2021 წლის 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით, საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია ქვეყნის განვითარების 5-პუნქტიან დოკუმენტზე შეთანხმდნენ. ამ დოკუმენტს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი არ მოაწერა. რის შემდეგაც ზუსტად 100 დღეში, ხელისუფლებამ ის გაუქმებულად გამოაცხადა.
„დოკუმენტზე ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავის მისია შეასრულა და თავი ამოწურა“ – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, 2021 წლის 28 ივლისს.
დოკუმენტის „მისია“ იყო პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება, ამბიციური საარჩევნო რეფორმისა და სასამართლო რეფორმის გატარება, ასევე პარლამენტში ძალაუფლების განაწილება და მუშაობა მომავალი არჩევნებისთვის.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადების მიუხედავად, რომ დოკუმენტმა თავი ამოწურა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოსთვის კვლავ გადაუჭრელი პრობლემაა.
„აქ იგულისხმება როგორც პოლიტიკური კავშირების გაწყვეტა მართლმსაჯულებასთან, ასევე შიდა გავლენების პრობლემების მოგვარება. ინდივიდუალური მოსამართლისთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, გარედან მოდის მის მიმართ რაიმე მითითება თუ სისტემის შიგნით ხდება ძალაუფლების კონსოლიდაცია და ამ გზით ზეგავლენის მოხდენა. მოსამართლე გადაწყვეტილების მიღების პროცესში რომ თავისუფალი იყოს, აუცილებელია მისი სრული დამოუკიდებლობა“ – ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე.
შეთანხმების მიხედვით, საქართველოს საარჩევნო სისტემაც უნდა შეცვლილიყო. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევიდა. შეიცვალა კომისიების წევრებისა მათი დაკომპლექტების წესი. თუმცა არასამთავრობო სექტორში მიაჩნიათ, რომ მთავარი ამ ცვლილებების ეფექტური აღსრულებაა.
„მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების სულისკვეთება დაცული იყოს. ცესკოს მმართველ თანამდებობებზე ხელმძღვანელი პირები კონსენსუსის გზით უნდა ავირჩიოთ. ასევე, პრობლემურია საარჩევნო კომისიების შემადგენლობა. ყველა დონის კომისიაში გაიზარდა წევრთ რაოდენობა, რაც შეთანხმების ნაწილი იყო, თუმცა დაცული უნდა იყოს მათი დამოუკიდებლობა. გრძელვადიან პერსპექტივაში სიღრმისეულ საარჩევნო რეფორმაზე უნდა დაიწყოს საუბარი“ – აცხადებს ISFED-ის იურისტი თათია ქინქლაძე.
ერთი წლის წინ ხელისფულება და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ მათ პარლამენტში ძალაუფლება უნდა გაენაწილებინათ – რაც იმას ნიშნავს, რომ 5 კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი დეპუტატი უნდა ყოფილიყო, მათ შორის 2 კომიტეტი აუცილებლად ამ ჩამონათვალიდან უნდა შეერჩიათ, ესენია – საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, ასევე საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი და საგარეო საქმეთა კომიტეტი. არცერთ კომიტეტს ოპოზიციონერი დეპუტატი არ ხელმძღვანელობს.
„პოლიტიკურ პროცესში დემოკრატიული ინსტრუმენტები ოპოზიციასაც უნდა გააჩნდეს. იქნება ეს კომიტეტის თავმჯდომარეობა, თანამდებობა სპიკერატში, ადგილი დელეგაციებში თუ სხვა. ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს საპარლამენტო მუშაობა და ეს მუშაობა უნდა ღირდეს რამედ“ – ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.
ხელისუფლების განაწილებას მხარეები 2021 წლის საშემოდგომო სესიის მოწვევისთანავე გეგმავდნენ, თუმცა ამის შემდეგ გაიხსნა 2022 წლის საგაზაფხულო სესია, პირობა კი კვლავ შეუსრულებელია.
ნანუკა მეშველაშვილი