მთავარიევროპაშვეიცარიაჟენევაში აშშ-სა და რუსეთს შორის შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე დასრულდა

ჟენევაში აშშ-სა და რუსეთს შორის შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე დასრულდა

ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც  უსაფრთხოებისა და უკრაინის საკითხზე სტრატეგიული მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო,  ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწიეს. ორივე მხარე მყარად იდგა თავის პოზიციაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი არ აპირებს უკრაინაში შეჭრას. მისმა ამერიკელმა კოლეგამ ვენდი შერმანმა კი განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში შეერთებული შტატები რუსეთს სანქციებს დააკისრებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი ფიქრობს, რომ ამერიკულმა მხარემ რუსული შეთავაზებები სერიოზულად მიიღო და კარგად გააანალიზა. მათ ამერიკელებს წარუდგინეს დეტალური ანალიზი იმ ლოგიკისა, რომელიც ამ შეთავაზებების უკან დგას, იქვე იყო განმარტებული, თუ რატომ უნდა  მიიღოს გარანტიები რუსეთმა, რომ ნატო არ გაფართოვდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი აღნიშნავს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას მოჰყვება სერიოზული შედეგები და შესაბამისი რეაგირება, ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილა. ეს შედეგები გულისხმობს ფინანსურ სანქციებს, რომლებიც მიმართული იქნება მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტების, ექსპორტის კონტროლისა და წამყვანი ინდუსტრიების წინააღმდეგ.

რუსეთი მოითხოვს მყარ გარანტიებს, რომ უკრაინას ნატოს წევრობას არ შესთავაზებენ. ამერიკამ არ მიიღო ეს წინადადება. ამერიკულმა მხარემ, თავის მხრივ, შესთავაზა რუსეთს, ორივე ქვეყანას შეემცირებინა სამხედრო წვრთნები და რაკეტების განლაგება, თუმცა, როგორც ჩანს, ეს შეთავაზება რუსული მხარისთვის საკმარისი არ იქნება.

მიმდინარე კვირას ორ მხარეს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, ოღონდ ამჯერად ბრიუსელში.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend