცხენე ცენტრისტული ლეიბორისტული პარტიისა და მწვანე მემარცხენეების ალიანსს მმართველ ორგანოში 26 ადგილი ექნება. ალიანსის ლიდერი ფრანს ტიმერმანსი ხეერტ ვილდერსის პარტიასთან გარიგებას გამორიცხავს.

თავდაპირველად არჩევნებში ფავორიტად მოქმედი პრემიერ-მინისტრის მარკ რიუტეს მემარჯვენე ცენტრისტული ლიბერალური პარტია მიიჩნეოდა, რომელსაც ახალი ლიდერი დილან იეშილგოზი ჰყავს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მესამე ადგილზე გასული პარტია ვილდერსს შეუერთდეს.

არჩევნებამდე ვილდერსი სხვა მემარჯვენე და მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიებთან ურთიერთობების დათბობას ცდილობდა. მან თავისი რადიკალური პოზიციებიც შეარბილა და პირობა დადო, რომ ის ყველა ნიდერლანდელის პრემიერ-მინისტრი იქნებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend