მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩება. მას სააპელაციო სასამართლომ ბრალი დაუმძიმა, თუმცა სასჯელის ვადა, რომელიც 3 წელსა და 6 თვეს ითვალისწინებდა, არ შეცვლილა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ე.წ. ავტომობილის ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელზეც პირველმა ინსტანციამ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა.
ხოლო რაც შეეხება ბრალის დამძიმების ეპიზოდს, საუბარია კომპანიისთვის ზიანის მიყენების ნაწილზე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული, თუმცა მეორე ინსტანციამ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და მთავარი არხის გენერალურ დირექტორს ამ შემთხვევაშიც 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეშფოთებულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. მათ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნეს განცხადება:
„იმ დროს როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს – უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული და ევროპული მომავლისა. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ. შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმა ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცველების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ“, – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნიკა გვარამიას ადვოკატები და მისი საქმის პროკურორი გეგმავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
“ისინი აუცილებლად ინანებენ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, სიმართლე აუცილებლად დადგინდება”, – ამბობს ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი მოსამართლეთა კოლეგიაზე.
“სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განაჩენს ბრალდების მხარე არ ეთანხმება, ჩვენ კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, იმის გათვალისწინებით, რომ მოპოვებული გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრული ეჭვითა და სტანდარტით ადასტურებს, რომ სამივე პირს ჩადენილი აქვს ბრალად წარდგენილი ქმედება და გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ უზენაესი სასამართლო მაინც მიიღებს სამართლიან, ობიექტურ და კანონიერ გადაწყვეტილებას და სამივე ხსენებულ პირს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში”, – განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.
„ბრძოლა გრძელდება!“ ასე შეხვდნენ ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს მისი ოჯახის წევრები და მეგობრები. მათ შორის ოპოზიციური პარტიების ლიდერები, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს, შეიწყალოს ნიკა გვარამია, რადგან მისი საპატიმროში დატოვებით საფრთხე ექმნება საქართველოში მედიის თავისუფლებას.
თავისუფალი მედია კი ევროინტეგრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა სასამართლოს გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ, მიზანმიმართულად დაარღვიეს კანონი და სააპელაციო სასამართლოს ეზოში აქცია გამართეს. მათი თქმით, იცოდნენ, რომ ეს კანონით აკრძალულია, თუმცა აქვე ამბობდნენ, რომ ნიკა გვარამიას საპატიმროში დატოვებაც კანონდარღვევაა.
„ნიკას თავისუფლება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ნიკას თავისუფლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად, ვინაიდან ნიკას თავისუფლებაზე პირდაპირ წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში და ასევე, პირდაპირ წერია 12 პუნქტში, რომ მედიათავისუფლებისთვის ნიკას თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ნიკას დამოკიდებულება ვიცი ამ საკითხისადმი, გავაგრძელებ ჩემს მოწოდებას. მინდა, პრეზიდენტს ღიად მოვუწოდო, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და მიმართვის შემთხვევაში, რასაც ჩვენ მოვიფიქრებთ (ეს არის პარტნიორებთან განსახილველი საკითხი), აიღოს პასუხისმგებლობა და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს”, – ამბობს ხატია დეკანოიძე, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე.
„თუკი იყვნენ კიდევ წესიერი, პატიოსანი მოქალაქეები, რომლებსაც რაიმე ილუზია ჰქონდათ, რომ ამ რეჟიმის პირობებში შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის სწორ გზაზე დადგომა, თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, დემოკრატიის ფუნდამენტური საკითხების მოგვარება, ეს ილუზია ყველამ უნდა მოისპოს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ, პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა.
ნიკა გვარამიას საპატიმროში დარჩენას მმართველ პარტიაშიც გამოეხმაურნენ. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სასამართლოს პატივისცემაა. მისი თქმით, მმართველ პარტიას არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ აქვს ნიკა გვარამიას საქმის მიმართ.
“თქვენ გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა იმავე სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია, როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა. ეს იყო არა მარტო პირადად სალომე ზურაბიშვილის, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა. ასეთ პირობებში პრეზიდენტი თუ შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რაც არ მგონია, რომ სწორი იყოს”, – ამბობს ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში შედის მიღებისთანავე. სასამართლო კოლეგიის განცხადებით, სასჯელის მოხდის ვადა ნიკა გვარამიას 2022 წლის 16 მაისიდან აითვლება.
ანანო ღუდუშაური