მთავარისაქართველოგამომშვიდობება თამაზ გინტურთან - რეპორტაჟი სოფელ კირბალიდან

გამომშვიდობება თამაზ გინტურთან – რეპორტაჟი სოფელ კირბალიდან

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმარზე მისულ თანასოფლელთა ნაკადი მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა. ხალხმრავლობა იყო ლევან დოთიაშვილის ოჯახშიც. ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულ ლევანს თანასოფლელები შინ მშვიდობით დაბრუნებას ულოცავდნენ.

ლევან დოთიაშვილი, რომელიც 6 ნოემბერს რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს და დე-ფაქტო რეჟიმის ციხეში იმყოფებოდა, ცხინვალში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ უკვე საკუთარ სახლშია.

ლევან დოთიაშვილის დაკითხვა, ქართველი სამართალდამცავების მიერ, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. გამოძიება დაწყებულია. დაღუპული თამაზ გინტურის ძმა ამბობს, რომ ახლა ყველაზე მთავარია მკვლელები დაისაჯონ, და ასევე ისინიც ვინც უკანონოდ დაატყვევა 33 წლის ლევან დოთიაშვილი.

თამაზ გინტურს თანასოფლელები ემშვიდობებიან, ცხინვალის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ლევან დოთიაშვილი პირველად თამაზის ოჯახში მივიდა სამძიმრის სათქმელად. თამაზ გინტურს ხვალ, მშობლიურ სოფელში, კირბალის სასაფლაოზე დაკრძალავენ. იმ სასაფლაოზე, რომლის ნაწილიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

სოფელ კირბალთან ყველაზე ახლოს რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზა სოფელ ღრომშია. სოფლის მინდვრებზე მავთულხლართები ჯერ არაა გაბმული. სწორედ ღრომის რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს ლევან დოთიაშვილი დატყვევების შემდეგ, ბოლოს კი ცხინვალის იზოლატორში, საიდანაც ზუსტად ოთხი დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend