ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა თეირანში გამართულ სამხედრო აღლუმზე მთიანი ყარაბაღის შესახებ ისაუბრა. ის ამბობს, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა და ამასთან მიმართებაში კითხვები არ არსებობს.
„ყარაბაღის რეგიონი აზერბაიჯანს ეკუთვნის. კითხვები ამის შესახებ არ არსებობს, თუმცა ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ სომეხი მოსახლეობის უფლებები უნდა იყოს დაცული”, – განაცხადა პრეზიდენტმა რაისმა.
მან კიდევ ერთხელ საჯაროდ გაახმოვანა თეირანის პოზიცია, რომ ირანი არ დაუშვებს საზღვრის ცვლილებას სომხეთთან. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირანი აზერბაიჯანს აფრთხილებს. საქმე ეხება ე.წ. ზანზეგურის დერეფანს, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანს სურვილი აქვს სახმელეთო გზით დაუკავშირდეს ნახიჩევანის ექსკლავს.