კატეგორიები

კვლევა: რუსეთი საქართველოში ნავთობპროდუქტების ნომერ პირველი იმპორტიორია

კვლევა: რუსეთი საქართველოში ნავთობპროდუქტების ნომერ პირველი იმპორტიორია

რუსეთი საქართველოში ნავთობპროდუქტების ნომერ პირველი იმპორტიორი გახდა, ნათქვამია კვლევაში, სახელწოდებით „რუსული კაპიტალი საქართველოში“, რომლის ავტორიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ცენტრია USAID-ისა და Zink Network-ის დახმარებით.

კვლევის პრეზენტაცია დღეს, 28 ნოემბერს გაიმართა. მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ 2022 წლის ივნისის მონაცემებით, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავი საქართველოს ბაზრის 64-65% შეადგენს.

ამასთან ერთად, კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2010-2022 წლებში საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა რუსულ კომპანია „ლუკოილთან“ საავტომობილო საწვავის მიწოდებაზე 3 ათასამდე ხელშეკრულება გააფორმეს და 200 მილიონი ლარის საწვავი შეიძინეს.

2022 წლის ივნისში საქართველოში რუსეთიდან შემოსული საწვავის საერთო რაოდენობამ 33% შეადგინა, რაც დაახლოებთ 198 ათასი ტონაა და მაისის თვის მონაცემებს 5%-ით აღემატება. კვლევის, სახელწოდებით „რუსული კაპიტალი საქართველოში“, ავტორები ამბობენ, რომ ერთი თვის შუალედით 5%-იანი სხვაობა ძალიან მაღალია.

ამ მონაცემების თანახმად, რუსეთი საქართველოში ნავთობპროდუქტების ნომერ პირველი იმპორტიორია და რუსეთიდან საწვავი საქართველოში არსებული 5 ყველაზე მსხვილი კომპანიიდან 4-ს შემოაქვს.

2021 წელს რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ ბუნებრივ აირში გადახდილი თანხა სრული იმპორტირებული გაზის ღირებულების 22%-ს შეადგენდა, 2022 წლის პირველ 6 თვეში კი ეს რიცხვი 14,6%-ია. ხოლო რაც შეეხება ელექტროენერგიას, საქართველოში რუსეთიდან შემოსული ელექტროენერგიის წილი 25%-ია.  აქ, ისევე როგორც ბუნებრივი აირის შემთხვევაში, ყველაზე მსხვილი მომწოდებელი აზერბაიჯანია.

კვლევის ავტორები ურჩევენ საქართველოს მთავრობას, რომ ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებზე რუსული კვალი შეამცირონ.

ანანო ღუდუშაური

დაკავშირებული ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე მეურნეობის ეკოლოგია
სხვა ამბები