კატეგორიები

საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა თანამდებობა დატოვა

საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა თანამდებობა დატოვა
არაერთი ბრალდების ფონზე, საბერძნეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კიმბერლი გილფოილმა თანამდებობა დატოვა.

„მიუხედავად იმისა, რომ ელჩის თანამდებობაზე ჩემი საქმიანობა შესაძლოა დასასრულს უახლოვდებოდეს, პრეზიდენტ ტრამპის, მოძრაობის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და ჩემი საყვარელი ქვეყნის მიმართ ჩემი ერთგულება არასოდეს დასრულდება“, – დაწერა მან სამშაბათს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში

მანამდე, იმავე დღეს, თეთრი სახლის ახალმა პრესმდივანმა, ქეითი ზაქარიამ განაცხადა, რომ გილფოილს თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვეს.

„ელჩ გილფოილს თანამდებობიდან გადადგომა ვთხოვეთ. ის ჩვენი გუნდისთვის ძალიან ღირებული წევრი იყო და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ“, – განაცხადა მან.

ამ გადაწყვეტილებას წინ გამოცემა The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიების სერია უძღოდა. სტატიებში გილფოილს არასათანადო ქცევაში სდებდნენ ბრალს. ბრალდებები მოიცავდა ბერძენი თანამდებობის პირის მიმართ მუქარას, შეუფერებელი საჩუქრებისა და მომსახურების მიღებას, და გარდა ამისა შეთავაზებას, რომ დიდი ოდენობის საკრედიტო დავალიანების დაფარვის სანაცვლოდ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში საკუთარ გავლენას გამოიყენებდა.

სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში გილფოილმა აღნიშნა, რომ სურდა ამ ბრალდებებსაც გამოხმაურებოდა.

„ეს ბრალდებები სიცრუეა და ვაპირებ, მტკიცედ დავიცვა ჩემი სახელი, რეპუტაცია და ღირსება. მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება სამართლიანობისთვის ბრძოლას, სწორი საქმის მხარდაჭერას და იმ ღირებულებების ერთგულებას მივუძღვენი, რომლებიც ამერიკას გამორჩეულ ქვეყნად აქცევს. არ დავუშვებ, რომ ჩემი მრავალწლიანი საჯარო საქმიანობა ცრუ ბრალდებებმა განსაზღვროს“, – დაწერა მან.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია გილფოილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს განიხილავდა და შექმნილი ვითარებით „უკმაყოფილო“ იყო.

„ბატონო პრეზიდენტო, კიმბერლი გილფოილი თითქმის თქვენი ოჯახის წევრი იყო. რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის ეს ბრალდებები?“ – ჰკითხეს დონალდ ტრამპს.

 „არა, ის ჩემი ოჯახის წევრი არ ყოფილა. როგორც მახსოვს, დიდი ხნის წინ ჩემს შვილს ხვდებოდა, მაგრამ ოჯახის წევრი არ იყო. ის საბერძნეთში წავიდა. თავის საქმეს კარგად ასრულებდა, მაგრამ ის, რასაც ვკითხულობდით, არ მოგვწონდა, ამიტომ...“, – განაცხადა მან პასუცად

მანამდე გილფოილმა მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს ადვოკატების მეშვეობით უპასუხა და ამერიკელი ბიზნესმენისა და დონალდ ტრამპის ყოფილი დონორის, ერიკ დეტერსის განცხადებები უარყო.

დეტერსის თანახმად, გილფოილმა სენატში მისი კანდიდატურის დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე სთხოვა, მისთვის 100 000 დოლარი გადაერიცხა საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანების დასაფარად.

რაც შეეხება საჩუქრების მიღებისა და კერძო თვითმფრინავებით მგზავრობის შესახებ ბრალდებებს: გილფოილის ადვოკატების განცხადებით, ელჩმა სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა და მითითებები მიიღო. მათი მტკიცებით, გილფოილმა ეთიკის ნორმები და საჩუქრების მიღებასთან დაკავშირებული წესები სრულად დაიცვა.

დაკავშირებული ამბები
საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა თანამდებობა დატოვა 2027 წლიდან ქვეყანაში 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომა აეკრძალებათ