მსოფლიო ამჟამად 2007-2008 წლების გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ყველაზე რთულ ფინანსურ მდგომარეობას აწყდება, რასაც, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკური ლიდერების „დაუყოვნებლივი რეაგირება“ სჭირდება, რისთვისაც მათ ფოკუსი მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხზე უნდა მიმართონ.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, არსებულმა ტურბულენტურმა მდგომარეობამ, რაც გამოწვეულია, ერთი მხრივ, ახლო აღმოსავლეთის ომით, ხოლო, მეორე მხრივ, უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრით, მეტად გაამძაფრა ის შოკი, რაც ევროპის ეკონომიკას თავს დაატყდა ჯერ კიდევ 6 წლის წინ, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის სახით.
„დიდი შვიდეულის“ წევრ ქვეყნებსა და პარტნიორი სახელმწიფოების - ბრაზილიის, სამხრეთ კორეის, ეგვიპტის, ინდოეთის, კენიის, ჩინეთის, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენციის ფარგლებში, ემანუელ მაკრონმა განიხილა ის გზები, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ევროპის ეკონომიკურ ზრდას, ისე წაადგება დანარჩენი მსოფლიოს ფინანსურ სექტორს.
„გლობალური დისბალანსი ნარჩუნდება და ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გამძაფრდა, რაც საფრთხეს უქმნის ეკონომიკურ ზრდასა და ფინანსურ სტაბილურობას. ნაირობიში აფრიკული ქვეყნების მოწოდება მოქმედებებისკენ, ამ მხრივ ძალიან მკაფიო იყო.
მეორე მხრივ, გლობალური დისბალანსის აღმოფხვრა - ეს არის საერთო პასუხისმგებლობა როგორც დადებითი სალდოს მქონე ეკონომიკისთვის, ისე დეფიციტური მქონე ეკონომიკისთვის. ამ მიმართულებით უკიდურესად მნიშვნელოვანია შეთავსება, ერთობლივი კოორდინაცია და სწორი მიდგომის არსებობა ევროპას, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის.
მესამე - კოორდინაციას აქვს საკვანძო მნიშვნელობა. თუ არსებული დისბალანსი არ იქნება აღმოფხვრილი მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების ურთიერთშეთანხმებული მიდგომით, არსებობს მათი ქაოტური გავრცელების საფრთხე, რაც მიგვიყვანს მკვეთრ ეკონომიკურ და ფინანსურ ცვლილებებამდე.
ცალსახაა, რომ ამ განხილვებში მსოფლიო სავალუტო ფონდს ცენტრალური ადგილი უკავია, რომელიც წარმოადგენს პოლიტიკურ რეკომენდაციებს და კონკრეტულ ეტაპზე, თვალს ადევნებს პროგრესის მიმდინარეობას. მმართველობისა და მონიტორინგის სისტემას აქვს საკვანძო მნიშვნელობა, ამიტომ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ.
ევროპაში ვიცით, რომ ჩამოვრჩებით ინვესტიციებისა და წარმოების თვალსაზრისით და მოუთმენლად ველი ამ გადაუდებელი საკითხის ყველამხრივ განხილვას, რათა ჩვენი მაჩვენებლებით დავუახლოვდეთ არსებულ სტანდარტებს. ვფიქრობ, მთავარი საკითხი უკავშირდება იმას, რამდენად მზად ვართ კოლექტიურად დავაბალანსოთ ჩვენი ზრდის მოდელი და უზრუნველყოთ ჩვენი მოსახლეობის სტაბილურობა და კეთილდღეობა“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვალს დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაზე იქონია გავლენა, თუმცა არათანაბრად.
ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, სადაც ექსპერტებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების წინასწარი პროგნოზი გაცილებით განსხვავებული იყო.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ფინანსური სექტორისთვის მიყენებული დარტყმა საკმაოდ მძიმე კვალს დატოვებს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში, რადგან მსოფლიო ეკონომიკამ დროის მოკლე მონაკვეთში არაერთი შოკური მდგომარეობა გადაიტანა - დაწყებული გლობალური პანდემიით, გაგრძელებული უკრაინაში რუსეთის ომითა და დასრულებული მიმდინარე პროცესებით, როცა გლობალური მიწოდების ჯაჭვი, ფაქტობრივად, გაწყვეტილია.
