მთავარისაქართველოთბილისში მეცხრამეტე საუკუნის შენობას რესტავრაცია სტანდარტების სრული დაცვით ჩაუტარდა

თბილისში მეცხრამეტე საუკუნის შენობას რესტავრაცია სტანდარტების სრული დაცვით ჩაუტარდა

თბილისის ამ უბანში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ძველთბილისური სახლები.

თუმცა ბევრი შენობა დღეს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ზოგი ინგრევა, ზოგს კი არასწორი და უხეში ჩარევით უკეთდება რეკონსტრუქცია. მაგრამ სოლომონ ბრძენის ქუჩაზე არსებული ე.წ. კონდახსაზოვების სახლი, ნამდვილად გამონაკლისია, რადგან მისი სრული რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების ყველა ნორმის დაცვით ჩატარდა.

სახლი 150 წლის წინ აშენდა. იგი თითქმის 150 წლის განმავლობაში, კონდახსაზოვების ოჯახის კუთვნილება იყო. კონდახსაზოვების ოჯახის ისანში დასახლების ისტორია საუკუნეებს ითვლის, ისინი ადრეული ხანიდანვე შამქორეთის ეკლესიის არქიტექტორებად მოიხსენიებიან. ბოლოს აქ ცნობილი თბილისელი მხატვარი რობერტ კონდახსაზოვი ცხოვრობდა ოჯახთან ერთად.

სამი წლის წინ, სახლი თამარ თენეიშვილმა შეიძინა და „საქართველოს ეროვნულ ფონდს“ გადასცა. სწორედ ასე დაიწყო სახლის რეაბილიტაციის პროექტიც, რომელზეც პასუხიმგებლობა აიღო კულტურული მემკვიდრეობის დამცველმა ორგანიზაციამ „იკომოს საქართველომ“

„ისე გაკეთდა სახლის სტრუქტურული გამაგრება, რომ არც ერთი უხეში ჩარევა არ მომხდარა. შეიძლება ცოტა ზედმეტიც ვქენით, იმდენად სუფთად, კირითა და მიწიანი დუღაბით გაკეთდა ყველაფერი. მაგრამ ამ შემთხვევაში გამართლება იყო, რომ ეს ექსპერიმენტალური და სასწავლო იყო ეს პროექტი. რაც მთავარია ამ სახლში დაგვხვდა ყველაფერი რასაც ველოდით. ანუ ეს არის ტიპიური თბილისური საცხოვრებელი. ასევე მასში დაცულია სამი ძირითადი სამშენებლო ფენა. მოლოდინს გადააჭარბა ინტერიერის დეკორმა იმიტომ, რომ ეს ორი ცნობილი კილიანი ბუხარი ვიპოვეთ,“ – ამბობს „იკომოს საქართველოს“ თავჯდომარე ნატო ცინცაბაძე.

„კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაცია“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის მიზანი მხოლოდ შენობის გადარჩენა არ იყო. მას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი სამეცნიერო კვლევა. ის ასევე დაფუძნებული იყო პრაქტიკულ საწვრთნელ სამუშაოებზე, სადაც ახალგაზრდა პროფესიონალები თუ სტუდენტები იყვნენ ჩართული. სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ასევე გამოვლინდა კედელი, რომელიც მე-16 საუკუნით თარიღდება.

„ეს სათავსი არის ყველაზე ძველი გადარჩენილი სივრცე. მაია მანია ამ კედელს მეჩვიდმეტე მეთექვსმეტე საუკუნეთი ათარიღებს. იმის გამო, რომ ასეთი ძველი ფენაა და ასეთი იშვიათი პერიოდის გადაწყდა რომ აქ სრული კონსერვაცია ჩატარებულიყო. ვფიქრობთ რომ გამოვიყენოთ სალექციო დარბაზად,“ – ამბობს ნატო ცინცაბაძე.

რესტავრირებულ შენობაში „იკომოს საქართველოსა“ და „საქართველოს ეროვნული ფონდის“ სათაო ოფისები განთავსდება. ფონდის თანადამფუძნებლის მარინე მიზანდარის თქმით ეს სივრცე ერთგვარი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი გახდება, სადაც პროფესიონალებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ექნებათ ფონდის საქმიანობაში ჩაერთონ.

„სამწუხაროდ ძალიან ხშირად არასწორად გვაქვს გააზრებული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ღირებულება და მნიშვნელობა. ფაქტობრივად ეს არის ჩვენი საფუძველი. ჩვენი ფესვები, რომელზეც ვდგავართ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც არის ჩვენი საფუძველი და ჩვენი იდენტობის საძირკველი შენარჩუნდეს სიყალბის, გალამაზების და შეთხზვის გარეშე. ჩვენი დღევანდელი თაობის მოვალეობაა, რომ ის რაც ჩვენ დღეს ისტორიამ შემოგვინახა, ასეთივე სახით შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს. ეს არის ყველაფრის საფუძველი. სოციალური კეთილდღეობის, ქვეყნის სწორად განვითარების. ასევე კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა შეიძლება იყოს ბურჯი ეკონომიკური განვითარების,“ – ამბობს „საქართველოს ეროვნულ ფონდის“ თანათავმჯდომარე მარინე მიზანდარი.

ფონდის საქმიანობა ბრიტანულ მოდელს ემყარება, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვაში საზოგადოების მჭიდრო ჩართულობას გულისხმობს. ახლა ფონდის წარმომადგენლები ცდილობენ, ეს მოდელი საქართველოს რეალობაში დაამკვიდრონ.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend