ნიდერლანდებში მეხანძრეები ჩქარობენ ტყის ხანძრის ლოკალიზებას, რადგან ცეცხლი ქვეყნის სამხრეთით მდებარე ნაკრძალში ვრცელდება.
ეს არის ევროპაში ტყის ხანძრების გავრცელების უახლესი ეპიზოდი და ის სითბური ტალღებისა და გვალვების შედეგად არის გამოწვეული. ხანძარი პირველად სამ აგვისტოს შენიშნეს. საგანგებო სამსახურის ასობით თანამშრომელი ხანძრის ქრობის პროცესში მაშინვე ჩაერთო.
„ხანძრის ქრობისას ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ ხეების კენწეროებში, მაღლა იწვის და ქმნის ე.წ. გვირგვინის ცეცხლს. ქარი აძლიერებს ალს, რაც ხანძარს ხეებში გავრცელების საშუალებას აძლევს, ჩვენ კი უნდა შევძლოთ ამ ადგილებამდე მიღწევა“. - ამბობს ლიმბურგ-ნორდის უსაფრთხოების რეგიონის წარმომადგენელი, ბარტ კოქსი.
ხელისუფლებამ დაკეტა ახლომდებარე გზები და მოქალაქეებს მოუწოდა, არ მიუახლოვდნენ ტერიტორიას, რათა სასწრაფო დახმარების ჯგუფებს უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება ჰქონდეთ.
უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე ბანაკიდან უკვე ევაკუირებულია ხალხი. ისინი გადაიყვანეს მიმღებცენტრში. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, ბანაკის წევრები წყლითა და სხვა სახის დახმარებით უზრუნველყვეს.
„დღეს დილით ქალიშვილთან ერთად ველოსიპედით ვსეირნობდი. როდესაც კემპინგის ადგილას მოვედით. გვითხრეს, რომ უკან დაბრუნება აღარ შეგვეძლო. ამიტომ აქ მოგვიყვანეს. კარგად მიგვიღეს, მოგვცეს წყალი და ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა. კარგად ვართ, აქ ვსხედვართ. თუმცა აქამდე არ ვიცოდით, რა ხდებოდა“. - ამბობს, გერმანელი ტურისტი აკენიდან, თომას ჰუპფაუფი.
ადგილობრივი ხელისუფლების ვებსაიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 4 აგვისტოს, დილის საათებში, ცეცხლი უკვე 100 ჰექტარზე იყო მოდებული და ვერ ხერხდებოდა მისი კონტროლი,
ქარი მიმართულებას იცვლიდა და ხანძრის გავრცელებას აჩქარებდა, მეხანძრეებს არ აქვთ საკმარისი აღჭურვილობა, ეფექტურად გაუმკლავდნენ ტყის ხანძრებს, რომლებიც ნიდერლანდებში ძალიან იშვიათია.
ადამიანის მიერ გამოწვეულმა კლიმატის ცვლილებამ დააჩქარა ნიადაგიდან, ტბებიდან და მდინარეებიდან ტენიანობის შემცირება, რამაც გაზარდა უკიდურესი გვალვის რისკი და ხანძრების უფრო სწრაფად გავრცელებისა და უფრო ინტენსიური წვის საფრთხე გააჩინა.
