კატეგორიები

ევროკავშირის პროგრამა შვედეთის სოფლებში დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს ელექტრომობილების შეძენას უმარტივებს

ევროკავშირის პროგრამა შვედეთის სოფლებში დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს ელექტრომობილების შეძენას უმარტივებს
შვედეთის მთავრობის პროგრამა, რომელიც ნაწილობრივ ევროკავშირის „სოციალური კლიმატის ფონდიდან“ ფინანსდება, სოფლად მცხოვრებ დაბალი შემოსავლის მქონე მძღოლებს ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს, რათა მათ ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილები ელექტრომობილებით ჩაანაცვლონ.

შვედეთში ამოქმედდა ახალი პროგრამა, რომელიც სოფლის მოსახლეობას ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს, რათა მათ ეკოლოგიურად სუფთა არჩევანი გააკეთონ და ელექტრომობილზე გადავიდნენ.  ელექტრომობილებზე დაწესებული სუბსიდიის მიზანია, ფინანსურად დაეხმაროს  დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს ისეთ სოფლებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა შეუძლებელია. ჩვენ შვედეთის ცენტრალურ ნაწილში ჩავედით, რათა გავარკვიოთ, როგორ ინერგება ეს ინიციატივა პრაქტიკაში.

ელექტრომობილის სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარი ოლივია ალმქვისტი ამაყობს თავისი ახალი ელექტრომობილით, რომლითაც თავისი 30 წლის ბენზინისძრავიანი ავტომობილი ჩაანაცვლა. ორი შვილის დედა ამბობს, რომ თავისი ოჯახის ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე, მთლიანად ავტომობილზეა დამოკიდებული.

„მანქანა აუცილებელია, რადგან საბავშვო ბაღი ერთ მხარესაა, სამსახური — მეორე მხარეს, მაღაზია კი — მესამეზე. ამიტომ ავტობუსით მგზავრობა არ გამოდის“ – ამბობს ოლივია.

შვედეთის მთავრობის მიერ ელექტრომობილებზე გაცემული სუბსიდიის ფარგლებში ოლივია სამი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 120 ევროს მიიღებს, რომელსაც ელექტრომობილის ლიზინგის ყოველთვიური საფასურის -  415 ევროს ნაწილობრივ დასაფარად გამოიყენებს. თავდაპირველად ოლივია ეჭვის თვალით უყურებდა ელექტრომობილს, რადგან ეგონა, პრობლემას შეუქმნიდა დიდ მანძილზე სიარულის დროს მანქანის დამუხტვა, თუმცა ახლა ძალიან კმაყოფილია ელექტრომობილის  დაბალი საექსპლუატაციო ხარჯით.

„ვერ ვხვდებოდი, რატომ ყიდულობდა ხალხი ელექტრომობილებს — რადგან ისინი სანდოდ არ მიმაჩნდა. ახლა კი ვერ ვხვდები, რატომ ყველა არ ყიდულობს ელექტრომობილს“, - განმარტავს ოლივია.

ამ ფინანსური წახალისების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ხელი შეუწყოს ელექტრიფიკაციას, რათა ბენზინის მოხმარებასთან დაკავშირებული დიდი ხარჯი შეამციროს.

შვედეთის მოქალაქეებმა, რომლებსაც სუბსიდიის მიღება სურთ, გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ. კერძოდ, ბენეფიციარების შემოსავალი შვედეთში არსებულ საშუალო ხელფასზე 80%-ით ნაკლები უნდა იყოს და ისინი სოფლად უნდა ცხოვრობდნენ. ბენეფიცარს შეუძლია შეიძინოს, ან ლიზინგით აიღოს როგორც ახალი, ისე მეორეული ავტომობილი, მთავარია, მისი ღირებულება 6-დან 40 ათას  ევრომდე მერყეობდეს.

სოციალურმა მუშაკმა, დანიელ კალდემანმა, ისეთი ელექტრომობილი შეიძინა, რომლის ფასიც დათქმულ ზედა ზღვარს ოდნავ ჩამოუვარდება. დანიელი სამსახურიდან შორს ცხოვრობს და წელიწადში 65 000 კილომეტრს გადის, ამიტომ საწვავის ხარჯის დაზოგვით მნიშვნელოვან სარგებელს იღებს.

„ადრე მანქანაში დიზელის ჩასასხმელად თვეში 800 ევროზე მეტს ვიხდიდი, ახლა კი ამ მანქანის დასატენად 150 ევრო მყოფნის“, - ამბობს დანიელი.

დანიელს ხუთი შვილი ჰყავს და გასულ წელს დაბალი შემოსავალი ჰქონდა, ამიტომ ერთჯერადად ჯერ 1 600 ევროს ბონუსი მისცეს და  ყოველთვიური 120 ევროს სუბსიდიაც დაუმტკიცეს. მართალია, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილის ყოლა მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც დანიელი ამბობს, გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ფინანსური მხარდაჭერა აღმოჩნდა.

„მომწონს, ეკოლოგიის მიმართ პასუხისმგებლობას რომ ვიჩენ და ვცდილობ, გარემო არ დავაბინძურო,“ - განმარტავს დანიელი. „დიახ, ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა. თუმცა, ვფიქრობ, ჩემს შემთხვევაში მთავარი მაინც ეკონომიკური შეღავათი გახლდათ“.

საერთო ჯამში, ეს სუბსიდია მიზნად ისახავს, რომ ​​115 000-ზე მეტ ოჯახს ძვირადღირებული წიაღისეული საწვავის ჩანაცვლებაში დაეხმაროს. მაგრამ საიდან მოდის თანხა ამ მიზნის მისაღწევად?

სახსრების უმეტესი ნაწილი ევროპულია: „ევროკავშირის სოციალური კლიმატის ფონდის“ მიერ გაღებული 400 მილიონი ევრო ემატება „შვედეთის სოციალური კლიმატის გეგმას“, რომლის ბიუჯეტიც 533 მილიონი ევროა და რომელიც სუბსიდიებს გასცემს. „ევროკავშირის სოციალური კლიმატის ფონდი“ ევროპის ემისიების სავაჭრო სისტემის მეშვეობით მოზიდული ნახშირბადის გადასახადებით ფინანსდება. ელექტრომობილების სქემას შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო უწევს ზედამხედველობას.  შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოს ელექტრომობილების პროექტის ხელმძღვანელი ელინ ჰოლი მიიჩნევს, რომ სუბსიდიის სამიზნე აუდიტორია ძირითადად მეორეულ ელექტრომობილებს ყიდულობს ძველი ბენზინის ან დიზელისძრავიანი ავტომობილების შესაცვლელად.

„ვხედავთ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა — თითქმის 90% — მეორეულ ავტომობილებს იძენს,“ - ამბობს ელინი. „ამ პროგრამის მთავარი მიზანი ის არის, რომ მწვანე ენერგიაზე გარდამავალი ეტაპი უფრო სამართლიანად და თანასწორად წარმართოს. თუმცა ცხადია, ის მავნე გამონაბოლქვის შემცირებასაც უწყობს ხელს“.

შვედური სოფლის ერთ პატარა დასახლებაში შევხვდით ოთხი შვილის მამას, რობინ ლინდბერგს. ადგილობრივებში ამ კაცმა სახელი იმით გაითქვა, რომ თავისი 12 წლის ელექტრომობილი სულ რაღაც 10 ევროდ შეიძინა — თუ გავითვალისწინებთ მისთვის გადახდილ საწყის ბონუსსა და ყოველთვიურ სუბსიდიას. თავად რობინი ამბობს, რომ ელექტრომობის ერთგულ მომხრედ იქცა.

„მიყვარს ყველაფერი, რასაც ძრავა აქვს — მანქანა, ნავი თუ ტრაქტორი,“ - განმარტავს რობინი. „ელექტრომობილების მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. მაგრამ, რადგან იმის შესაძლებლობა მომეცა, რომ ელექტრომობილი საკუთარი ფულის დახარჯვის გარეშე გამომეცადა, ნამდვილად ღირდა. გაოცებული ვარ, რამდენად კარგი აღმოჩნდა“.

რობინი ამჟამად ავტოფარეხს აშენებს, რათა თავისი ავტომობილი ზამთარში აქ შეაფაროს. მარტში პროგრამის ამოქმედების შემდეგ, მას 20 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა და ელექტრომობილების სუბსიდიის მისაღებად განაცხადი შეიტანა.

ავტორი: ჯერემი უილქსი

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირის პროგრამა შვედეთის სოფლებში დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს ელექტრომობილების შეძენას უმარტივებს ბულგარეთში ახალი სოციალური სქემა მცირეწლოვანთა მშობლებს სამსახურში დაბრუნებას უადვილებს და თან უმუშევრებს ასაქმებს