უკრაინული მედია ავრცელებს მძიმე კადრებს, რომლებიც ქალაქ დნიპროს რკინიგზის ცენტრალურ სადგურზეა გადაღებული.
29 ოქტომბრის შუადღისით აქ რუსული საოკუპაციო არმია რეაქტიული დრონების გამოყენებით თავს დაესხა სამგზავრო მატარებელს, რასაც, სულ მცირე, 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ თავშესაფრისკენ გავქცეულიყავი. მართლაც, მატარებლიდან ბარგით ჩამოვედი, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი ერთადერთი გამოსავალი ხიდისკენ გაქცევა იყო.
თუმცა, შინაგანი ინსტინქტი მეუბნებოდა, ხიდისკენ არ წავსულიყავი, რადგან ვგრძნობდი, რომ რაღაც საფრთხე გვიახლოვდებოდა. მატარებლის შემოვლით გზით გაქცევას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა და ეს ზედმეტად სახიფათო იქნებოდა, ამიტომ ისევ ვაგონში დავბრუნდი, მაგრამ შემდეგ მეორედაც გადმოვედი - კვლავ მქონდა თავშესაფრამდე მიღწევის ძლიერი სურვილი, რადგან ძალიან ცუდი წინათგრძნობა მქონდა.
ზუსტად იმ მომენტში, როცა ვაგონიდან გადმოვედი, შაჰედის ტიპის დრონის მოახლოების ხმა გავიგონე. საკუთარი თვალით დავინახე, როგორ დაეშვა ის პირდაპირ ბაქნისკენ - სწორედ იმ ბაქნისკენ, სადაც ხალხი, მე და ჩვენი მატარებელი ვიმყოფებოდით“, - თქვა დნიპროს რკინიგზის სადგურზე მყოფმა ვიქტორ კომისაროვმა.
ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს რუსეთის მიერ ჩადენილი მორიგი „ტერორისტული დარტყმა“ უწოდა, რომელიც, მისივე თქმით, გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ზოგიერთ რუს ოლიგარქს, ასევე რუსულ ენერგოსექტორს სანქციები მოუხსნეს ან შეუმსუბუქეს.
ამ შემთხვევაში ზელენსკიმ იგულისხმა როგორც დასავლეთის ცალკეული სახელმწიფოების მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს, ისე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს, მათ შორის ე.წ. „დიზელის შეთანხმების“ შესახებ.
„უახლოეს დღეებში პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. გვექნება საჭირო პაკეტები. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც რეალურად სწრაფად რეაგირებენ.
თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა არ დუმდეს იმ მკვლელობებზე, რომლებიც კვლავ შეუჩერებლად გრძელდება.
რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაცია წარმატებით განხორციელდეს. უკრაინის ძალები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს იცავენ, თუმცა, ჰუმანიტარული მიდგომა მხოლოდ ფრონტის ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე არ უნდა იგრძნობოდეს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და შევცვალოთ არსებული ვითარება ისე, რომ რუსეთი დეესკალაციისკენ წავიდეს და ეს მთელ ჩვენს ქვეყანას შეეხოს და არა მხოლოდ ოლეშკის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
არანაკლებ მძიმე სურათია ჩერნიჰივის ოლქში, სადაც რუსულმა ძალებმა საკუთარი წარმოების „ბანდეროლის“ ტიპის ჰიბრიდული ფრთოსანი რაკეტის გამოყენებით მიიტანეს იერიში ადმინისტრაციულ ცენტრზე, რამაც ორი 15 წლის გოგონა იმსხვერპლა.
პარალელურად, მოსკოვი თავს დაესხა პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუგში მდებარე მრავალსართულიან კორპუსს, რასაც 3 პირი ემსხვერპლა.
უკრაინის სხვა რეგიონების მასშტაბით, სამედიცინო დაწესებულებებში ექიმები შესაბამის დახმარებას უწევენ რუსული აგრესიის შედეგად დაშავებულებს, რომელთა ნაწილის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
„ქვეყნის სხვა რეგიონებში განხორციელებულმა თავდასხმებმა, გავრცელებული ინფორმაციით, ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების, სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ადამიანი დაშავდა.
ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განახლებულმა დარტყმებმა დონეცკის, ხარკივისა და სუმის რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდება შეაფერხა. წინა თავდასხმების შედეგად გამოწვეული საგანგებო ელექტროენერგიის გათიშვები კი დედაქალაქ კიევსა და მის მიმდებარე რეგიონშიც გრძელდება.
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისი გამოსცემს გაფრთხილებას, რომ მილიონობით მოწყვლადი ადამიანი აუცილებელი მომსახურებების შეფერხების გამო სულ უფრო მზარდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი ანალიზის თანახმად, ქალაქებში მარტო მცხოვრებ დაახლოებით 3 მილიონ 300 000 ხანდაზმულ ადამიანს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მილიონნახევარ მამაკაცს, ქალსა და ბავშვს, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეექმნას ელექტროენერგიის, გათბობისა და წყალმომარაგების ხანგრძლივი შეწყვეტის შემთხვევაში“, - განაცხადა გაეროს პრესსპიკერმა, შირინ იასენმა.
არსებული ვითარება კიევს კიდევ უფრო მეტად აყენებს Patriot-ის ტიპის რაკეტების მიღების აუცილებლობის წინაშე, რასაც, როგორც ჩანს, უკრაინული მხარე ჯერაც უშედეგოდ ელის.
უკრაინის NATO-ელი მოკავშირეები შიშობენ, რომ სულ უფრო ნაკლები შანსია, შეიარაღებასთან დაკავშირებით, ვაშინგტონმა კიევს პასუხი შუალედურ არჩევნებამდე დაუბრუნოს.
ამავდროულად, 3 ნოემბრის კენჭისყრის შედეგებზეც არის დამოკიდებული, თეთრი სახლის ადმინისტრაცია რას მოიმოქმედებს უკრაინასთან დაკავშირებით, რადგან, როგორც ბოლოდროინდელი მოვლენები აჩვენებს, დონალდ ტრამპი სამხედრო დახმარებას კიევზე ზეწოლის მექანიზმად იყენებს.
