საბერძნეთის კუნძულ როდოსზე უკვე მეცხრე დღეა, ტყის ხანძრები მძვინვარებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღალი ტემპერატურაა, რაც ცეცხლის გავრცელებას უწყობს ხელს.
ზოგიერთ ადგილას ადგილობრივები მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში ეხმარებიან. მათ სურთ, თავიდან აირიდონ გასულ დღეებში განვითარებული სცენარი, რათა საფრთხე აღარ დაემუქროს მათ საცხოვრებელ სახლებსა და ქონებას.
ევროპის ქვეყნებიდან საბერძნეთში უკვე გაიგზავნა დახმარება. პოლონელი მეხანძრეები თვალყურს ადევნებენ უკვე ჩამქრალ კერებს, რომ ხელახლა არ გაჩნდეს ხანძარი. ოპერაციაში ჩართულია 149 მეხანძრე და 49 სახანძრო მანქანა. გუშინ კუნძულ ევიაზე ტრაგედია დატრიალდა. სახანძრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ბერძენი პილოტი დაიღუპა.
საგანგებო ჯგუფები ხანძრის კერებს უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან. საბერძნეთის ყველაზე დიდ კუნძულ კრეტაზე განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. მთავრობა მოსახლეობას ხანძრის მაღალი რისკის შესახებ აფრთხილებს.