მთავარისაქართველოსუსში კვლავ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საუბრობენ

სუსში კვლავ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საუბრობენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ორ ოქტომბერს კვლავ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საუბრობდნენ. მათი ვერსიით, საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით სერბეთის მოქალაქეები ჩამოვიდნენ, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლების ჩამოშლის მიზნით აქტივისტებს ტრენინგებს უტარებდნენ. უწყების ცნობით, სერბეთის მოქალაქეები ორგანიზაცია CANVAS-ის მმართველ რგოლს წარმოადგენდნენ.

სუსის პოზიციას იზიარებენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს მოქმედებაში მოიყვანს. „ქართულ ოცნებაში“ ამ თემასთან დაკავშირებით აშშ-ისგან ელოდებიან განმარტებებს.

ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა, რის გამოც ისინი ქმნიან საზოგადოებაში განცდას, თითქოს ქვეყანაში ისეთი ძალა არსებობს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სუსის განცხადებები ანტიდასავლურ პროპაგანდასა და ომის შიშის დანერგვას ემსახურება.

განცხადება გაავრცელა „კანვას – საქართველომაც“. ორგანიზაცია მოუწოდებს საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებულ მხარდამჭერებს, ამ ფაქტს ყურადღება მიაქციონ.

“სამოქალაქო საზოგადოების მიერ “რუსული კანონის” წინააღმდეგ თებერვალ-მარტში წარმატებით წარმოებული კამპანიის საპასუხოდ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გავრცელდა მუქარა „კანვას – საქართველოს“ დირექტორ გიორგი მელაძის მიმართ. მას მოიხსენიებდნენ “ექსტრემისტ ლექტორად” და კამპანიის ერთ–ერთ ორგანიზატორად, მუქარის კამპანია გაგრძელდა სექტემბრის 18 რიცხვში, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა საჯარო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია “კანვასი” მონაწილეობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულ შეთქმულებაში მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით. განცხადების გავრცელებიდან ათი დღის შემდეგ, 29 სექტემბერს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა თბილისში ჩამოსული “კანვასის” წევრები სლობოდან ჯინოვიჩი  და სინიშა შიკმანი, ასევე “კანვასის” ბელგრადის ოფისის თანამშრომელი ელენა ტანჩიჩი. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მათ რამდენიმე საათში საქართველოს ტერიტორია დატოვეს ისე, რომ არ გაუკეთებიათ ოფიციალური კომენტარი, რადგან გამოკითხვა გაუთანაბრდა სახელმწიფო საიდუმლოს და მონაწილეებზე გავრცელდა გაუთქმელობის ვალდებულება. აღნიშნულ შემთხვევებს „კანვას საქართველო“ აფასებს ზეწოლად როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, ვინც ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, იღებს განათლებას, ავრცელებს ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ”, – წერია განცხადებაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ქვეყანაში მოსალოდნელ არეულობაზე საუბრობენ. მათ რამდენჯერმე თქვეს, რომ ე.წ. რადიკალური ძალები ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend