მთავარიგადაცემებითვითმხილველიარის თუ არა ბელგია გამოსავალი იმ ხალხისთვის, ვისაც სიცოცხლე აღარ სურს?

არის თუ არა ბელგია გამოსავალი იმ ხალხისთვის, ვისაც სიცოცხლე აღარ სურს?

იმის გამო რომ ევთანაზია ოფიციალურად არის დაშვებული ბელგიაში, სულ უფრო მეტი უცხოელი პაციენტი ჩადის ამ ქვეყანაში მეზობელი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით საფრანგეთიდან, რათა იქ დაასრულონ სიცოცხლე. თუმცა ევთანაზიაზე ნებართვის მიღება ადვილი არ არის და პაციენტი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.

ბრიუსელში ევთანაზიის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონი 2002 წელს დაამტკიცეს.

ბელგიის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ მისი ჯანდაცვის სფერო არ არის მიბმული საცხოვრებელ ქვეყანაზე. ეს ნიშნავს, რომ ნიდერლანდებისაგან განსხვავებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ამ ქვეყანაში ევთანაზიის მოთხოვნა. მხოლოდ წელს ამ გზით ფრანგი ეროვნების 70-ზე მეტმა მოქალაქემ დაასრულა სიცოცხლე ბელგიაში.

საბინე ხუთი წლიდან იტანჯება ქრონიკული ართრიტით. ორჯერ გულის გაჩერების,  ფილტვების შეშუპების, გაუთავებელი ტკივილისა და მორფის დოზების მიღების შემდეგ საბინემ გადაწყვიტა, რომ  56 წლის ასაკში დაასრულოს სიცოცხლე. საბინე ქალაქ ლილის შემოგარენში ცხოვრობს და მის თხოვნა ევთანაზიის თაობაზე ბელგიაში პენისაზე გასული ექიმების ჯგუფის დახმარების წყალობით მიიღეს.

რამდენიმე კვირის შემდეგ საბინე დაასრულებს სიცოცხლეს ბელგიაში იმ დღეს, როდესაც თავად მოისურვებს.

„მე დავიბრუნე კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე. თავად გადავწყვიტე, თუ როგორ უნდა დავასრულო იგი. მირჩევნია, ღირსეულად აღვესრულო, მშვიდად და წყნარად, ჩემი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, ვიდრე საავადმყოფოში ნაკერებით დასერილმა და ჩემი ახლობლების ტირილი მესმოდეს. არა, ეს არ მსურს,“ – ამბობს საბინე.

საბინეს მსგავსად უკვე 71-მა ფრანგმა გადაკვეთა წელს ბელგიის საზღვარი ევთანაზიის მიზნით.

უცხოელი პაციენტები ბელგიაში მაინც უმცირესობას შეადგენენ და არ ტვირთავენ შესაბამის დეპარტამენტებს, თუმცა ევთანაზიაზე მოთხოვნა იზრდება.

„უნდა გვახსოვდეს გარემოებები“

ზოგიერთისთვის ევთანაზია უბრალოდ ახირებაა. თუმცა ამ პროცედურას არეგულირებენ და მხოლოდ იმ პაციენტებისთვის არის დასაშვები, რომლებზეც ყველა შესაძლო მკურნალობის მეთოდი მოსინჯეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჟაკლინ ჰერემანსისთვის, რომელიც „ღირსეული სიკვდილის უფლების ასოციაციის“ (Association pour le Droit de Mourir dans la Dignité) პრეზიდენტია. იგი აქტიურად იყო ჩართული 2002 წელს კანონის მიღებაში და გული სწყდება, რომ ბელგიას ევთანაზიაზე ნებართვის განუკითხავად გამცემი ქვეყნის სახელი მიაწებეს.

„ევთანაზიის დამშვები კანონი ბელგიაში 2002 წელს მიიღეს. ასე რომ, დაახლოებით 20 წელია გვაქვს ის კანონი, რომელსაც საზღვარგარეთ ხშირად დასცინიან, განსაკუთრებით საფრანგეთში. ეს პარადოქსია. რადგან იმ ზერელე დამოკიდებულების გამო, რომელიც საფრანგეთშია, ზოგიერთი ფრანგი ფიქრობს, რომ თუ ბელგიაში ჩახვალ და ევთანაზიას მოითხოვ, ნებართვას მაშინვე მიიღებ. მართალია, ჩვენი კანონი მოქნილია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის ითვალისწინებს გარემოებებს,“ – განმარტავს ჟაკლინი.

ევთანაზიაზე მოთხოვნა რომ დაკმაყოფილდეს, ბელგიის კანონი სამ მნიშვნელოვან ფაქტორს ითხოვს: თხოვნა საკუთარი სურვილით უნდა შეიტანოს პაციენტმა, კარგად აწონ-დაწონოს და გამეორებით ითხოვოს, პაციენტს აუტანელი ტკივილი უნდა ტანჯავდეს, რომელიც უკურნებელი დაავადებით არის გამოწვეული.

„ევთანაზია არის პაციენტის შესაძლებლობა და არა უფლება“

ორმა სხვადასხვა პროფილის ექიმმა უნდა დაადასტუროს, რომ ყველა კრიტერიუმი დაცულია.

მარკ დეკროლი ოჯახის ექიმია ბრიუსელში,რომელსაც ხშირად მიმართავენ ფრანგი პაციენტები. იგი მიიჩნევს, რომ „ევთანაზია არის შესაძლებლობა პაციენტისთვის და არა პაციენტის უფლება. ეს არის შესაძლებლობა ექიმისთვის და არა მისი მოვალეობა.

ნიდერლანდები და ბელგია იყვნენ ევროკავშირის პირველი ქვეყნები, რომლებმაც დაუშვეს სიკვდილის უფლება 2002 წელს. იმავე გზას ლუქსემბურგი 2009 წელს დაადგა, მის კვალს სულ ახლახან 2021 წელს გაჰყვა ესპანეთი და 2023 წლის მაისში –  პორტუგალია. საფრანგეთში შესაბამისი კანონპროექტის განხილვა 2024 წლის ბოლოსთვის გადადეს.

დიმიტრი კორჟაკი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend