კატეგორიები

ანგელა მერკელი ევროკავშირისადმი განსაკუთრებული ღვაწლისთვის დაჯილდოვდა

ანგელა მერკელი ევროკავშირისადმი განსაკუთრებული ღვაწლისთვის დაჯილდოვდა
Copyright AP Photo

ევროკავშირის ღირებულებების, დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცებისა და ბლოკის გაძლიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის ევროკომისიამ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი დააჯილდოვა.

„ჯილდო განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ სტრასბურგში წელს პირველად გადაეცა სხვადასხვა ქვეყნის 20 მოქმედ და ყოფილ პოლიტიკურ ფიგურას, რომელთა შორისაც 16 წლის განმავლობაში ევროპული ქვეყნის პირველი პირიც მოხვდა და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

„ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი იდეა იყო, რადგან ვცხოვრობთ იმ დროში, როცა, აშკარაა, ყველაფერი იცვლება. ვხედავთ, როგორ ინგრევა ის, რაც ადრე უცვლელ ჭეშმარიტებად ითვლებოდა, ამიტომ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ყველა ამ ცვლილების მიუხედავად არსებობს რაღაც, რაც მუდმივად მუშაობს ევროკავშირის კეთილდღეობისთვის.

არსებობს სამი რამ, რასაც ჩვენს წევრ ქვეყნებს დავპირდით. პირველი და ყველაზე მთავარი - ეს იყო მშვიდობა, თუმცა შემდეგ რუსეთის ბარბაროსული თავდასხმა მოხდა უკრაინაზე. ახლა დავინახეთ, რომ ეს აღარ შეიძლება მიჩნეულ იქნას თავისთავად მოცემულად და ეს მშვიდობაც მყიფეა.

აშშ-ის ახალი უსაფრთხოების დოქტრინა გვიჩვენებს, რომ ვერ გვექნება ის თავდაჯერებულობა, რაც მანამდე გვქონდა. ზოგჯერ ვუბრუნდებით ევრობლოკის თავდაცვის კავშირს, რომელმაც დასაწყისში არ იმუშავა, მაგრამ მშვიდობის დაპირება კვლავ აქტუალური რჩება“, - განაცხადა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ცვალებადი მსოფლიო დღის წესრიგისა და გლობალური არასტაბილურობის ფონზე, ანგელა მერკელის პოლიტიკა დღევანდელი პერსპექტივიდან ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის მხრიდან კრიტიკის სამიზნედ არის ქცეული, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ არსებული მდგომარეობა გარკვეულწილად არის გერმანიის ყოფილი კანცლერის მმართველობის გამოძახილი.

ხელისუფლებაში ყოფნის 16 წლის განმავლობაში ანგელა მერკელი ზოგჯერ სიფრთხილეს იჩენდა და ცდილობდა ლავირებას ისეთ პირობებშიც კი, როდესაც გერმანიაც, ევროპაც და დანარჩენი სამყაროც ტურბულენტურ ვითარებაში იმყოფებოდა.

მისი მმართველობის პერიოდს დაემთხვა 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებები ვაშინგტონში, როდესაც თეთრი სახლის ადმინისტრაცია პირველად ჩაიბარა დონალდ ტრამპმა, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა, ასევე მიგრანტთა კრიზისი, კორონავირუსის პანდემია და რუსეთის მზარდი აგრესია მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთა შორის მოყვნენ ჯერ საქართველო, შემდეგ კი უკრაინა.

პოლიტიკური გავლენების ქონის პირობებში, მოსკოვისადმი ნაკლებად ხისტი დამოკიდებულების გამო, ანგელა მერკელი ბევრჯერ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში.

ოპონენტების აზრით, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა საკმარისად არ ან ვერ შეაფასა ვლადიმერ პუტინის გეოპოლიტიკური ამბიციები, რასაც შედეგად მოჰყვა უკრაინის 2014 წლის მოვლენები, ყირიმის ანექსია, 2022 წლიდან კი სრულმასშტაბიანი ომი კიევის წინააღმდეგ, რომელიც ახლა მთელ ევროპულ კონტინენტს უქმნის საფრთხეს.

კრიტიკის მიუხედავად, დღეს ხშირად იხსენებენ ანგელა მერკელის, ანუ გერმანელების უმეტესი ნაწილის მიერ „დედად“ წოდებული ლიდერის მიერ 2017 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ „ევროპელებმა თავიანთი ბედი თავიანთ ხელში უნდა აიღონ“.

წლების შემდეგ ეს იქცა იმის გააზრების შესაძლებლობად, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები ვეღარ იქნებოდა განხილული როგორც თავისთავად ცხადი და განვითარებადი.

დაკავშირებული ამბები
ფრიდრიხ მერცი აშშ-ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმებას ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს ანგელა მერკელი ევროკავშირისადმი განსაკუთრებული ღვაწლისთვის დაჯილდოვდა