მთავარისაქართველო„რეზოლუცია უცხოელი აგენტების კანონის შესახებ” - პოლიტიკოსების შეფასებები

„რეზოლუცია უცხოელი აგენტების კანონის შესახებ” – პოლიტიკოსების შეფასებები

კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალი სტრუქტურიდან – ევროპარლამენტიდან საქართველოსთვის ახალი რეზოლუციაა. ეს გზავნილი, რომელიც ჯერ პოლიტიკური დოკუმენტია, მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის მმართველებს, რომ კანონპროექტი „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის შესახებ“ არ მიიღონ კანონად. მთავარ მოტივად კი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებლობა და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობის გარდაუვალი ხელშეშლა სახელდება. ეს დოკუმენტი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დავის ახალ მიზეზად იქცა საქართველოში. „ქართული ოცნების“ ლიდერები არ მიიჩნევენ ამ რეზოლუციას, როგორც საფრთხედ საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით. მხარდამჭერ ევროპარლამენტარებს კი „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირეებად და ქართველი ხალხის მოწინააღმდეგედ თვლიან.

“ეს არის სწორედ იარაღად გამოყენება რეზოლუციების. რა თქმა უნდა, ამ რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა და კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი სახე, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მათ ქართველი ხალხის მიმართ. ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება – ეს [რეზოლუცია] არის ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე ევროდეპუტატის პწკენა.

რეალურ კულმინაციამდე მივიდა რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოების“ რადიკალური ჯგუფი. ფაქტობრივად, მთლიანად გვაჩვენებენ თავიანთ სახეს. გუშინ ვნახეთ რამდენიმე „ენჯეოს“, რადიკალური „ენჯეო“ ჯგუფების განცხადება, რომლებიც ქართველ ხალხს ეძახიან რუსებს, მერე კიდევ სწყინთ, რომ ჩვენ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები არ ვართო. აბა, ვის ინტერესშია? ქართველ ხალხს რომ რუსებს ეძახიან და იმუქრებიან, 29 აპრილს ვინც მიხვალთ, ყველა რუსები ხართო. ამაზე „ენჯეო“ რომ საუბრობს, ამით მთლიანად აჩვენებს თავის სახეს. სინამდვილეში, ზუსტად ამ „ენჯეოების“ უკან დგანან დონორები, რომლებსაც უნდათ, რომ ამ „ენჯეოების“ ხელით მართონ საქართველო. სინამდვილეში, მათ ალაპარაკებენ ზუსტად ეს დონორები, რომ დააშინონ და ასეთი ეპითეტებით შეამკონ ქართველი ხალხი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 29 აპრილს ყველა გამოვიდეს, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ვართ ერი თუ გვინდა, დონორებმა მართონ ეს ქვეყანა „ენჯეოების“ ხელით, რომლებიც რუსებს გვეძახიან უკვე? ეს ყველაფერი ჩაივლის და დონორებთან გვექნება სერიოზული საუბარი, როგორ ალაპარაკებდნენ თავის „ენჯეოებს“ და როგორ გვეძახდნენ რუსებს ამ „ენჯეოების“ პირით”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საფრთხედ მიიჩნევენ რეზოლუციის ჩანაწერს, რომლის თანახმად, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი და შემდგომი ევროინტეგრაცია.

“ერთი მხრივ, რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, მაგრამ იქ ძალიან ბევრი მძიმე პოლიტიკური ჩანაწერია. თითოეული ეს ჩანაწერი თქვენ გგონიათ გაქრება? თითოეული ეს ჩანაწერი ჩვენ გვაზიანებს და თითოეულ ამ სიტყვაზე 100%-ით არის “ოცნების” პასუხისმგებლობა, წერტილი. მერე ეს აღსრულდება, თუ როგორ გაგრძელდება, დრო გვიჩვენებს. თეორიულად არაფრის გამორიცხვა შეიძლება, მაგრამ თვითონ ეს დოკუმენტი, პოლიტიკური განაცხადი ევროპარლამენტის მხრიდან, არის ძალიან მძიმე. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღევანდელი “ოცნების” პირობებში ეს ქვეყანა ევროპისკენ ვეღარ წავა. “ოცნების” ხელისუფლებამ, პერსონალურად ივანიშვილმა და თითოეულმა ამ ადამიანმა ევროპისკენ გზა ჩაკეტეს”, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა.

ევროპარლამენტის მიერ მიღებული უახლესი რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელსაც ჰქვია „რეზოლუცია უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი ინიციირებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის მისი შეზღუდვების შესახებ“, ხმათა უმრავლესობით მიიღეს. ამ რეზოლუციის მოწინააღმდეგე მხოლოდ 25 ევროპარლამენტარი იყო. მხარი კი 425-მა დაუჭირა. ევროპარლამენტი მტკიცედ გმობს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა წარდგენას. მისი კანონად მიღების შემთხვევაში კი ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს, ახდენს თუ არა გავლენას ეს კანონპროექტი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე. ასევე ევროკავშირის პარტნიორებს მიმართავენ თხოვნით, რომ სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს. ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციო სახის არის. რამდენად გაითვალისწინებენ ევროკავშირის სხვა სტრუქტურები ამ დოკუმენტის საკითხებს, ჯერ უცნობია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend