„მოლაპარაკებები სახეში „რუსული წესით“ მუშტების მოქნევის ნაცვლად“ - ბელარუსის პრეზიდენტის მტკიცებით, მინსკს არანაირად არ სურს უკრაინელების წინააღმდეგ ომში ჩართვა, რადგან „მიწაც ყოფნის, ეკონომიკაც და პრობლემებიც“.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორთან შეხვედრისას, ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ახლო წარსულში შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლების წარმომადგენლებს და განუცხადა მინსკის გეგმები, რუსეთ-უკრაინას შორის ომში მშვიდობისმყოფელის როლის შესრულებასთან დაკავშირებით.
„ახლახან აქ მყოფ ზელენკსის წარმომადგენლებს ვუთხარი - თუ ზელენსკი ფიქრობს, რომ ჩვენთან ასე საუბარი და ჩვენი ომში ჩათრევა შეიძლება, უნდა ესმოდეს, რომ მაშინ ომის ხარისხი მყისიერად შეიცვლება. ეს სულ სხვანაირი ომი იქნება.
მეგობრებო, მოდით, მოვილაპარაკოთ. ჩვენ გვჭირდება არსებითი შეთანხმება. არ არის საჭირო „მტვრის აწევა“, არ არის საჭირო ყვირილი. არ არის საჭირო სახეში „რუსული წესით“ მუშტის მოქნევა. უბრალოდ, ადამიანურად მოვიქცეთ. ომში ჩართვა ჩვენ არ გვჭირდება. რუსეთის პრეზიდენტთან ეს საკითხი ათასჯერ გვაქვს განხილული.
როგორ ვიომოთ უკრაინელების წინააღმდეგ, თუ იქითა მხრიდან ძირითადად ტერიტორიული ჯარები არიან განლაგებული. რა? ვესროლოთ მექანიზატორებს, მერძევეებს და მუშებს, რომლებსაც არ სურთ ბელარუსებთან ბრძოლა? არც ჩვენ არ გვინდა ბრძოლა უკრაინელების წინააღმდეგ.
ამას გარდა, ჩვენი პოზიცია ისაა, რომ ვართ მშვიდობისმოყვარენი, მაგრამ ნებისმიერ ვითარებაში რუსეთის მხარდამხარ ვიდგებით. სხვანაირად ვერც იქნება. წარმოდგენაც კი არ გვინდა, რა იქნება თუ დასავლეთი კვლავ აქ შემოძვრება და გაიმარჯვებს. საერთოდ არ ვამბობ უკრაინაზე, ისინი რა შუაში არიან.
ძალიან კარგად გვესმის, ვის ვეომებით დღეს. სურთ მშვიდობა? მაშ არსებითი შეთანხმების საფუძველზე მოვილაპარაკოთ. ჩვენ ომი არ გვჭირდება. მიწებიც გვყოფნიც, ეკონომიკაც და პრობლემებიც, ამიტომ არანაირი კონფრონტაცია არ გვჭირდება“, - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკამ.
ომთან დაკავშირებით, ეს არის ბელარუსის პრეზიდენტის პირველი განცხადება მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას საჯაროდ მოუწოდა, უკრაინის საზღვრის გასწვრივ, ჰომელისა და ბრესტის ოლქებში განლაგებული ოთხი რეტრანსლატორი სადგური მოეხსნა მოუწოდა.
კიევის თანახმად, ისინი გამოიყენებოდა რუსული დრონებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად, რის შედეგადაც უკრაინულ ქალაქებზე დარტყმები უფრო ზუსტი და დამანგრეველი იყო.
25 ივნისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სპეციალური მოწყობილობები გათიშულია, თუმცა უცნობია, მოიხსნა თუ არა ისინი საბოლოოდ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ამ რეტრანსლატორების შესახებ მოსკოვში ინფორმაცია არ აქვთ და საკითხით დაინტერესებულ პირებს მოუწოდებენ, კითხვებით შესაბამის უწყებებს მიმართონ.
„რაც შეეხება რეტრანსლატორებს, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და მათთან დაკავშირებული საკითხი შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა. ვფიქრობ, ამ თემაზე კითხვების მიმართვა სწორი იქნება კიევში ზელენსკისადმი, ან მინსკში. იქ გიპასუხებენ.
რაც შეეხება გამოცემა Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს, ისინი საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ გვაქვს სამოკავშირეო სახელმწიფო, ბელარუსთან ერთობლივი პროექტების მთელი სია, რაც დღის წესრიგშია. ბელარუსთან ინტეგრაციის განვითარებული ფორმა გვაქვს და ბელარუსი ჩვენი უახლოესი მოკავშირეა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „აუცილებლობის შემთხვევაში“, მოსკოვი მზად არის, შეასრულოს „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ ფარგლებში გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და სამხედრო გზითაც დაიცვას ბელარუსი, იმ შემთხვევაში თუ მის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდება.
ამავდროულად, უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნების ბრძანებით, 1-ლი ივლისიდან გამოცხადდა იმ დაახლოებით 1 000 სამოქალაქო პირის სავალდებულო ევაკუაცია, რომელიც რუსეთ-ბელარუსის მოსაზღვრე ჩერნიჰივის ოლქში ამ დრომდე რჩება.
