მთავარიევროპასაბერძნეთიკუნძულ სანტორინზე საზაფხულო ტურისტული სეზონი დაიწყო

კუნძულ სანტორინზე საზაფხულო ტურისტული სეზონი დაიწყო

კუნძულ სანტორინზე კვლავინდებურად ბევრი ტურისტი ჩამოდის. მათ დასახვედრად უკვე მზად არიან ადგილობრივები, თუმცა ფიქრობენ, რომ პროდუქტებსა და ენერგორესურებზე მზარდი ფასები გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს.

სანტორინი საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ზაფხულის ბოლო სამ ტურისტულ სეზონზე 6.5 მილიონი ადამიანი ჩავიდა კუნძულზე,  სადაც განთავსებულია 400 სასტუმრო. მთლიანად  კუნძულზე 50 000 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი. წლევანდელი სეზონი აპრილის დასაწყისში დაიწყო.  ტურიზმის სექტორში ვარაუდობდნენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და ფინანსური პრობლემები ჯავშნების გაუქმებას გამოიწვევდა, თუმცა პირველადი მონაცემებით, ეს პროგნოზი არ გამართლდა.

ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი მარკოს ხაიდემენოსი ამბობს, რომ 2022 წლის სეზონი კარგად დაიწყო, მეტიც, მოლოდინსაც კი გადააჭარბა, მიუხედავად იმისა, რომ  უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ზოგიერთ შემთხვევაში ჯავშნებიც გაუქმდა. ახლა თითქოს დავიწყებიათ ტურისტებს ომი. მათი რაოდენობა კვლავ იზრდება. ომის გავლენა ნაკლებად იგრძნობა კუნძულზე, რადგან მათ  არც აქამდე ჰყოლიათ ბევრი ტურისტი უკრაინიდან და რუსეთიდან.

პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ კუნძულზე ისევ გაჩნდა  დიდი საკრუიზო ლაინერები. ბოლო რამდენიმე წელია, აზიის ქვეყნებიდან წყვილები აქ დასაქორწინებლად ჩამოდიან. ჟოურუნიც და ტისატოც ტოკიოდან სანტორინში სწორედ ამისათვის ჩამოვიდნენ.

კუნძულზე დიდი და ფეშენებელური სასტუმროები, რესტორნები და ბარებია. თუმცა პატარა საოჯახო ბიზნესიც მრავლადაა. ხრისტოს მარკოზანისი ტავერნის მფლობელია. აქ  მასთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც მუშაობენ. მართალია, სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა  პროდუქტებსა და ენერგორესურსებზე ფასი საგრძნობლად გაიზარდა. ხრისტო ძალიან ღელავს ამის გამო. გასულ კვირას მან ღვინო 8 ევროდ შეიძინა. დღეს კი 10 ევრო უნდა გადაიხადოს. მომავალ კვირას ალბათ 12 ან 14 ევროს გადახდა მოუწევს. ენერგორესურსებზეც გაიზარდა ფასი.  მას იმედი აქვს, რომ მთავრობა და ევროკავშირი მიიღებენ ზომებს,  თუმცა თუ ელექტროენერგიის ფასი შენარჩუნდება, მისი აზრით, ბევრი ბიზნესი დაიხურება.

ეკონომიკური კრიზისის შემდეგ პანდემია  დაიწყო, ახლა კი ომია უკრაინაში. თუმცა, მიუხედავად სირთულეებისა, საბერძნეთის ტურიზმის სექტორი მორიგი წარმატებული სეზონისთვის ემზადება. მზე, ზღვა და მდიდარი ისტორია, როგორც ჩანს, ისევ იზიდავს საერთაშორისო ტურისტებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend