2 წლის წინ, 15 აგვისტოს ქაბული დაეცა და ავღანეთში თალიბანის მმართველობა დამყარდა. ამ ორმა წელმა ავღანელებისთვის ეკონომიკური ვარდნის, ბუნებრივი კატასტროფებისა და მოსახლეობის მასობრივი შიმშილის ფონზე გაიარა.
ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში არ გამოჩნდა რეალური წინააღმდეგობრივი ძალა, რომელიც თალიბანს ოპოზიციაში დაუდგებოდა, თუმცა ქვეყანაში ხშირია ტერაქტები, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ იღებს თავის თავზე, ამიტომ თალიბები მუდმივად ცდილობენ შიდა უსაფრთხოების გაძლიერებას.
ორშაბათს, 14 აგვისტოს ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინცია ხოსტში მდებარე სასტუმროში აფეთქება მოხდა. არიან დაღუპულები და დაჭრილები..
ისლამურ სახელმწიფოს ჯერჯერობით არ აუღია თავის თავზე ტერაქტი, თუმცა თალიბები მომხდარს იძიებენ. ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ავღანელი შეეწირა ტერაქტებს, მაგრამ თალიბები მაინც მიიჩნევენ, რომ საფრთხე დიდი არ არის.
ხოსტის პროვინციის საინფორმაციო და კულტურის დეპარტამენტის უფროსი, შაბირ აჰმად ოსმანი ამბობს: „აფეთქება იყო სასტუმროში… თუმცა უცნობია თუ რა სახის აფეთქება იყო ეს. სამი ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს“.
პირველი წელი თალიბანის იმედად დარჩენილი ავღანელებისთვის ყველაზე რთული იყო. გვალვა იყო, მოსავალი თითქმის არ მოვიდა და საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული ქვეყანა პროდუქტის გარეშეც დარჩა. უცხოური ვალუტა აკრძალეს, თუმცა ინფლაცია ამან ვერ გააჩერა. ყიდდნენ ყველაფერს. ორგანოებს, საკუთარ შვილებსაც… თალიბანის დაბრუნებიდან 2 წლის თავზე ავღანელი არასრულწლოვანი გოგოების უმეტესობა ცოლებადაა გაყიდული… მათ კი, ვისაც დაქორწინება თავად სურს, ავღანური ტრადიციებისამებრ მზითვის შეგროვება არ შეუძლია და ამიტომ, იყო პრეცედენტი როცა ათეულობით წყვილი იქ საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით დაქორწინდა.
ავღანეთში თალიბანი ხალხს სჯის სიყვარულისთვის… არაკანონიერ ურთიერთობაში მყოფ წყვილებს აპატიმრებს ან სიკვდილით სჯის. უკვე ორი წელია ქვეყანაში არ ისმის არანაირი მელოდია, რადგან თალიბანმა მუსიკაც აკრძალა. თუმცა, ამ სიჩუმით სავსე ტრაგიკულ ქვეყანაში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი მაინც ქალები არიან.
თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის პირველ პერიოდში ქალები ბედავდნენ, საპროტესტო აქციებს აწყობდნენ და ითხოვდნენ მათი უფლებების დაცვას. თუმცა ეს ხმა თანდათანობით დაიკარგა. ჯერ ბურკის გარეშე გარეთ გასვლა აუკრძალეს, შემდეგ პარკებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა, საბოლოოდ განათლების მიღებაც, შემდეგ ქალებს რესტორნებიდან ეზოებში გასვლაც აეკრძალათ, მაღაზიებში ქალ მანეკენებს, უსულო არსებებსაც კი დაუფარეს სახე, ბოლოს კი, ცოტა ხნის წინ ქალთა სილამაზის სალონების მუშაობაც აიკრძალა. ავღანეთი დღეს არის ადგილი, სადაც ყველაზე დიდი სასჯელია იყო ქალი.
ქალაქ ყანდახარში დღეს თალიბანის დროშებით ჯავშანტექნიკამ გაიარა და ხალხი ქაბულის დაცემიდან ორ წელს ზეიმობდა. იქ იყვნენ მარტო კაცები, რადგან თალიბანის ავღანეთში დღეს არ არის ქალების ადგილი…
სოფო მაქაცარია