მთავარისაქართველოსაქართველოს მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებს

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებს

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტში,  გუშინდელ გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა გააჟღერა მთელი რიგი ახალი თამაშის წესები, რომლებიც სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირებას უკავშირდება.

„ქართულ ოცნებას“ სურს, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტუროს ის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის მიღმა მოქმედებს და „ქართული ოცნება“ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციასა და პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს.

„გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს“, – ნათქვამია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში

სალომე ზურაბიშვილმა 14 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან მას უარი ეთქვა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტები გაემართა.

ამიტომ სალომე ზურაბიშვილმა  გადაწყვიტა, რომ ოფიციალური ვიზიტების ნაცვლად, არაოფიციალური ვიზიტებით გამგზავრებულიყო ევროპაში.

„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ეს კონსტიტუციის დარღვევაა.

„პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის საგარეო პოლიტიკის წარმოება. პრეზიდენტს ბევრი სიმბოლური კომპეტენცია აქვს და არის ერთადერთი გამონაკლისი დაშვება, რომ მან საგარეო ურთიერთობებში წარმოადგინოს ქვეყანა, მხოლოდ მთავრობის თანხმობით“, – თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

„პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი. მინდა ვარაუდი გამოვთქვა, რომ ის აი, ამ გაურკვევლობაში, გაუგებრობაში აღმოჩნდა. რატომ არ მისცა თანხმობა მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს – ძალიან მარტივი პასუხი არსებობს ამაზე – ანუ, მთავრობა გასცემს თანხმობას ან უარს, ნებისმიერი საგარეო ვიზიტის დაგეგმვისა და განხორციელების დროს. მაშინ, როდესაც ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში. პრეზიდენტის ნებისმიერი შეხვედრა, ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მთავრობასთან“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს ევალება ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინოს და ეს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებაა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნებას” არ შეუძლია, რომ პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადოს.

„დღეს ჩვენ საქმე გვაქვს „ოცნებისთვის“ ძალიან ტრადიციულ მოვლენასთან, როდესაც მას, როგორც კი რომელიმე მისივე მხარდამჭერი, დანიშნული თუ არჩეული პირი განსხვავებულ აზრს დააფიქსირებს, უკვე აღარ მოსწონს, ადანაშაულებს მას ოპოზიციასთან თანამშრომლობაში, ათას უბედურებაში, მათ შორის, კონსტიტუციის დარღვევაში. მეორე, „ქართული ოცნება“ არ არის შემძლე პრეზიდენტის იმპიჩმენტის. „ქართულ ოცნებას“ არ აქვს 100 ხმა პარლამენტში, რომ მას იმპიჩმენტი გამოუცხადოს, ამიტომ ის მიდის სხვა გზით“, – თქვა „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა.

„საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს ევალება, რომ საქართველო წარმოადგინოს საერთაშორისო ასპარეზზე. ეს არის მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება და შესაბამისად, მისი ვიზიტების დაბლოკვა, რის შედეგადაც, მას მოუწია ვიზიტების გაუქმება და შემდეგ პერსონალური კონტაქტების ხარჯზე მხოლოდ პირადი ვიზიტების დაგეგმვა, არის სწორედაც პრეზიდენტის უფლებამოსილებაში არაკანონიერი, ანტიკონსტიტუციური ჩარევა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუცია არ დაურღვევია.

IDFI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე გაჟღერებული ბრალდებები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend