მაშველები ერთკვირიანი უწყვეტი სამძებრო სამუშაოების გამო გადაღლილები არიან. ჯანმო თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელ სტიქიად აფასებს.
მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 41 000-ს აჭარბებს. მონაცემები ყოველდღიურად იცვლება.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საავადმყოფოში გადარჩენილები მოინახულა. მან პირობა დადო, რომ 10 დაზარალებულ რეგიონში დანგრეული სახლების ნაცვლად ერთი წლის განმავლობაში ახალი სახლები აშენდება.
ეს დაპირება ალბათ რთულად დასაჯერებელია იმ საგანგებო სამსახურების ჯგუფებისთვის, რომლებიც ადგილზე მუშაობენ და ნანგრევების გასუფთავებას ცდილობენ. ჰუმანიტარული ორგანიზაციები და სხვა ქვეყნების მთავრობები სულ უფრო მეტად ეხმარებიან დაზარალებულ რეგიონებს.
სირიაში კი ვითარება განსაკუთრებით მძიმეა. თითქმის 10-წლიანი სამოქალაქო ომისა და პოლიტიკური დაპირისპირების გამო ქვეყანაში დახმარების მიწოდება შეფერხებულია.
შეთანხმების შედეგად სამშაბათს ჰუმანიტარული დახმარების კოლონამ მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი სირიის ჩრდილო-დასავლეთში ჩააღწია.
გაერო ეცდება 397 მილიონი დოლარის შეგროვებას, რათა 3 თვის განმავლობაში 5 მილიონი სირიელისთვის უზრუნველყოს სასიცოცხლოდ აუცილებელი მარაგის მიწოდება და მათი დახმარება.