საქართველოს რეგიონებში მესამე დღეა ინტენსიურად თოვს. დიდთოვლობამ განსაკუთრებული პრობლემები დასავლეთ საქართველოში, კერძოდ – იმერეთსა და აჭარაში შექმნა.
ქუთაისში შეფერხებულია ტრანსპორტით გადაადგილება. თოვლის ნადების გამო ჩახერგილია გზები, რომელთა გაწმენდაც მერიის ინფორმაციით ინტენსიურად მიმდინარეობს. ქუთაისის აეროპორტში მიმავალი ავტობუსის დაგვიანების გამო კი დღეს Wizz Air-ის ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა.
უცნობია როგორ დააკმაყოფილებს ავიაკომპანია საქართველოში დარჩენილ ათობით მგზავრს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში თოვა და ზოგადად უამინდობა, კვირის ბოლომდე გაგრძელდება. მოსახლეობას ავტომობილით გადაადგილებისას, სიფრთხილისკენ მოუწოდებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
“რიგ მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარმა მიაღწია 180 სანტიმეტრსაც კი. 24 საათის განმავლობაში მუშაობს ყველა ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური. წუხელ დაახლოებით 128 გზა გავწმინდეთ. ამ წუთში მიმდინარეობს 114 ლოკაციაზე გაწმენდითი სამუშაოები. 50 000-მდე აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და დღეის მდგომარეობით, ეს ციფრი 20 000 აბონენტამდე დავიყვანეთ. ყველგან დავამატებთ კიდევ ტექნიკას, რომ კიდევ უფრო ეფექტური სამუშაოები განვახორციელოთ”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ.
ალეკო გვეტაძე