უკრაინის საკითხთან დაკავშირებით დაძაბულობა ყოველდღიურად იმატებს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა ყალბი ვიდეო გამოიყენოს, როგორც წინაპირობა უკრაინაში სამხედრო მოქმედების დასაწყებად. რუსული მხარე ამ ბრალდებებსაც უარყოფს და ამერიკას ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
შეერთებული შტატები რუსეთს ადანაშაულებს, რომ უკრაინაში შეჭრის წინაპირობად რუსული მხარე გეგმავს ვიდეოს გაყალბებას, რომ საზოგადოებას აჩვენოს, თუ როგორ ესხმიან თავს უკრაინელი სამხედროები და უსაფრთხოების ძალები ეთნიკურად რუსულ მოსახლეობას.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი აღნიშნავს, რომ ასეთი პროპაგანდისტული ვიდეოს გადაღება ერთ-ერთი ხერხია, რომელსაც რუსეთის მთავრობა იყენებს იმის გასამართლებლად, რომ სამხედრო ქმედებები განახორციელოს უკრაინის წინააღმდეგ. მათ ზუსტად არ იციან, მომავალ დღეებში რუსეთი ამ საშუალებას გამოიყენებს თუ რამე სხვას. ვიდეოს ახლა იმისთვის ასაჯაროებენ, რომ ყველამ დაინახოს, როგორ მოქმედებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ და როგორ ცდილობს დესტაბილიზაციის შექმნას. მათი მთავარი მიზანია, რუსეთმა უარი თქვას სახიფათო კამპანიასა და სამხედრო თავდასხმაზე.
რუსეთი უარყოფს ამ ინფორმაციას. მოსკოვში აცხადებენ, რომ მსგავსი ბრალდებები ადრეც მოუსმენიათ, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.
რუსეთი აშშ-ს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს მას შემდეგ, რაც ბაიდენმა განაცხადა, რომ დამატებით 3000 სამხედროს გაგზავნის ევროპაში.
უკრაინაში კი რუსეთის მიერ ორგანიზებული სამხედრო წვრთნებისა და ცოცხალი ძალის მობილიზების გამო ფიქრობენ, რომ ომი გარდაუვალია.
ხუთშაბათს ახალი მოთამაშე გამოჩნდა. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, რომელიც მხარეებს კონფლიქტის დასასრულებლად შუამავლობას სთავაზობს. პუტინთან უთანხმოების მიუხედავად, ერდოღანმა მასთან უკვე გამართა მოლაპარაკებები მესამე ქვეყნის, სირიის საკითხთან დაკავშირებით.