მთავარისაქართველოგამყარებული ლარი - უცვლელი ფასები

გამყარებული ლარი – უცვლელი ფასები

ლარი ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამყარებას განაგრძობს, მიუხედავას ამისა პროდუქტის ფასები არ შემცირებულა, ხშირ შემთხვევაში გაიზარდა კიდეც. ეკონომიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფასები არც მომავალში შემცირდება.

„ფასებზე ეს ყველაფერი იმიტომ არ აისახება საბოლოო ჯამში, რომ სხვა ფაქტორები, რომლებიც ფასების ზრდაზე ახდენს ზეწოლას, გაცილებით უფრო ძლიერია ამ ეტაპზე, ვიდრე გაცვლითი კურსის გამყარება. ერთი ფატორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, როგორც გაუფასურებას აქვს დროში დაყოვნებული ეფექტი ფასებზეც. მაგალითად, ბოლო პერიოდის გამყარების ეფექტი ჯერ არ გვინახავს, იმიტომ, რომ კომპანიებს მარაგები აქვთ და მომდევნო მარაგების შემოტანაზე იმოქმედებს ეს გამყარება, თუმცა ამ ეტაპზე რა მოსაზრებებიც არსებობს, საგარეო ფაქტორები იმდენად ძლიერია, რომ სავარაუდოდ ახალი მარაგების შემოტანის შემდეგაც ფასები უფრო მაღალ დონეზე შენარჩუნდება“, – ვარაუდობს ეკონომიკის მკვლევარი დავით კეშელავა.

ლარის კურსის გამყარებას დავით კეშელავა რამდენიმე გარემოებას უკავშირებს. უცხოური ვალუტის ქვეყანაში შემოდინების ზრდას, გასულ წლებთან შედარებით ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალსა და ეროვნული ბანკის მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას. გაგრძელდება თუ არა ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია, რამდენიმე გარემოებაზე იქნება დამოკიდებული.

„გაცვლითი კურსის დინამიკა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ტურიზმის აღდგენის ტემპებზეც. ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია საქართველოშიც და მსოფლიოშიც არადამაკმაყოფილებელია. საკმაოდ მძიმეა, ამიტომ ტურიზმის აღდგენაც, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება სათანადოდ, რაც პანდემიამდე გვქონდა. ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება რეგიონში განვითარებულ მოვლენებსაც, იმიტომ რომ ძალიან დიდია პოლიტიკური დაძაბულობა რეგიონში. აქ თუ ჩვენს საწინააღმდეგოდ განვითარდა მოვლენები, სამხედრო ოპერაციებით თუ დასრულდა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა ექნება ამ ყველაფერს გაცვლით კურსზე“, – აცხადებს დავით კეშელავა.

საქსტატის მონაცემების თანახმად ინფლაციის დონემ გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 13,9 პროცენტი შეადგინა. მაგალითად, 2022 წლის იანვარში, წინა წელთან შედარებით, ბოსტნეული და ბაღჩეული 23.3 პროცენტით, პური და პურპროდუქტები 20.5, ზეთი და ცხიმი 19.6 პროცენტით გაიზარდა.  ეკონომისტები ამბობენ, რომ არა ლარის კურსის გამყარება, ნავთობ და სასურსათო პროდუქტებზე ფასები კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend