ბელარუსის პრეზიდენტის მტკიცებით, უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი ომი დასასრულთან ახლოსაა და სავსებით შესაძლებელია, ყველაფერი „მომდევნო თვეების განმავლობაში“ დასრულდეს.
მინსკის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ კონფლიქტში ჩართული მხარეები რესურსების ნაკლებობას განიცდიან და, ამავე დროს, გამოფიტვის ფაზაში არიან შესულნი.
„ვიღაცას სურს, ბელარუსი ამ ომში ჩაითრიოს და ესკალაცია გამოიწვიოს. მაგრამ ბელარუსის ომში ჩართვა უბრალოდ ესკალაცია კი არა, ამ ომის სრულიად ახალ და გაცილებით საშიშ ეტაპზე გადასვლა იქნება.
უნდა ითქვას, რომ ომი მხოლოდ ჩვენს საზღვრებთან აღარ მიმდინარეობს - ის უკვე აქ არის. ჩემი პირადი აზრით, უკრაინაში ომი უახლოეს თვეებში დასრულდება. სულ ეს არის. ამისთვის არც ძალები და არც რესურსები აღარ არსებობს. ყველა დაიღალა“, - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკამ.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც, რომელმაც ევროპული ქვეყნები დაადანაშაულა იმაში, რომ უკრაინაში კონფლიქტი მოსკოვის წინააღმდეგ მიმართულ ომად აქციეს.
რუსმა დიპლომატმა გააკრიტიკა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ცალკეული მიმართულებებით ზავის გამოცხადების მოწოდებები.
მისი მტკიცებით, ასეთი ნაბიჯები კიევს შესაძლებლობას მისცემდა, უცხოელი მხარდამჭერების დახმარებით საკუთარი სამხედრო პოტენციალი აღედგინა:
„როდესაც უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც ბრიუსელმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ომად აქცია, გვესმის მოწოდებები ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ენერგეტიკული, სასურსათო, საჰაერო და საზღვაო ზავის შეთანხმების შესახებ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი მშვიდობის დამყარებას არ ემსახურება - ამაში არაერთხელ დავრწმუნებულვართ.
ყველა ეს მოწოდება მხოლოდ ერთი მიზნისკენ არის მიმართული: კიევს მიეცეს დროებითი შესვენების შესაძლებლობა, რათა ამ რეჟიმის უცხოელმა სპონსორებმა მას საბრძოლო პოტენციალის აღდგენაში დაეხმარონ.“
ბელარუსის დედაქალაქში გამართულმა ორდღიანმა კონფერენციამ, დაახლოებით 50 ქვეყნის წარმომადგენლები გააერთიანა რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევების განსახილველად.
