მთავარისაქართველოკარლ ჰარცელი სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა

კარლ ჰარცელი სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა

უკრაინისა და მოლდოვის შემდეგ, ახლა საქართველოს ჯერია, გაგზავნოს ბრიუსელში ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსთან დაკავშირებული კითხვარი. იქამდე კი ევროკავშირი დოკუმენტს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან განიხილავს. სწორედ ამ მიზნით დღეს, 26 აპრილს კარლ ჰარცელი კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

„როდესაც საქმე ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება, მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ის საკითხი, სადაც პოლიტიკური პარტიების უმეტესობა თანხმდება. ამასთან ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა საქართველოს მოსახლეობის 80%. საკითხს სჭირდება, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალამ ითანამშრომლოს ამ მიმართულებით. თუმცა, ფაქტია არსებობს ძალიან ღრმა პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრს შორის და  ვიმედოვნებ, როგორც რუსეთის აგრესია უკრაინაში, ისე ევროკავშირში წევრობის აპლიკაცია იქნება საფუძველი, რომ მოხდეს ამ პოლარიზაციის გარღვევა“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დაიმსახურა საქართველომ. არა რომელიმე პარტიამ ან ხელისუფლებამ, ეს დაიმსახურა ქართველმა ხალხმა. ქართველმა ხალხი ამ 30 წლის მანძილზე ბევრჯერ დაისაჯა რუსეთის მიერ, და ამიტომ, ჩვენ ყველას, იმედი გვაქვს, რომ ეს კანდიდატობის სტატუსი იქნება მოცემული ქვეყნისთვის და დაიწყება დიდი გზა ევროკავშირისკენ“, – აღნიშნა „ღია საზოგადოების“ ფონდის დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა.

საქართველოს ზუსტად ერთი თვე აქვს, რომ პასუხი გასცეს ევროკომისიიდან გამოგზავნილ 369 კითხვას. კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ამ პროცესში საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა იყოს ჩართული.

„მიმაჩნია, რომ დღეს ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობაც უნდა გაიზიაროს და უნდა ვიაქტიუროთ იმისთვის, რომ დროულად შეივსოს კითხვარი, იმისთვის, რომ ამ პროცესების შედეგად ჩვენ დროულად მოვხვდეთ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრ ქვეყანათა სიაში და, რაც ყველაზე მთავარია, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ისტორიაში, ჯერ მარტო მე-10 საუკუნეში, იწერებოდა „შენ ხარ ვენახი“. რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან მდიდარი და ისტორიული ევროპული ღირებულებები“, – თქვა მუსიკოსმა, ნიკოლოზ რაჭველმა.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის შესახებ კითხვარი 11 აპრილს მიიღო. სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით, ევროკომისია გადაწყვეტს მიანიჭოს თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend