კატეგორიები

პუტინის მტკიცებით, ევროპასთან ომი არ სურს, თუმცა ამ სცენარისთვისაც მზადაა

პუტინის მტკიცებით, ევროპასთან ომი არ სურს, თუმცა ამ სცენარისთვისაც მზადაა
პუტინის მტკიცებით, ომის შემთხვევაში, ევროპა რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებას ვერ შეძლებს, რადგან ამას ვერც დღეს ახერხებს.

კრემლის ლიდერი მიიჩნევს, რომ თავად მოსკოვს არ სჭირდება კონტინენტის სახელმწიფოებთან ფართომასშტაბიანი ომი, თუმცა თავდასხმის შემთხვევაში მზადაა, „საკადრისი პასუხი“ გასცეს მოწინააღმდეგეს. ამავდროულად, ის დასძენს, რომ, ამ შემთხვევაში, „გამარჯვებული არავინ იქნება“, რადგან რუსეთს „კარგად აქვს გააზრებული“ პირველი და მეორე მსოფლიო ომებიდან გამოტანილი გაკვეთილი.

„ბევრი მხოლოდ 2030 წლისთვის ომისთვის მზადებაზე საუბრობს. არის კი ეს სწორი მიდგომა?

ჩვენი მხრივ, ჩვენ ომისთვის მზად ვართ, მაგრამ ევროპასთან ომი არ გვსურს. თუ სხვებს ომი სურთ, დაე, მოემზადონ, თუმცა მათ ვერ მიაღწიეს თავიანთ მიზანს - რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას 2030 წლისთვის შეძლებენ.

თუ საქმე ძალიან შორს წავა, გამარჯვებული არავინ იქნება. ეს არავინ უნდა დაივიწყოს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა ახსენა 27 ოქტომბერს მასსა და ფინეთისა და ნორვეგიის პოლიტიკურ ლიდერებს შორის გამართული სატელეფონო საუბარიც.

როგორც პუტინი ამბობს, მიესალმება, თუკი ევროპაში არსებობს ვინმე, ვისაც არ სურს მოსკოვთან კონფრონტაცია და ვითარების კიდევ უფრო მეტად ესკალაცია:

„საუბრის დასაწყისშივე მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არ წარმოადგენდნენ ევროკავშირს, როგორც ორგანიზაციას, და საკუთარი ქვეყნების სახელით საუბრობდნენ.

თავად საუბარი მათი ინიციატივით გაიმართა და მასზე მართლაც არაერთი საკითხი იქნა განხილული.

ვიცი, რომ შემდგომში მათ გარკვეული კრიტიკაც დაიმსახურეს. თუმცა, ჩვენი საქმე არაა იმის განსჯა, ეს სწორი იყო თუ არასწორი. ჩემი აზრით, ეს სწორი ნაბიჯი იყო.

ბოლოს და ბოლოს, ევროპაში არიან ადამიანები, რომლებსაც რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება კი არ სურთ, როგორც ზოგიერთ სხვას, არამედ კონსტრუქციული დიალოგის დამყარება სურთ.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ევროპულ ქვეყნებთან სრულფასოვანი და ყოვლისმომცველი ურთიერთობების აღდგენას ისახავს მიზნად - იქნება ეს კოლექტიური ფორმატით, ისეთი გაერთიანების მეშვეობით, როგორიც ევროკავშირია, თუ ორმხრივ საფუძველზე. ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს - მზად ვართ, თანამშრომლობის ის ფორმა მივიღოთ, რომელსაც თავად ისინი აირჩევენ.“

თავის მხრივ, ევროპელი ლიდერები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთი უკვე აწარმოებს ჰიბრიდულ და ე.წ. „ჩრდილოვან“ ომს ევროპის წინააღმდეგ, რაც გამოიხატება კიბერშეტევებში, დივერსიებსა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებში. ამის გამო კი, ევროპული ქვეყნები თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და სამხედრო მზადყოფნას ცდილობენ, რაც მოსკოვში აღქმულია როგორც მზადება მის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად.

დაკავშირებული ამბები
პუტინის მტკიცებით, ევროპასთან ომი არ სურს, თუმცა ამ სცენარისთვისაც მზადაა პუტინის მტკიცებით, რუსეთს უკრაინასთან ომი არ სურს, თუმცა ტერიტორიული საკითხის განხილვას არ აპირებს