კატეგორიები

2027 წლიდან ქვეყანაში 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომა აეკრძალებათ

2027 წლიდან ქვეყანაში 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომა აეკრძალებათ
Copyright AP

საბერძნეთი გეგმავს, 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკრძალოს სოციალურ ქსელებზე წვდომა. ის ნერგავს ახალ საკანონმდებლო ბაზას, რომელიც, სავარაუდოდ, 2027 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდება.

რეგულაციები ვრცელდება ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა Instagram-ი, TikTok-ი და Facebook-ი,  პლატფორმებს კი მოეთხოვებათ ასაკის დადასტურების ადეკვატური, პროპორციული და სანდო მეთოდების დანერგვა.

ამით წვდომის ეფექტიანი კონტროლის პასუხისმგებლობა თავად კომპანიებს დაეკისრებათ; მათ უნდა უზრუნველყონ, რომ ასაკობრივი შეზღუდვა პრაქტიკაშიც აღსრულდეს და მხოლოდ ფორმალურ აკრძალვად არ დარჩეს.

„ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სოციალური ქსელების ნებისმიერ მომხმარებელს, იქნება ეს არასრულწლოვანი თუ ზრდასრული — დამოკიდებულების ჩამოყალიბების საფრთხე ემუქრება. ჩვენ ამას არ ვამბობთ და არც მეცნიერული მონაცემები მიუთითებს ამაზე. თუმცა, სამეცნიერო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ყოველი ოთხი ან ხუთი ბავშვიდან ერთს ემუქრება საფრთხე, შეეჯახოს მავნე მასალას, კიბერბულინგს ან ჩამოუყალიბდეს სოციალური ქსელებისადმი გადაჭარბებული მიჯაჭვულობა, რაც შეუსაბამოა როგორც მათი ასაკისთვის, ისე იმ დროისთვის, რომელიც ბავშვმა ამ პლატფორმებზე უნდა გაატაროს.“ - განაცხადა საბერძნეთის სახელმწიფო მინისტრმა, აკის სკერცოსმა.

საბერძნეთში ამ ზომის განხორციელებაში გადამწყვეტ როლს, სავარაუდოდ, ციფრული მმართველობის სამინისტროს აპლიკაციები, შეასრულებს, რომლებიც ასაკის დადასტურების მექანიზმებად გამოდგება. მიუხედავად ამისა, ვინაიდან შემოთავაზებული კანონმდებლობა ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპს ეფუძნება, კომპანიებს შეეძლებათ, აირჩიონ სხვადასხვა ტექნიკური გადაწყვეტა იმ პირობით, რომ ისინი ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ მშობლებმაც.

„როდესაც რომელიმე ამ სამი პლატფორმიდან ასაკის დადასტურებას მოითხოვს, ჩვენ, როგორც მშობლები, იქ უნდა ვიყოთ და შევასრულოთ ის ვალდებულება, რომელიც მშობლებს გვაქვს, ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, რომელიც ჩვენ, როგორც მშობლებს, გვაკისრია.“ - განაცხადა საბერძნეთის ციფრული მმართველობის მინისტრმა, დიმიტრის პაპასტერგიუმ.

„მიმაჩნია, რომ მთავრობის მიერ ინიციატივის გამოჩენა და შესაბამისი კანონმდებლობის დანერგვა მშობლებსაც დიდ დახმარებას უწევს. საქმე ისაა, რომ როდესაც მშობლებს სახლის პირობებში უწევთ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება, მაგალითად, მაშინ, როცა ბავშვებს მობილურ ტელეფონებსა და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება უყალიბდებათ და ამ ჩვევისგან გათავისუფლება უჭირთ, ეს შესაძლოა ოჯახში დაძაბულობისა და ურთიერთობის გართულების მიზეზად იქცეს.“ - განაცხადა საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ადონის გეორგიადისმა.

იმ პლატფორმების ჩამონათვალი, რომლებსაც აკრძალვა შეეხება, არ არის ფიქსირებული და შესაძლოა შეიცვალოს. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირი მიიღებს, რომელიც ამჟამად ანალოგიურ გეგმაზე მუშაობს.

დაკავშირებული ამბები
2027 წლიდან ქვეყანაში 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომა აეკრძალებათ ჰერმოპოლისში ყოველწლიური საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი Animasyros გაიმართა