მთავარისაქართველოსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: ოკუპაციის პირობებში ჩატარებულ რეფერენდუმს არანაირი იურიდიული ძალა არ...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: ოკუპაციის პირობებში ჩატარებულ რეფერენდუმს არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება

ე.წ. სამხრეთი ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვს სურს, ცხინვალის რეგიონი რუსეთს შეუერთდეს, რადგან სწორედ რუსეთს მოისაზრებს ე.წ. ლიდერი ისტორიულ სამშობლოდ.

რუსული ანექსიის საბოლოოდ გასაფორმებლად ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რეფერენდუმის ჩატარებასაც გეგმავენ.

„ვფიქრობ, რომ რუსეთთან გაერთიანება არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი, ჩვენი გზა, ხალხის უდიდესი სურვილი და სწორედ ამ მიმართულებით ვივლით. უახლოეს მომავალში მივიღებთ შესაბამის იურიდიულ ზომებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს, რუსეთის ნაწილი“, – თქვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა.

რუსეთის მიერ საქართველოს კიდევ ერთ ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში რუსეთთან შეერთების იდეას არ განიხილავენ, თუმცა სოხუმში ამბობენ, რომ მხარს უჭერენ ცხინვალში მიღებულ გადაწყვეტილებას.

„პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას და არც ასეთი განწყობებია საზოგადოებაში. ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის, ეს არის ჩვენი ხალხის რამდენიმე თაობის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი, ამიტომ ეს საკითხი ჩვენს წრეებში არ განიხილება. მე არ ვიცი აფხაზეთში ასეთი პოლიტიკური ძალა, პარტიები თუ სოციალური მოძრაობები, რომლებიც ასეთ შესაძლებლობას განიხილავდნენ, დამოუკიდებლობის უარყოფით“, – თქვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსულ მედიასთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ოკუპაციის პირობებში ჩატარებულ რეფერენდუმს არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება, მაშინ როცა ასიათასობით ქართველი, რომლებიც საკუთარი სახლებიდან განდევნეს, ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული. მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული მცდელობები, რომ ის მძიმე შედეგები, რომელიც ვიხილეთ 2008 წელს, კვლავ იყოს განმეორებული საქართველოში და საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში. ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, რადგან ჩვენ ვართ თანმიმდევრული ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ, რაც გამოაცხადა ჩვენმა ხელისუფლებამ, პოლიტიკის, რომელიც მიმართულია დეოკუპაციისკენ, ძალის არ გამოყენების ვალდებულებისკენ. ჩვენ ამ ვალდებულების ერთგულნი ვართ და ვამბობთ, რომ არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

რუსეთმა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. თუმცა, საერთაშორისო საზოგადეობის უდიდესი ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ამ ორ რეგიონს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებად მიიჩნევს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend