ბელარუსის მთავრობამ გამოაქვეყნა დოკუმენტის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს ქვეყნის კონსტიტუციაში და რომელიც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო განიმტკიცოს ძალაუფლება და თანამდებობაზე 2035 წლამდე დარჩეს. ლუკაშენკოს ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა სახელმწიფო ტელევიზიით გადმოსცეს, რომ იგი დაესწრო ბავშვებისთვის გამართულ სპეციალურ საახალწლო წვეულებას, რომელიც მინსკში, რესპუბლიკის სასახლის მთავარ დარბაზში გაიმართა.
შეთავაზებული ცვლილებები გამოქვეყნებულია პრეზიდენტისა და საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ ოფიციალურ ვებგვერდებზე. ბელარუსებს მოუწოდებენ, შევიდნენ ამ გვერდებზე, დაწერონ კომენტარები და გამოხატონ თავიანთი აზრი წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
ბელარუსში 2020 წლის აგვისტოში მასობრივი საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც არჩევნების შედეგებით, რომელსაც დასავლეთი არ აღიარებს, ლუკაშენკო მეექვსედ აირჩიეს პრეზიდენტის თანამდებობაზე. თვეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს პრეზიდენტმა სასტიკი დარბევით უპასუხა, ათასობით პირი დაზარალდა, ხოლო 35 000 ადამიანი დააპატიმრეს.
ცვლილებებს წარადგენენ რეფერენდუმზე, რომელიც 2022 წლის თებერვალში გაიმართება. პროექტს იმ შემთხვევაში დაამტკიცებენ, თუკი აქტივობა 50 პროცენტზე მეტი იქნება და მას ამომრჩევლების 50 პროცენტზე მეტი დაუჭერს მხარს.