კატარელებს ძალიან უყვართ კითხვა. ამ ქვეყანაში წიგნებისა და ცოდნის ზღვა დაცულია უამრავ ბიბილიოთეკასა თუ წიგნის მაღაზიაში. ქვეყანაში ჩნდება ახალი ისეთი ინიციატივებიც, რომლებიც ყველა ასაკის ადამიანს გაუჩენს კითხვის სურვილს.
კატარის 2030 წლის ეროვნული ხედვის ერთ-ერთი მთავარი მიზანია კითხვა და განათლება. ქვეყნის ისტორიის ეს თავი უკვე იწერება და ვინ დაწერს მას მომავალი თაობაზე უკეთ. ამ მიზნის მიღწევას ხელს უწყობს ეროვნული კამპანია „კატარი კითხულობს“. მისი მიზანია, თითოეული ბავშვი ცხოვრების ყოველი ეტაპისთვის წიგნების საშუალებით მოამზადოს.
„ოჯახური კითხვის პროგრამაში ინიციატივა „კატარი კითხულობს“ წამყვანი ხაზია,“ – ამბობს ნადა ბაჰზადი, პროგრამის “კატარი კითხულობს“ განვითარების ხელმძღვანელი. „ამ პროგრამას ათას ასი ბავშვი იწერს. მისი მთავრი მიზანი იყო ბავშვებში კითხვის წახალისება, ასევე ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაფერისი წიგნების შერჩევა. მართლაც ყოველ თვეში სულ სხვადასხვა თემას ურჩევენ ბავშვებს. ეს წიგნები ბავშვებთან სახლში მიგვაქვს, ყოველ თვე ორი წიგნი – ინგლისური, არაბული, ან ორენოვანი. ბავშვებს ასევე ვურიგებთ პრაქტიკული სამუშაოსთვის ფურცლებს და კომიქსებს ყოველ თვეში რომელიმე ერთ თემაზე“.
ეს პროგრამა შედარებით ახალია, მაგრამ უკვე შესამჩნევია მისი გრძელვადიანი დადებითი შედეგები.
„როგორც ვნახეთ, ძალიან გაიზარდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც კითხვა მოსწონთ. ეს ყოველდღიურ ჩვევად იქცა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ კითხვა ოჯახურ საქმედ იქცა – მშობლები და ბავშვების და-ძმა, – ყველა ჩართულია კითხვაში. როგორც ხედავთ, პროგრამაში მხოლოდ ბავშვები კი არ არიან ჩართული, არამედ მთელი საზოგადოება და ჩვენ ვასწავლით, თუ რატომ არის კითხვა მომავალი კეთილდღეობის გასაღები,“ – განმარტავს ნადა ბაჰზადი.
წიგნის კლუბები
წიგნის გამოწერის მოყვარულთაგან წიგნის კლუბებში გადავინაცვლოთ. ეს ერთთვიანი ინიციატივა საზოგადოებამ მოუცლელ ზრდასრულებში კითხვის წასახალისებლად წამოიწყო. მისი ავტორები თავის კლუბს „კითხვის დედოფლებს“ უწოდებენ. მისმა დამფუძნებელმა ტრეისი ჯორჯმა თავდაპირველად ჯგუფი იმიტომ შექმნა, რომ ახალ ქალაქში ცხოვრება გაადვილებოდა.
ტრეისი ჯორჯი, კლუბ „კითხვის დედოფლების“ დამფუძნებელი:
„როდესაც დოჰაში ჩამოვედი, გავიკითხე, სად იყო უახლოესი წიგნის კლუბი და ვერავინ გაიგო, რას ვეძებდი. ეს რა არისო – იკითხეს. და გადავწყვიტე, რომ თავად შემექმნა. ეს საკითხი ქალების ფორუმზე გავიტანეთ და ვიკითხე, თუ სურდათ კლუბის დაარსება. პასუხად ყოველი მხრიდან გაისმა დიახ, დიახ, დიახ, დიახ. ჰოდა გავაკეთოთ-მეთქი”.
წიგნის მოყვარული ქალბატონები თვეში ერთხელ იკრიბებიან, რათა ერთმანეთს გაუზიარონ აზრი იმ წიგნის შესახებ, რომელიც ერთხმად შეარჩიეს წასაკითხად.
წიგნის კლუბები სულ უფრო პოპულარული ხდება კატარში. წიგნის ჭიები შეხვედრის ადგილად დოჰაში მდებარე ერთ-ერთ კაფეს ირჩევენ.
წიგნების მრავალფეროვანი არჩევანის წყალობით კლუბის წევრები სულ უფრო აფართოებენ რეპერტუარს და ისეთ ადგილებში მოგზაურობენ, რომლებიც რეალობაში მიუწვდომელია.
„დღესდღეობით ხალხი უფრო სოციალური მედიას კითხულობს, ვიდრე – წიგნებს,“ – ამბობს ქრისტინე ლეანგი, საზოგადოება „კითხვის დედოფლების“ წევრი. „ჩვენ კი წიგნის კითხვა გვიყვარს და, ჩემი აზრით, ჩვენნაირებმა უნდა წაახალისონ სხვებიც, რომ იკითხონ. როდესაც ავტორის სამყაროში შედიხარ, შეგიძლია, თავად განსაჯო წაკითხული და იაზროვნო. კითხვა სამყაროს შეცნობის საოცარი და აქტიური საშუალებაა“.
კატარელი ინგლისურენოვანი მწერალი ქალი
წიგნის კლუბის შემდეგ შეხვედრაზე შესაძალოა მწერალი ქუმამ ალ-მაადეედის ნაწერები განიხილონ. იგი პირველი კატარელი ინგლისურენოვანი ქალი მწერალია, რომელიც ფანტასტიკის ჟანრში წერს. „ევრონიუსთან“ საუბარში ქუმამმა განმარტა, რომ საკუთარი შემოქმედება ეხმარება, რომ პირადი პრობლემები დაძლიოს. იგი ღიად საუბრობს, რომ დეპრესიას ებრძვის. მისი პირველი წიგნი „დაკარგული ვარდი“ სწორედ ამ პრობლემას განიხილავს. მაგრამ საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა ავტორმ ამ რთულ მდგომარეობაზე საუბარი?
„იმიტომ, რომ სათქმელი არ მასვენებდა, წერა დიდი შვება იყო,“ – ამბობს ქუმამ ალ-მაადეედი. „მაგრამ მერე…ძალიან მეშინოდა გამოქვეყნების, რადგან ხალხი მიხვდებოდა, თუ რა ხდებოდა ჩემს თავს. ბოლოს მაინც გადავწყვიტე დაბეჭდვა, რადგან ჩავთვალე, რომ ეს უნდა გამეტანა გარეთ და დავხმარებოდი სხვებს. მე ძალიან მიშველა, იმის გაცნობიერებამ, რომ დეპრესია მტანჯავდა – ჩემი ცხოვრება სრულად შეიცვალა. უკვე ვიცოდი, რომ რაღაც არ იყო რიგზე და ვიცოდი, როგორ მეშველა ამისთვის. ცოდნა ძალაა, ამიტომ მსურდა, ეს ძალა სხვებისთვისაც მიმეცა.“
ქუმამი განმარტავს, რომ მისი ჯადოსნური სიტყვები აძლევს ძალას, რომ საკუთარ დემონებს დაუპირისპირდეს.
„ მაგალითად, თუ დეპრესია გაქვს და მას წარმოიდგენ როგორც რაღაც არსებას, მაგალითად, ჩათვლი, რომ კატაა და ესაუბრები, ამ გზით დეპრესიას უფრო ადამიანურ იერს აძლევ და უფრო იოლად უმკლავდები. ადამიანს, როგორც წესი, შეუცნობი აშინებს. მე ამას წიგნების კითხვით გავუმკლავდი, განსაკუთრებით ისეთი წიგნების, როგორიცაა „ჰარი პოტერი“, „ბეჭდების მბრძანებელი“ და მათი მსგავსი. მივხვდი, რომ ეს მეთოდი კარგად ჭრის, ამიტომ ვიფიქრე, რატომ არ უნდა შევთავაზო სხვებს ჩემი ამბავი, როგორც ერთი ასეთი იარაღი? ერთ-ერთი, რაც ყველაზე მეტად გამეხარდა როგორც მწერალს ის არის, რომ ჩემი მკითხველი მოზარდი გოგონა მოვიდა და მითხრა – შენ დამეხმარე დეპრესის დაძლევაშიო. და მაშინ ვთქვი, ჩემი მიზანიც სწორედ ეს იყო-მეთქი,“ – ამბობს ქუმამი. იგი ირწმუნება, რომ წერამ მისაც გამბედაობა, უკეთესი გამოსავალი ეპოვა. მაგრამ საინტერესოა რას ფიქრობს იმაზე, თუ როგორ უნდა მოაგვარონ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები უკეთ კატარში?
„ჩემი აზრით, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი 2008-2009 წლებში. რაც მეტი იცი, თავს უკეთ გრძნობ. მაგალითად, თუ გრიპი გაქვს ან სხვა ვირუსი და არ იცი, ზუსტად ეს კოვიდია თუ უბრალოდ სეზონური ვირუსია, მაშინ ვერ მიხვდები, რომელი მედიკამენტი გჭირდება. იგივეა ფსიქიკური ჯანმრთელობის შემთხვევაშიც. რაც უფრო ნორმალურად მივუდგებით ამ საკითხს, ვიტყვით, რომ ეგ არაფერი, ეს ყველას გვჭირს, მით უკეთეს დახმარებას მივიღებთ,“ – ასე ფიქრობს კატარელი მწერალი ქალი. „ისე მეშინოდა. ჩემი პირველი რომანის გამოქვეყნებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, ვფიქრობდი, ვაითუ ხალხს არ მოეწონოს, რომ ფანტასტიკას ვთავაზობ-მეთქი, რაღაც შუასაუკუნეების ევროპის სტილში. თანაც მე ხომ ინგლისურ ენაზე ვწერ. დოჰისთვი სრულიად ახალ ჟანრში ვმუშაობ. ამიტომ ვშიშობდი, რომ გამკიცხავდნენ. მაგრამ როგორც კი წიგნი გამოვიდა, ჩემი მკითხველების უმეტესობამ, რომელიც ძირითადად მოზარდები და ოციდან 30-წლამდე ახალგაზრდები არიან, ძალიან კარგად მიიღო. და მე ისეთი ბედნიერი ვიყავი. ზოგიერთმა მითხრა, რომ გზა გავუკვალე, რათა თავადაც დაიწყონ წერა ამ ჟანრში. მკითხველს მოსწონს ასეთი წიგნები.“
მომავალ ავტორებს ქუმამი ურჩევს, რომ წინასწარ ნუ იფიქრებენ წარმატებაზე:
„ ნუ იფიქრებთ, რომ, აი, ბესტსელერის ავტორი გავხდები ან შემდეგი ჯოან როულინგი ვიქნები. უბრალოდ საკუთარ სათქმელს არ უღალატოთ. დაჯექი და დაიწყე წერა, მერე ყველაფერი თავისთავად მოხდება.“
„გამომცემლობა როზა“
თუმცა ერთია წიგნის წერა და მეორე – მისი გამოცემა. 2013 წელს დოქტორი აიშა ჯასიმ ალ-კუვარი საკუთარი წიგნის გამოსაცემად გამომცემლობას ეძებდა კატარში. ახლა, ათი წლის შემდეგ, თავად არის გამომცემელი, რომელიც ადგილობრივ ავტორებს ეხმარება.
დოქტორი აიშა ჯასიმ ალ-კუვარი, Roza Publishing House-ის დამფუძნებელი:
„ჩვენ ამ წიგნებს საკუთარი საზოგადოებისთვის ვბეჭდავთ. მთავარია, რომ საქმე არ შეჩერდეს და გვქონდეს საკმარისი მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქმე გავაგრძელოთ და მიზნებს მივაღწიოთ.“
ქვეყნის პირველ კერძო გამომცემლობაში იმედი აქვთ, რომ აქაურ კულტურულ ცხოვრებას გაამდიდრებენ – რომ მხარში დაუდგებიან ადგილობრივ მწერლებს, გამოსცემენ მრავალფეროვანი ჟანრის არაბულ წიგნებს, კატარელ საზოგადოებას კი კითხვის მნიშვნელობას აჩვენებენ.
ალ-კუვარიმ „გამომცემლობა როზა“ 2017 წელს გახსნა, რის შემდეგაც იგი გახდა პირველი კატარელი ქალი გამომცემელი. იგი სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას.
დოქტორი აიშა ჯასიმ ალ-კუვარი:
-„გამომცემლობა როზას” ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული სულის სახელით ჩავუყარე საფუძველი. ასე დავიწყე როგორც არაბული, ისე მსოფლიო ბიბლიოთეკის გამდიდრება არაბული ლიტერატურით. საგამომცემლო სფერო და წიგნების გამოცემა ძალიან რთული საქმეა, მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებთ საქმიანობას. ჩვენი მიზანია, მსოფლიომ წაიკითხოს ის, რაც კატარში იწერება.“
წიგნის ფერიები
ამასობაში კაფე „მოკაში“ (დოჰის მარგალიტის უბანში), წიგნის მოყვარულებმა საკუთარი ე.წ. უფასო წიგნის ინიციატივა წამოიწყეს, რათა კატარელებმა მეტი იკითხონ.
ჯინ ბაიაბორდა, „კატარის წიგნის ფერიების“ დამფუძნებელი:
„ჩვენ ცოტა ჯადოსნურ ელფერს ვანიჭებთ ამ საქმეს. გვაქვს აი ასეთი სანიშნე, რომელსაც ვაკრავთ წიგნს მას შემდეგ, რაც წავიკითხავთ. სანიშნეზე წერია – „აიღე ეს წიგნი, წაიკითხე და დაუტოვე სხვას, რათა მანაც ისიამოვნოს.“ მერე ზონრით ვკრავთ ასეთ უფასო წიგნს, რომლის სანიშნეზეც აღნიშნულია, რომ უფასოა და ვტოვებთ სადმე საჯარო სივრცეში.“
„წიგნის ფერიების“ ინიციატივა გაერთიანებულ სამეფოში დაიწყო. ჯინ ბაიაბორდამ ეს იდეა კატარში 2017 წელს ჩამოიტანა და…შემდეგ შესთავაზეს, რომ კატარის ოფიციალური წიგნის ფერია თავად გამხდარიყო. ახლა უკვე 17 ათასი წიგნის ფერიაა 100-ზე მეტ ქვეყანაში.
ჯინ ბაიაბორდა:
„გული სიხარულით მევსება, როდესაც ამბობენ „ოჰ ეს წიგნი მიყვარს და იმედი მაქვს, შენც მოგეწონება“. აი, ასეთი უბრალო რამე მახარებს. ამიტომ, დიახ, ეს ინიციატივა ხალხის დაკავშირებას და ერთმანეთისთვის საკუთარი გატაცების გაზიარებას ემსახურება.“
ჯინი ამბობს, რომ ახლა დოჰაში 20 წიგნის ფერია საქმიანობს – რომლებმაც ქალაქში უკვე 500 წიგნზე მეტი გაავრცელეს.
„დოჰაში წიგნების გავრცელება მართლა კარგი აზრია. მართალია არ იცი, ვინ მოგცა წიგნი, მაგრამ წაკითხვის შემდეგ თავად დატოვებ მას სადმე, რომ სხვამაც წაიკითხოს,“ – განმარტავს კიდევ ერთი წიგნის ფერია ჯენი პორჩი.
ერთი ადამიანის მიერ ნაყიდი წიგნის ანონიმურად გადაცემა ხელიდან ხელში ძალიან მოსწონთ წიგნის ფერიებს და ამიტომაც ხალისით უთმობენ თავისუფალ დროს წიგნის კითხვის სიხარულის გავრცელებას.
„როდესაც მივდივარ კაფეში და ვიღებ უფასო წიგნს, ეს სიურპრიზივითაა: რა კარგია, წიგნი მაჩუქეს! შემიძლია წავიკითხო და რაღაც ახალი გავიგო,“ – ამბობს პერლა რემა ბოტე, წიგნის ფერია.
„გამომცემლობა როზას“ დამფუძნებელი ალ-კუვარი ამბობს, რომ 200-ზე მეტი არაბული წიგნი გამოსცა… და იმედი აქვს, რომ კიდევ უფრო მეტ ადგილობრივს ააღებინებს ხელში კალამს.
„როდესაც წიგნს ვბეჭდავთ, ჩვენ ადამიანის გონებაში ვდებთ ინვესტიციას, ასე ვქმნით თაობას. ჩვენ შინაარსიან კულტურულ მემკვიდრეობას ვუტოვებთ მომავალ თაობას,“- ამბობს Roza Publishing House-ის დამფუძნებელი დოქტორი აიშა ჯასიმ ალ-კუვარი.
ავტორი: „ევრონიუსი“