მთავარისაქართველოშეხვედრები პრეზიდენტთან ეროვნული თანხმობისთვის

შეხვედრები პრეზიდენტთან ეროვნული თანხმობისთვის

შეხვედრები ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით კვლავ გრძელდება. დღეს, 10 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქალ პოლიტიკოსებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. პოლიტიკოსების განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი წარსულის შეფასებაზე იყო, თუმცა, მათივე განმარტებით, მხოლოდ წარსულის შეფასება პოლიტიკურ კრიზისს ვერ გადაჭრის. ზოგმა პოლიტიკოსმა შეხვედრა დასრულებამდე დატოვა.

„შეხვედრებზე საუბარი იყო წარსულის შეფასებაზე, რაც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ წარსულის შეფასება ვერ გადაჭრის იმ პოლიტიკურ კრიზისს და იმ გამოწვევებთან გამკლავების გზა ვერ იქნება, რაც დღეს რეალურად გვაქვს საზოგადოებას. ცალსახად, ამ კითხვაზე პასუხი, მხოლოდ წარსულს ვაფასებთ, თუ აწმყოს და მომავალის საკითხებიც უნდა განვიხილოთ, დღეს კონკრეტული პასუხი არ ყოფილა“, – განაცხადა „საქართველოსთვის“ ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა.

სახალხო დამცველის განმარტებით კი თუ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული დისკუსიები სამომავლოდ შეეხება ადამიანის უფლებების დაცვის, დამოუკიდებელი ინსტიტუტების განვითარების საკითხს, სადაც სახალხო დამცველი ხედავს მის როლსა და მანდატს, ის დარჩება ამ პროცესში და შეიტანს საკუთარ წვლილს.

„იმ ჯგუფში, სადაც მე ვმონაწილეობდი, ყველა მონაწილემ დააფიქსირა ის, რომ მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდეს აწმყოსა და მომავალზე. ჩვენი გზავნილი პრეზიდენტის მიმართ იყო ის, რომ ჩვენ აქამდე იმიტომ მივედით და იმიტომ დაიწყო ეს პროცესი, რომ დღეს ვართ ბევრი მიმართულებით ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

„აბსოლუტურად ყველა, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა თანხმდება იმაზე, რომ ამ პროცესმა გავლენა უნდა მოახდინოს მიმდინარე პრობლემებზე, ეს პროცესი უნდა დაეხმაროს ქვეყანას, რომ დაძლეულ იქნას კრიზისი და კონკრეტული მიმართულებებით იმუშაოს – სასამართლო იქნება, სიღარიბე თუ განათლება, ამ პრობლემებზე გარკვეული გადაწყვეტილებები მოვიფიქროთ, ეს იყო ყველას სურვილი“, – აღნიშნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.

„ქალბატონი სალომე გეგმავს, რომ ეს იყოს რაღაც სახალხო მოძრაობასავით, რომელიც ხალხის აზრს მიიტანს პრეზიდენტამდე. თუ ეს ასე შედგა, როგორც მე აღვიქვი, იქნება კარგი ეს პროცესი და ნებისმიერი პირის გამოკლებაც იქნება უკვე არარელევანტური და არამისაღები საზოგადოებისთვის. თუ ეს მართლაც გახდა საზოგადოების ხმა ხელისუფლებასთან“, – თქვა ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ.

მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს უნდა იყოს “ცოცხალი, ინკლუზიური და თავისუფალი” პროცესი, სადაც ტაბუდადებული თემა არ იქნება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საუბრის დროს უნდა გამოვლინდეს ის თემები, რომლებიც პოლარიზაციის მთავარი ღერძი და საფუძველია.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend