ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ჟაირ ბოლსონარუმ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა იმ 58 მილიონ ბრაზილიელს, რომლებმაც არჩევნებში მხარი დაუჭირეს. გამარჯვებული ლუის ინასიუ ლულა და სილვა კი ერთხელაც არ უხსენებია.
“ქვეყანაში სახალხო მოძრაობა გააქტიურდა, რადგან მოსახლეობა აღშფოთებულია და უსამართლობის განცდა აქვს. მათ მიაჩნიათ, რომ საარჩევნო პროცესი არასწორად წარიმართა. მშვიდობიანი დემონსტრაციები ყოველთვის მისასალმებელი იქნება. მაგრამ ჩვენ არ გავიმეორებთ მემარცხენეების მეთოდებს, რომლითაც მოსახლეობას ყოველთვის ზიანს აყენებდნენ”, – განაცხადა ჟაირ ბოლსონარუმ.
ბოლსონარუს განცხადება ბრაზილიაში დაწყებულ საპროტესტო მოძრაობას ეხებოდა. ბოლსონარუს მხარდამჭერები ქვეყნის მასშტაბით გამოვიდნენ ქუჩებში და გზები გადაკეტეს. მემარჯვენე ლიდერის ამომრჩევლები მემარცხენე ლულას გამარჯვებას აპროტესტებდნენ.
ბრაზილიის პოლიციამ 300 ბლოკირებული გზა გახსნა, თუმცა 200-ზე მეტი კვლავ ჩაკეტილია. ბოლსონარუს მოწინააღმდეგენი პოლიციას პრეზიდენტის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. უზენაესმა სასამართლომ ფედერალურ საგზაო პოლიციას დაავალა, დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა ბლოკირებული გზები.
არჩეული პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა პრეზიდენტ ბოლსონარუს ადანაშაულებს, რომ ის დუმილით ქვეყანას აშანტაჟებს და ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას ხელს უშლის. ლულა თანამდებობას 1 იანვრიდან დაიკავებს. გამარჯვება კი მსოფლიო ლიდერებმა უკვე მიულოცეს.