1-ელი იანვრიდან დღემდე რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე 34 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. UNICEF-ის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის მსხვერპლი უკრაინელი ბავშვების დადასტურებული რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით წელს 40%-ით გაზრდილია.
გაეროს ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლიდან დღემდე ომს სულ მცირე 600 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 1350-ზე მეტი არასრულწლოვანი. თუმცა რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია.
ინფრასტრუქტურა, რომელიც ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რუსეთის თავდასხმის ქვეშ ხშირად ხვდება. 2024 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ათასობით სახლი, 36 სამედიცინო და 140 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, ან განადგურდა. თავდასხმებმა, რომლებიც გავლენას ახდენს ელექტროენერგიის მიწოდებასა და წყლის წყაროებზე, კიდევ უფრო შეაფერხა ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესი სერვისების მიწოდება. პრობლემურია განათლების საკითხიც.
Reports of 5 children injured in recent attacks in Derhachi, Nikopol, and the Kherson region. An educational institution and 2 kindergartens were also reportedly damaged.
Nowhere is safe for children in Ukraine. Attacks must stop. Children and schools must always be protected. pic.twitter.com/rzlKJtbS2U
— UNICEF Ukraine (@UNICEF_UA) April 26, 2024
ომს წინ პანდემია უძღოდა. განათლებაზე ხელმისაწვდომობა მაშინაც პრობლემა იყო. დღეს კი, უკრაინელი მოსწავლეების თითქმის ნახევარი სკოლაში ვერ დადის. UNICEF განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მთელ ქვეყანაში მუშაობს. ორგანიზაცია განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას სკოლებისა და თავშესაფრის რეაბილიტაციასთან ერთად ონლაინ სწავლების მხარდაჭერის გზით ცდილობს.
პარტნიორებთან ერთად UNICEF რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურებული ან დაზიანებული სამედიცინო ინფრასტრუქტურის აღდგენის მიმართულებითაც მუშაობს.