ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ევროპამ რუსეთ-უკრაინის ომის გამო შექმნილ ენერგეტიკულ კრიზისს თავი კარგად გაართვა. თუმცა ფატიჰ ბიროლი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ დისკუსიამდე ევრონიუსის ჟურნალისტთან ამბობს, რომ მომავალი წლის ზამთარი შესაძლოა კიდევ უფრო რთული აღმოჩნდეს, ამიტომ ქვეყნები უნდა ეცადონ გამოიყენონ მეტი ბირთვული ენერგია და აქტიურად განიხილონ გაზის მოწოდების ალტერნატიული გზები.
„ვფიქრობ, ევროპამ ლიდერობის კარგი მაგალითი აჩვენა. ევროპისთვის ეს ადვილი არ იყო, რადგან ათწლეულების განმავლობაში ის ძალიან იყო დამოკიდებული ერთი ქვეყნის ენერგიაზე. პრობლემა რამდენიმე თვეში არ მოგვარდება, მაგრამ ჩემი აზრით, კარგი ამინდის წყალობით, ევროპულმა ქვეყნებმა ამ ძალიან მძიმე ვითარებაში გამოცდა ძალიან კარგად ჩააბარეს. იმედი მაქვს, რომ ეს ძლიერი ევროპული პოზიცია, რომელიც ძალიან მოქნილია, გაგრძელდება წელსაც.
მომავალი წლის ზამთარი შეიძლება გაცილებით რთული იყოს შემდეგი მიზეზის გამო: აღარ იქნება რუსული გაზი და ჩინეთი დაბრუნდება, როგორც გაზის ძლიერი იმპორტიორი. მეტიც, 2024 წლის ზამთარი შეიძლება ტრადიციულად ცივი იყოს. ეს ნიშნავს, რომ მომავალი წლის ზამთარი შეიძლება უფრო რთული აღმოჩნდეს.
რაც ახლა უნდა გავაკეთოთ არის განახლებადი ენერგიის შემდგომი პოპულარიზაცია. ქვეყნები უნდა ეცადონ გამოიყენონ მეტი ბირთვული ენერგია, დაზოგონ ბუნებრივი აირის მოხმარება და აქტიურად განიხილონ გაზის მოპოვება ნორვეგიიდან, აშშ-დან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან“, – განაცხადა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა.