წყალი კატარის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი აქტივია, რომელიც განსაზღვრავს ამ ქვეყნის იდენტობას და იზიდავს ტურისტებს. წყალთან არის დაკავშირებული როგორც გართობა და დასვენება, ისე გარემოს დაცვა და გემთმშენებლობის ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც საუკუნეებს უძლებს.
წყალი კატარის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, იქნება ეს ზღვისპირას განცხრომა თუ ქვეყნის ზღვაოსნობის ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს კატარის ყოფაში.
უამრავი თავბრუდამხვევი სასრიალო და წყლის სხვა გასართობი დაგხვდებათ მერიალის აკვაპარკში (Meryal Waterpark) თუმცა ეს კიდევ ერთი რიგითი აკვაპარკი არ გეგონოთ. ამ პარკში პატივს სცემენ როგორც კატარის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიის ისტორიას, ისე ზღვის სიყვარულს.
ბილ ლენცი, Meryal Waterpark-ის გენერალური მენეჯერი:
„მთავრობას სურდა, რომ მერიალის პარკი ყოფილიყო როგორც ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიის წარმოჩენის შესაძლებლობა. და, მართლაც, ისე გაკეთდა, რომ ეს თემა არის წამყვანი. მე უამრავი ასეთი აკვაპარკის, მათ შორის თემატური აკვაპარკების შექმნაში მიმიღია მონაწილეობა. და ეს არის ერთ-ერთი ისეთი თემატური პარკი, რომელშიც კარგად ჩანს ძირითადი თემა. ეს საოცარი პარკია“.
აქ სივრცის პრობლემა საერთოდ არ არის. მერიალის პარკი ქეთაიფანის კუნძულის ჩრდილოეთით, 160 ათას კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. როდესაც ამ პარკში დასეირნობ, რაღაცნაირი „ჟანგიანი“ განცდა გეუფლება, და პარკის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ სწორედ ეს არის ჩანაფიქრი.
„თუ ნავთობის მოპოვების ადგილს ნახავ, იქ მუდმივად ბეტონს ასხამენ, გაშრობასაც არ აცლიან,” – განმარტავს Meryal Waterpark-ის გენერალური მენეჯერი. „ამიტომ ირგვლივ ყველგან საბურავებისა და ფეხის ნაკვალევი ამჩნევია. თუ პარკში გაივლი, სწორედ იმავეს აღმოაჩენ ყველგან. ასევე ნახავ მთლად დაჟანგებულ ინფრასტრუქტურას. ამ ახალთახალი ჭაბურღილის კოშკურებს განზრახ დაამატეს ჟანგი. მე უამრავი ძველი ატრაქციონის მართვა მებარა და ყოველთვის ვცდილობდი, ჟანგი არაფერს მოსდებოდა, აქ კი ყველგან ჟანგია. მაგრამ სწორედ ეს უსვამს ხაზს წამყვან თემას“.
ნავთობისა და ბუნებრივი აირის თემა მთელ პარკს გასდევს. პარკში სულ 69 ატრაქციონია, მაგრამ ყველაზე მაღალია „ნავთობის პლატფორმა 1938“ – ეს სახელი მას კატარის პირველი ნავთობის პლატფორმის პატივსაცემად უწოდეს.
მერიალის აკვაპარკში 53 სასრიალოა. მათ შორისაა 85 მეტრის სიმაღლის წყლის სასრიალო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალია.
„ამ სასრიალოს „პლატფორმა 1938-ს“ ვუწოდებთ,“ – გვიხსნის მაჯდა ბენმუმენი, Meryal Waterpark-ის მასპინძლობის მენეჯერი. „სწორედ ამ წელს აღმოაჩინეს კატარში ნავთობი. ასე რომ, ეს ერთგვარი ისტორიული ექსკურსია იმ ხალხისთვის, რომელიც კატარს არ იცნობს“.
აკვაპარკში საჭყუმპალაოდ და გასართობად მოდიხარ, უკან კი ისტორიას ნაზიარები ბრუნდები. აქ ყოველი კვადრატული მეტრი ისე გონივრულად არის დაგეგმილი, რომ სრულყოფილად წარმოაჩენს კატარის ეკონომიკური ზრდის საძირკველს.
მერიალაის აკვაპარკის მასპინძლობის მენეჯერი ამბობს, რომ პარკის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ფულის გადახდის სისტემაა.
მაჯდა ბენმუმენი, Meryal Waterpark-ის მასპინძლობის მენეჯერი:
„ჩვენ უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა გვაქვს. შემოსულ სტუმარს სპეციალურ სამაჯურს ვაძლევთ, რომლის ანგარიშზეც ფული დევს. და აკვაპარკში ყოფნის დროს ყველგან მას გამოიყენებენ, რადგან იქ მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორება ხდება“.
„აქ მოდიან როგორც მცირეწლოვანი ბავშვები, ისე მოზარდები, ბავშვებს დიდებთან ერთადაც შეუძლიათ ისრიალონ,“ – ამბობს ბილ ლენცი, Meryal Waterpark-ის გენერალური მენეჯერი. „სწორედ აქ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი წყლის აუზი და წყლის ყველაზე ძვირი სასრიალო. მისი ფასი 10 მილიონი დოლარია, თუკი ყიდვას მოინდომებ. ასე რომ, მართლა მაგარი ატრაქციონია“.
ბილ ლენცი ე.წ. „სწრაფ გადამამუშავებელ“ სასრიალოს გულისხმობს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში წყლის პირველი ჰიბრიდული ატრაქციონია – ნაწილობრივ წყლის სასრიალოა და ნაწილობრივ ბორანი, რომლის ფრთებიც დამაგრებული კი არ არის, არამედ ბზრიალებს. ბილი ლენცი დარწმუნებულია, რომ როდესაც ეს აკვაპარკი საოჯახო გასართობის სახელს დაიმკვიდრებს, ის მხოლოდ ქეთაიფანის კუნძულზე კი არ მოიზიდავს მნახველს, არამედ ქვეყანაში ტურისტების ნაკადის ზრდასაც შეუწყობს ხელს.
ბილ ლენცი, Meryal Waterpark-ის გენერალური მენეჯერი:
„ეს პარკი თავისთავად იქნება ტურისტული მიმართულება. უამრავი ოჯახი, რომლებიც დოჰაში ან მსოფლიოს სხვა ადგილებში მოგზაურობენ, შემოივლის აქ, რათა ერთი-ორი დღე გაატარონ და გაერთონ. დარწმუნებული ვარ, ეს ქვეყანაში ტურიზმის მთელ სექტორს შეუწყობს ხელს. ეს ნამდვილად იქნება რაღაც უჩვეულო“.
ვეშაპისებრი ზვიგენი, დიუგონი, მანგროს ტყეები და მარჯანი. ეს იმ ფლორისა და ფაუნის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელსაც კატარის ზღვის ნაკრძალში იცავენ. ამ საქმეს კი სათავეში ჯასიმ ლარი უდგას, რომელიც ხელმძღვანელობს ზღვის ველური ბუნების დეპარტამენტს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროში.
ჯასიმ ლარი:
„კატარისთვის ბიომრავალფეროვნება, მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს სიცოცხლის ყველა ფორმას, ფლორისა და ფაუნის როგორც მიკრო, ისე მაკრო ორგანიზმს. ჩვენთან არის გარკვეული სახეობები, რომლებიც ფიზიკურ სტრუქტურას ქმნიან. მათ ბუნებრივ გარემოს, იმავე ეკოსისტემას ვუწოდებთ. მასთან დაკავშირებული ბიოტა კლიმატის ცვლილებას ებრძვის“.
კატარის ზღვაში მრავლადაა ფლორისა და ფაუნის ისეთი სახეობა, რომელთა დასაცავადაც მთავრობამ სხვადასხვა ინიციატივა წამოიწყო. ჯასიმ ლარი განმარტავს, თუ რატომ აქვთ ცხოველებს ასეთი დიდი მნიშვნელობა კატარისთვის:
„კატარი სუბტროპიკული რეგიონია, ამიტომ ძალიან მდიდარია ფლორითა და ფაუნის სახეობებით, მაგრამ მათი რაოდენობა ზოგჯერ არც ისე ბევრია. თუმცა არიან გამონაკლისებიც, როგორიცაა ვეშაპისებრი ზვიგენი. ეს სახეობა კატარის ჩრდილო-აღმოსავლეთით გვხვდება და მათი რიცხვი 600-ს აღწევს, რაც ყველაზე მეტია მთელ მსოფლიოში. მაგალითად, ზღვის კუ ბისა (იგივე კარეტა) იმდენად მნიშვნელოვანია გარემოსა და ბიომრავალფეროვნებისთვის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 2003 წელს ანუ 20 წელზე დიდი ხნის წინ დავიწყეთ საუბარი პროექტზე, რომლის ფარგლებშიც ძალიან დიდი კონსერვაციული სამუშაოები ტარდება კუ ბისას დასაცავად, რადგან ისინი გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობებს მიეკუთვნებიან“.
მაგრამ ბოლო წლების კვლევებმა ჯასიმი ყველაზე მეტად კატარის ზღვის ფლორისა და ფაუნის სახეობათა სიმრავლემ გააოცა:
„იცით, გავრცელებულია გარკვეული მცდარი აზრი, რომ უდაბნოს მწირი გარემო ბიომრავალფეროვნებას ვერ ინარჩუნებს. შესაძლოა, ასეც იყოს, მრავალფეროვნება არ არის ისეთი უხვი, როგორიც, მაგალითად, ტროპიკებში. მაგრამ მე გამაოცა კატარის ზღვის ეკოსისტემისთვის დამახასიათებელ სახეობათა სიმდიდრემ. ჩვენთან შეხვდებით სხვადასხვა ოჯახის მარჯანს, განსხვავებული სახეობის წყალმცენარეებს, 20-ზე მეტი სახეობის ზღვის ფრინველს, ხრტილიანი თევზის 60-ზე მეტ სახეობას, ზვიგენის 33 ტიპს, რიცხვებს მიაქციეთ ყურადღება. ნამდვილად გაოცებული დავრჩი, თურმე რა მდიდარი ყოფილა კატარი სახეობებით“.
560 კილომეტრზე გრძელი სანაპირო ზოლისა და მშვიდი, ფირუზისფერი ზღვის წყალობით კატარს არაბეთის ნახევარკუნძულის მარგალიტს უწოდებდნენ. სწორედ ამ დიდებული ზღვის სანაპიროდან მიცურავდნენ დაუს იალქნიანი გემები საუკუნეების განმავლობაში. და თუმცა გემის დიზაინი სწრაფად იცვლება, კატარი ცდილობს, შეინარჩუნოს დაუს შენების ტრადიციული ხელობა. მე გადავწყვიტე, უფრო მეტი გამეგო ამ განსაკუთრებული გემების შესახებ, რომელთაც კატარის კულტურული და ეკონომიკური თვითმყოფადობა საუკუნეების განმავლობაში გამოძერწეს.
„თავიდან ჩვენი ზღვაოსნობის ისტორიის დაცვას ვამჯობინებდი, რადგან ზღვაოსნობის ძალიან დიდი მემკვიდრეობა გვაქვს“, – ამბობს აჰმედ ჯასიმ ალსაიეგი, Qatar Private Engineering Office-ის დაუს დიზაინერი.
აჰმედ ჯასიმ ალსაიეგს ყოველთვის ხიბლავდა დაუს გემები. მისი გატაცება ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ბიჭი ზღვის ნაპირთან ახლოს ცხოვრობდა და გემთმშენებლობის ოსტატებისა და მეზღვაურების წრეში ტრიალებდა. იგი თითქმის 30 წელია ქმნის დაუს გემების დიზაინს, გემებისა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.
აჰმედ ჯასიმ ალსაიეგი:
„ძველად დაუს გემს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კატარელებისთვის, რადგან სწორედ ამით შოულობდნენ ლუკმა-პურს. ის იყო მათი სარჩო-საბადებელი, რადგან ეს გემი სჭირდებოდათ როგორც თევზაობისთვის, ისე მარგალიტების საძებნელად, რადგან საშოვარზე გასულებს ერთი ადგილიდან მეორეზე უწევდათ გადასვლა“.
დღეს კატარის წყლებში ათეულობით ასეთი იალქნიანი გემი დაცურავს, რომელთაც ახალი სიცოცხლე შეიძინეს. მარგალიტების ძებნის ნაცვლად ახლა ისინი ტურიზმს ემსახურებიან. მართალია, ეს გემები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ სინამდვილეში მათ შორის ხუთი ტიპი გამოიყოფა, რომელთა შორის უმნიშვნელო განსხვავება არსებობს. აჰმედის სახელოსნო ამ გემის მინიატიურულ მოდელებსაც ამზადებს, რომელთაც საჩუქრებადაც იყენებენ და საგანმანათლებლო მიზნითაც.
ამ დაუ გემების მშენებელი ინჟინრები საუკუნოვან მეთოდს იყენებდნენ, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. თუმცა ახლა ამ გემის მშენებლობის დროს თანამედროვე ტექნიკაცაა ჩართული, რათა უკეთესი ნაწარმი დაამზადონ, მაგარმა დაუს შენებას შესაძლოა მაინც წლები დასჭირდეს. ეს საქმე საკმაოდ შრომატევადია, თანაც აქცენტი იმაზე კეთდება, რომ დაუს შენების ოსტატობა არ გაქრეს, მიუხედავად თანამედროვე პროგრესისა.
„ დღეს მუშები იყენებენ ელექტრობურღებსა და ელექტროხელსაწყოებს ნახვრეტების გასაბურღად. დიდი სატვირთო მანქანებით გადაგვაქვს მძიმე ხის მასალა“, – განმარტავს აჰმედ ჯასიმ ალსაიეგი.
ერთი განსაკუთრებული ტრადიციული ხერხი, რომელსაც აჰმედი დღემდე იყენებს, არის საშენი ხის მასალის არჩევა, რომლითაც გემის ფსკერს ამზადებს.
აჰმედ ჯასიმ ალსაიეგი:
„ხეს დრეკადობის მიხედვით ვარჩევთ, ხის ძარღვებს ვაკვირდებით ფესვებისკენ. ამის მიხედვით ვხვდებით, რამდენად მტკიცეა ხე“.
მტკიცე ფსკერი აუცილებელია, გამძლე გემი რომ აიგოს. აჰმედი ცდილობს, დაუს შენების ოსტატობის სიყვარულსაც ასეთივე მტკიცე საძირკველი ჩაუყაროს მომავალი თაობის გულშიც.
„ჩემი სურვილია, რომ პატარა სკოლა დავაარსო, რათა მომავალ თაობას გადავცე ეს ოსტატობა,“ – განმარტავს აჰმედ ჯასიმ ალსაიეგი. “ ჩემი მიზანია, რომ გემის შენების ცოდნა მტკიცე საფუძველს აძლევდეს მათ, ვისაც სურს თანამედროვე გემთმშენებლობა შეისწავლოს.“
აჰმედს იმედი აქვს, რომ მომავალშიც დაიცავს კულტურულ მემკვიდრეობას და ყველა ზომისა და ფორმის გემს შეინარჩუნებს, რამდენ ხანსაც შეძლებს:
„მეამაყება, როდესაც ვხედავ, როგორ ვაშენებთ გემსა და მერე როგორ შევაცურებთ ხოლმე ზღვაში, მეამაყება რომ გემის ძველ ფორმებს ვინარჩუნებთ. კიდევ უფრო მეამაყება ის, რომ შევძელით ამ მემკვიდრეობის შენახვა ამდენ ხანს“.
აშკარაა, რომ კატარი თავისი ზღვაოსნობის მდიდარი ისტორიით არ გაწყვეტს კავშირს მსოფლიოს წამყვან გემთმშენებლებთან. გარდა ამისა, მოიზიდავს სულ უფრო მეტ ტურისტს თავის სანაპირო წყლებში გასართობად.
ავტორი: ლაილა ჰუმაირა