მთავარისაქართველოსპეციალური პოლიციური საშუალებები

სპეციალური პოლიციური საშუალებები

თითქმის ყველა ქვეყნის ძალოვან უწყებას სპეციალური წესები აქვს შემუშავებული იმისათვის, თუ როგორ უნდა იმოქმედოს საპროტესტო აქციების დროს. კანონმდებლობითაა დარეგულირებული იმ სპეციალური საპოლიციო საშუალებების ჩამონათვალი, რომლებსაც პოლიცია აქციების დაშლის დროს იყენებს.

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ მონაცემებით, არსებობს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება ნომერი 1006. ამ ბრძანების მიხედვით, პოლიციის სპეციალურ საშუალებებს განეკუთვნება:

  1. ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება;

  2. სპეციალური ხელკეტი;

  3. ცრემლსადენი გაზი;

  4. წიწაკის გაზი;

  5. აკუსტიკური საშუალება;

  6. არალეტალური იარაღი;

  7. ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა;

  8. დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება;

  9. წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები;

10. ელექტროშოკური მოწყობილობა;

11. სხვა: სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი, სასამსახურო ცხენი, შესაბოჭი ბადე.

აქ ჩამოთვლილთაგან პოლიციური ქვედანაყოფები საპროტესტო დემონსტრაციების დროს სხვადასხვა საშუალებას იყენებენ. აქვე გაგაცნობთ იმ პოლიციურ მორეაგირე უწყებებსაც, რომლებიც ჩართული არიან საპროტესტო აქციების მართვის პროცესში: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი; საპატრულო პოლიცია; ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულება. აქედან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ძალაა.

წიწაკის სპრეის ეფექტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია შესხურების სიძლიერეზე. ეს საშუალება სხვადასხვა ფორმით გამოიყენება. თუმცა ყველაზე ფართოდაა გავრცელებული აეროზოლური გამოყენება. მისი ჭავლის გასხმის მანძილი დამოკიდებულია, თუ რაშია მოთავსებული ეს ქიმიური საშუალება. თუმცა თუ ამ საშუალების მწარმოებელი კომპანიების მონაცემებს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭავლის გაშვების მანძილი 5 მეტრსაც აღწევს. მისი ეფექტი კი ქარისა და ჰაერის მოძრაობის მიხედვით იცვლება. ეს საშუალება ბევრ ქვეყანაში თავდაცვით იარაღადაცაა აღიარებული.

წიწაკის სპრეი იწვევს თვალების, კანისა და ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, ცრემლდენას, იზრდება სინათლის მიმართ მგრძნობელობა. კანზე ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, სიწითლე, შეშუპება და ქავილი. მისი შესუნთქვის შემდეგ ხშირია ხველა, სუნთქვის გაძნელება, ცხვირისა და ყელის გაღიზიანება და გამონადენი ცხვირიდან… მნიშვნელოვანია, რომ წიწაკის სპრეი ზეთოვან ბაზაზეა და მისი წყლით ჩამობანა თითქმის შეუძლებელია. ერთ-ერთი რეკომენდებული საშუალებაა რძე და ფიზიოლოგიური ხსნარი.

რაც შეეხება ცრემლსადენ გაზს. დემონსტრაციების დროს ხალხის დაშლის მიზნით ძალოვანმა უწყებებმა შესაძლოა ეს ქიმიური საშუალება სპეციალური სასროლი იარაღით შორს გაისროლონ. ასეთ დროს სპეციალურ თავაკში არსებული ქიმიური საშუალება გასროლით გამოწვეული წვის შედეგად გამოიყოფა ჰაერში და ახლოს მყოფებზე კარგა ხნით მოქმედებს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქიმიური საშუალება ერთგვარ ღრუბელს ქმნის, მისი მოქმედების არეალიც გაზრდილია და მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

რჩევები ცრემლსადენი გაზის ზემოქმედების შესამცირებლად:

  1. თუ მოახერხებთ, პირველ რიგში, სცადეთ სუნთქვის შეკავება და სასწრაფოდ უსაფრთხო ადგილას გადაინაცვლეთ;
  2. უნდა დაასველოთ მშრალი, შემწოვი ქსოვილი და მოწმენდის გარეშე დაზიანებულ ადგილას დაიდოთ. მოწმენდა კიდევ უფრო გააღიზიანებს კანს ან თვალებს;
  3. არ გაახილოთ თვალები ძალით. ბუნებრივად წამოსულ ცრემლს შეუძლია თვალებიდან გამორეცხოს ნივთიერება;
  4. დასაბანად გამოიყენეთ რძე, სოდიანი წყალი;
  5. კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში სუფთა ხელებით მოიხსენით და გადააგდეთ, მათი ხელმეორედ გამოყენება დაუშვებელია;

არსებობს სხვადასხვა მოდიფიკაციის წყლის ჭავლის მანქანები. წყლის ჭავლის სიძლიერე დამოკიდებულია იმ საქაჩ ტუმბოებზე, რომლებიც დამონტაჟებულია ავტომობილში. საუბარია დაახლოებით 20 ლიტრ წყალზე ერთ წამში. არის შემთხვევები, როდესაც წყალში ურევენ თხევად ცრემლსადენ გაზს ეფექტის გასაძლიერებლად. მაგალითად, თურქეთში დიდი დებატები იყო იმის გამო, რომ პოლიციამ წყლის ჭავლის მანქანაში ცრემლსადენი გაზი გაურია. ამ დროს რთულია დოზების დაცვა. შესაბამისად, მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში დაზიანების ეფექტიც დიდია.

პოლიცია ასევე ხშირად იყენებს სპეციალურ საშუალებას – აკუსტიკური ზემოქმედების მანქანას. ის ასევე ცნობილია, როგორც შორი მოქმედების აკუსტიკური მოწყობილობა. ხმოვანი ტალღების ზემოქმედება იწვევს თავბრუსხვევას, დეზორიენტაციასა და თავის ტკივილს. დემონსტრანტებზე ზემოქმედებისთვის ამ საშუალებას სხვადასხვა პოლიციური დანაყოფი აქტიურად იყენებს. ასეთ დროს ზიანის შესამცირებლად ქცევის შემდეგი წესებია გასათვალისწინებელი:

· დაათვალიერეთ თქვენ გარშემო არეალი 360 გრადუსით. დააკვირდით, სად არის მეტი სიმჭიდროვე და სად – ნაკლები. დაგეგმეთ ევაკუაციის მიმართულება;

· დატოვეთ ადგილი, რაც შეიძლება სწრაფად, მაშინვე, როგორც კი იგრძნობთ დისკომფორტს;

· ყურადღება მიაქციეთ სუნთქვას. ისუნთქეთ მაქსიმალურად მშვიდად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება;

· მიჰყევით ”დინებას” – პანიკის დროს, როგორც წესი, ხალხის დინება უფრო საშიშია, ვიდრე ის, რამაც გამოიწვია ეს პანიკა. ეცადეთ, გაძვრეთ იქით, სადაც ნაკლები სიმჭიდროვეა;

· მოერიდეთ ბარიერებს – ეცადეთ, არ მოხვდეთ კედელთან ან ბარიკადებთან ახლოს, რომ ”დინებასა“ და კედელს შორის არ აღმოჩნდეთ.

გახსოვდეთ, პოლიციური საშუალებები ხშირად გამოიყენება დემონსტრაციების დროს აქციის მონაწილეებზე ზემოქმედების მისაღწევად. ასეთ დროს გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და დაეხმარეთ სხვებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend