ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) გენერალური დირექტორის იოზეფ აშბახერის განცხადებით, კოსმოსური ინდუსტრია, რომლის კაპიტალიზაციაც ამჟამად 600 მილიარდ ევროს შეადგენს, მოსალოდნელია, რომ წელიწადში 10%-ით გაიზარდოს. „ევრონიუსისთვის“ მოცემულ ინტერვიუში იოზეფ აშბახერმა ისაუბრა, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ევროპამ კოსმოსის ინდუსტრიის განვითარებით.
ჰანა ბრაუნი, ევრონიუსი: „ დაახლოებით ერთი წლის წინ გერმანიის ქალაქ ბრემენში გაიმართა ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA-ს) მინისტრთა საბჭოს შეხვედრა, სადაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს უნდა დაეგეგმათ მომდევნო სამი წლის განმავლობაში გასაწევი ხარჯები. რა ფინანსური შედეგი მოჰყვა ამ შეხვედრას?“
იოზეფ აშბახერი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი: „მართლაც, განსაკუთრებული ფინანსური შედეგები მოჰყვა. რეკორდების სერია მივიღეთ, რადგან ჯერ კიდევ 2022 წელს წევრმა სახელმწიფოებმა 17%-ით მეტი დაფინანსება გამოყვეს. 2025 წელს დაფინანსების მაჩვენებელი 32%-ით აღემატებოდა სამი წლის წინანდელ მაჩვენებელს. ვფიქრობ, არსებობს სამი მიზეზი, თუ რატომ გაიღეს წევრმა სახელმწიფოებმა ამხელა დაფინანსება ამ მინისტერიალისთვის. პირველი: კოსმოსური ტექნოლოგიები კრიტიკულად მნიშვნელოვანია— ეს არის ტექნოლოგია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვჭირდება და აუცილებელია. მეორე: კოსმოსი, როგორც ეკონომიკის სექტორი, ძალიან სწრაფად ვითარდება. დღეის მდგომარეობით, გლობალური კოსმოსური ეკონომიკის მოცულობა დაახლოებით 600 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1,8 ტრილიონ ევროზე ავა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ზრდაა — წელიწადში დაახლოებით 10% გამოდის. ბევრი იცით ისეთი ეკონომიკური სექტორი, რომელიც წელიწადში 10%-ით იზრდება? და მესამე: კოსმოსის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება, რათა ჩვენი ქვეყნები და ხალხის დავიცვათ“.
ჰანა ბრაუნი, ევრონიუსი: „დიახ, რა თქმა უნდა. თავდაცვის საკითხთან დაკავშირებით, გასულ წელს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გადაილახა: შეიცვალა ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA-ს) მანდატი და მასში არააგრესიული ხასიათის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომპონენტები შევიდა. როგორ აისახა ეს ყველაფერი სააგენტოს ყოველდღიურ საქმიანობაზე და რა ახალი პროგრამები წამოიწყეთ?“
იოზეფ აშბახერი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი: „დიახ, ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა — როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, რაც პროგრამის განხორციელებას ეხება. ჩვენ ასევე მოვიპოვეთ დაფინანსება — მილიარდ 300 ათასი (1,3 მილიარდი) ევრო — პირველი პროგრამისთვის, სახელწოდებით „ევროპული მდგრადობა კოსმოსიდან - დაკვირვება დედამიწაზე“ (European Resilience from Space–Earth Observation - ERS-EO). ეს პროგრამა ევროპის სადაზვერვო პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება; რადგან თუ გსურთ, მუდმივად აკონტროლოთ ვითარება თქვენს საზღვრებთან, ევროპის ფარგლებს გარეთ, თავად ევროპაში თუ სხვა კონკრეტულ რეგიონებში, საჭიროა მუდმივი დაკვირვება, რაც ყოველ 20–30 წუთში მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის ამსახველი გამოსახულების მიღებას გულისხმობს. სწორედ ეს არის ასეთი თანამგზავრული დაჯგუფების მიზანიც: უზრუნველყოს სადაზვერვო ბაზა დაკვირვების მაღალი სიხშირისთვის — ოპტიკური, რადარული და თერმული ინფრაწითელი არხების გამოყენებით, რასაც თან ახლავს კარგად ინტეგრირებული, დაცული საკომუნიკაციო სისტემა“.
ჰანა ბრაუნი, ევრონიუსი: „თუ ევროპის კოსმოსურ სააგენტოში (ESA) თქვენს სხვა საქმიანობასაც გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, საზოგადოების უმეტესობას კოსმოსის ათვისება, პირველ რიგში, ადამიანის მიერ კოსმოსის კვლევა ჰგონია, არა? ამჟამად ევროპელი ასტრონავტებისთვის ძირითადი პერსპექტივა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისა (ISS) და Artemis-ის მთვარის მისიებში ჩართვაა, რომლებიც მხოლოდ NASA-სთან პარტნიორობით ხორციელდება, ხომ ასეა? თუმცა, 2032 წელს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ექსპლუატაცია დასრულდება. რა პერსპექტივა ექნებათ ევროპელ ასტრონავტებს მომავალში? არსებობს თუ არა კოსმოსში მოხვედრის ისეთი გზა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებზე არ იქნება დამოკიდებული?“
იოზეფ აშბახერი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი: „ეს ძალიან მასშტაბური საკითხია და, მერწმუნეთ, ამაზე დღედაღამ ვფიქრობ. მოდი, ცოტა უკან დავიხიოთ და შევაფასოთ არსებული ვითარება. დღეისათვის მხოლოდ სამ ქვეყანას შეუძლია ასტრონავტების კოსმოსში გაგზავნა: რუსეთს, ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. პირველი ორი ამჟამად ჩვენთვის სასურველი პარტნიორი არ არის. შესაბამისად, თუ გვსურს ასტრონავტების კოსმოსში გაგზავნა კვლევებისა და ტექნოლოგიური განვითარების მიზნით, იძულებული ვართ, სხვებს „ავედევნოთ“ — ანუ სხვა ქვეყნის ხომალდით ვისარგებლოთ. პრაქტიკულად, ჩვენ გვაქვს შეთანხმება NASA-სთან, NASA კი, თავის მხრივ, SpaceX-ი ყიდულობს რაკეტის გამშვებ მომსახურებას ასტრონავტების კოსმოსში გასაგზავნად. დღევანდელი მდგომარეობა ასეთია. SpaceX-მა უკვე განაცხადა, რომ დაახლოებით 2029 წლისთვის აპირებს, ექსპლუატაციიდან გამოიყვანოს Falcon 9-ისა და Crew Dragon-ის — ხომალდები, რომლებითაც ასტრონავტები კოსმოსში გადიან. ეს იმას ნიშნავს, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ამ ხომალდებითაც ვეღარ ვისარგებლებთ. შესაძლოა, გამოჩნდეს სხვადასხვა ალტერნატივაც, რომელთა შესახებაც დღეს ჯერ არაფერი ვიცით. ასე რომ, გაურკვეველ მდგომარეობაშია ახლა ევროპა, თუკი სურს გააგრძელოს კოსმოსის ათვისება და ასტრონავტები კოსმოსში გაუშვას. სწორედ ამიტომ ახლა ჩვენს მინისტრებთან ერთად ვმსჯელობთ, რატომ არ შეიძლება, რომ ეს დამოუკიდებლად გავაკეთოთ. ჩვენი კონტინენტი ეკონომიკურად ძალიან ძლიერია. ზოგს უკვირს კიდეც და კითხულობს, მაინც „რა უშლის ხელს ევროპას, რომ თავად გაართვას ამ ამოცანას თავის?“ ტექნიკურად ამის გაკეთება შეგვიძლია — ეს ფაქტია. თუმცა, საჭიროა ჩართულობა, დრო და, რა თქმა უნდა, თავდადება“.
ჰანა ბრაუნი, ევრონიუსი: „შეგიძლიათ, მოკლედ გაგვაცნოთ სამოქმედო გეგმა — თუ როგორ წარმოგიდგენიათ დამოუკიდებელად კოსმოსური ხომალდის გაშვება? რა დაჯდება ეს პროცესი? რა დრო დასჭირდება მის განხორციელებას? და რა ალტერნატივა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოვიქცევით?“
იოზეფ აშბახერი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი: „უკვე გვაქვს გარკვეული ტექნოლოგიები, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია, თუმცა არის ისეთი ტექნოლოგიაც, რომელიც არ გვაქვს ამ ეტაპზე. არ გვაქვს ხომალდი, რომლითაც ასტრონავტები კოსმოსში გაფრინდებიან და რომელიც აღჭურვილი იქნება უსაფრთხოების სისტემით ავარიის შემთხვევაში. ასევე, არ გვაქვს ასტრონავტების დაშვების შემდეგ მათი უსაფრთხო ევაკუაციის მექანიზმი, არც სამეცნიერო საქმიანობის სრულფასოვანი ორგანიზება შეგვიძლია. გვაქვს მხოლოდ ცალკეული კომპონენტები, მაგრამ არა სრული ჯაჭვი. შესაბამისად, თუ ამ ყველაფერს ნულიდან — ანუ დღევანდელი მდგომარეობიდან — დავიწყებთ, დაახლოებით 10 წელი და 10 მილიარდი ევრო გვჭირდება. თუ ინვესტიციას არ ჩავდებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, ისევ შეერთებულ შტატებში მოგვიწევს საფრენი ხომალდის შეძენა კომერციული მომწოდებლისგან; ასევე, მოგვიწევს კოსმოსში ადგილის დაქირავება, რადგან მოქმედი კოსმოსური სადგური ორბიტიდან უნდა გამოვიდეს და კვლევების ჩასატარებლად კომერციული სერვისით უნდა ვისარგებლოთ. თუ სადგურზე წვდომას გარკვეული შეღავათებით მივიღებთ, ეს მომდევნო 10 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, 5 მილიარდი ევრო დაგვიჯდება. გამოდის, რომ თუ ამას დამოუკიდებლად გავაკეთებთ, 10 მილიარდი ევრო დაგვიჯდება, ხოლო თუ უცხოეთში გადავიხდით ამ მომხსახურების ფულს — 5 მილიარდი. თუმცა ეს გადახდილი თანხა, ფაქტობრივად, იკარგება — იმ გაგებით, რომ ის ევროპის ფარგლებს გარეთ იხარჯება. ამიტომ, მირჩევნია, ეს სახსრები ევროპაში დავაბანდო, გავაძლიერო ჩვენი ინდუსტრია, გავზარდო ევროპის ავტონომია ამ სფეროში და, შესაძლოა, შევთავაზო ადგილიც ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს იაპონიიდან, ავსტრალიიდან ან სხვა ქვეყნებიდან“.
ჰანა ბრაუნი, ევრონიუსი: „ჩვენ ვისაუბრეთ ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA-ს) მანდატის ცვლილებაზე, რათა ეს მანდატი არააგრესიულ თავდაცვაზეც გავრცელდეს; ასევე — საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) დაშლაზე, მომავალში ასტრონავტების კოსმოსში გაგზავნის სავარაუდო გზებზე და, ვინ იცის, იქნებ NASA-სთან თანამშრომლობის დასრულებაზეც. ეს ყველაფერი საკმაოდ მასშტაბურ ცვლილებას ჰგავს დღევანდელი კოსმოსური ინდუსტრიის გადმოსახედიდან. როგორ გგონიათ, კოსმოსის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი ხომ არ დადგა?“
იოზეფ აშბახერი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი: ამჟამად კოსმოსური სფერო უპრეცედენტო აღმასვლას განიცდის და როდესაც „აღმასვლაზე“ ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ რაკეტები და თანამგზავრები, არამედ მთლიანად ეს დარგი. ეს არის ახალი კოსმოსური რევოლუცია, ან, თუ გნებავთ, ახალი რენესანსი. რა თქმა უნდა, პირველი ასეთი ეტაპი გასული საუკუნის 60-იან წლებში ამერიკიის „აპოლოს“ Apollo პროგრამით დაიწყო. მაშინ ამ პროცესში მხოლოდ ორი სახელმწიფო მონაწილეობდა: ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი. დღეს კი ამ სფეროში მრავალი ქვეყანაა ჩართული და კოსმოსური მიმართულება მთელ მსოფლიოში სწრაფი ტემპით ვითარდება. როგორც ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) გენერალური დირექტორი, მუდმივად ვაკვირდები, თუ რა პოზიციას იკავებს ევროპა. მინდა, შეგვეძლოს კონკურენციის გაწევა და მაღალი დონის შედეგების დადება; მინდა, ჩვენს მოქალაქეებსა და ინდუსტრიას საუკეთესო შესაძლებლობები შევთავაზოთ. ტექნიკური თვალსაზრისით, ევროპა მართლაც ძლიერია — გვაქვს შესანიშნავი ინდუსტრია და ძალიან დიდი პოტენციალი, მაგრამ ამავე დროს, ევროპას აკლია ფინანსური რესურსი და ამას კარგად ვაცნობიერებ. სწორედ ამიტომ ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ინვესტორთა პირველი ფორუმი გამართა. ჩვენ მოვიწვიეთ საინვესტიციო (ვენჩურული) კომპანიები, ბანკები და კერძო, უანგარო ინვესტორები („ანგელოზი“ ინვესტორები). ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ხალხი, ფაქტობრივად, ყოველ წუთს მეკითხებოდა: „კოსმოსი ხომ ახალი, მიმზიდველი სფეროა ინვესტირებისთვის? რისი გაკეთება შეიძლება? როგორ მოვიზიდოთ კაპიტალი თქვენს ეკოსისტემაში?“ საუბარია არა მხოლოდ ჩვენს სააგენტოზე ( ESA-ზე), არამედ ევროპულ კომპანიებზეც — თუ რომელი მიმართულებებია ყველაზე პერსპექტიული. ეს ღონისძიება დიდი წარმატებით დაგვირგვინდა; მან დაადასტურა, რომ ჩვენ მიმზიდველები ვართ და ჩვენს სექტორში ფინანსური ნაკადი შემოდის — არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ კერძო სექტორის მხრიდანაც. და სწორედ ეს არის ის შედეგი, რომლის მიღწევაც მსურს“.
ჰანა ბრაუნი, ევრონიუსი: „ძალიან კარგი. 2028 წელს მინისტრთა საბჭოს მომდევნო სხდომაა დაგეგმილი — მანამდე კი სულ რაღაც ორი წელია დარჩენილი. როგორი იქნება ევროპის კოსმოსური სააგენტო 2028 წელს? რომ შეაჯამოთ ყველაფერი“.
იოზეფ აშბახერი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი: ევროპის კოსმოსური სააგენტო საგრძნობლად განსხვავებული იქნება. ჩვენ ვიქნებით უფრო მოქნილი, სწრაფი და დინამიკური. თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო უსაფრთხოებასა და თავდაცვაზეც გავამახვილებთ ყურადღებას. გარდა ამისა, იმედი გვაქვს, რომ განვახორციელებთ პროგრამას, რომელიც ევროპელი ასტრონავტების კოსმოსში გაგზავნას ითვალისწინებს — ჩვენივე რაკეტითა და კაფსულით, ხოლო მათი დაბრუნება და უსაფრთხოდ ჩამოყვანა ჩვენივე რესურსებით უზრუნველვყოფთ“.
ავტორი: ჰანა ბრაუნი
