რასისტულ ნიადაგზე აშშ-ში უიარაღო ფერადკანიანი მამაკაცი ტაირი ნიკოლსი, პოლიციელის მიერ სასტიკად ცემის შემდეგ გარდაიცვალა.
ვიდეოკადრები მოძალადე პოლიციელის სამხრე კამერით არის გადაღებული. ამ საქმეში მონაწილე ყველა სამართალდამცველი სამსახურიდან გათავისუფლდნენ. უშუალო დამნაშავე კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
ნიკოლსის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა პოლიციელის თუ მოქალაქის კანის ფერს, ასეთი შემთხვევები უნდა აღიკვეთოს და აღარასდროს განმეორდეს.
„არ აქვს მნიშვნელობა ოფიცერი ფერადკანიანია თუ თეთრკანიანი, ესპანელი თუ მექსიკელი, დანაშაული მაინც ხდება ერთმანეთის წინააღმდეგ. ეს რაღაცანაირი კულტურაც კია უკვე. ისინი ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება და აკეთებენ. თუმცა ტაირის, კინენ ანდერსონის, ჯორჯ ფლოიდისა და სხვების სულების პატივსაცემად, ეს უნდა შეწყდეს“, – თქვა ტაირი ნიკოლსის ოჯახის წევრმა ბენ კრამპმა.
ადგილობრივი ფერადკანიანი სასულიერო პირები ამბობენ, რომ არ ხდება მკვლელობების პრევენცია. ხდება უკვე მომხდარ ფაქტზე შემდგომი რეაგირება. მათი აზრით, პოლიციის რეფორმა არასათანადოდ განხორციელდა.
„პოლიციაში ხშირია ასეთი ფაქტები, როდესაც ოფიცრები ფოკუსირდებიან პოტენციური მსხვერპლის ეთნიკურ წარმომავლებაზე და დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. ხალხი, ჩემი მრევლი ფიქრობს, რომ პოლიცია „ცისფერ სისხლიანია“. ეს საშიში დამოკიდებულებაა, ისევე როგორც ოფიცრების მიდგომა. ხალხს მათ მიმართ ნდობა დაკარგული აქვთ. ამბობენ, რომ არავინ იცის ვინ გახდება უმნიშვნელო მიზეზით მათი მორიგი მსხვერპლი. ეს წესრიგსაც ხელს უშლის უკვე. ხშირია დაპირისპირებები. ჩვენი რჩევა, რომ ისეთი მოქალაქეები გახდნენ პოლიციელები, რომლებიც არ იქნებიან მიდრეკილი კრიმინალური ქცევისკენ, მით უმეტეს მკვლელობისკენ. ამის ბერკეტები სახელმწიფოს აქვს. რეფორმის პირველი ტალღა არასაკმარისი იყო და ეს პროცესი მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს“,- განაცხადა მემფისის მისისიპის ბულვარის ქრისტიანული ეკლესიის უფროსი პასტორმა ჯეისონ ტერნერი.
რასისტული მოტივით, თეთრკანიანი პოლიციელების მხრიდან ფერადკანიან მოქალაქეებზე სასტიკი მოპყრობა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2020 წელს ქალაქ მინეაპოლისში პოლიციელის მხრიდან ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა მოხდა. სწორედ ამის გამო დაიწყო პოლიციაში მასშტაბური რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა სამართალდამცავ სტრუქტურებში პოტენციურად მოძალადე პოლიციელების გამოვლენას, მოსახლეობაში შიშის შემცირებას და ნდობის ამაღლებას საპოლიციო სისტემის მიმართ.