მთავარიევროპაპორტუგალიაპორტუგალიაში პროდუქტებზე ფასები იზრდება

პორტუგალიაში პროდუქტებზე ფასები იზრდება

მსოფლიოში ენერგორესურსებისა და საწვავის გაძვირება აფერხებს არაერთი სფეროს საქმიანობას და სხვა პროდუქტებზეც იწვევს  ფასების ზრდას. გამონაკლისი არც აგრონომიაა. პორტუგალიაში ზედნადები ხარჯების გაზრდის გამო ფერმერებს უჭირთ ბოსტნეულზე არსებული ფასების შენარჩუნება. ბოლო ინფორმაციით, ფერმერთა ნაწილმა საერთოდ შეაჩერა მუშაობა. ზოგიერთი კი წარმოების მოცულობის შემცირებაზე ფიქრობს.

საწვავისა და ენერგორესურსების ფასების ზრდა შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვეს მრავალ ოჯახს. პორტუგალიაში პროდუქტები გაძვირდა, ამას  შესაძლოა ფერმერთა მიერ მოყვანილი პრუდუქტების ფასების ზრდაც დაემატოს. სასუქი, ინსექტიციდები, ტექნიკა, მუშახელი – პორტუგალიაში თითქმის ყველაფერი გაძვირებულია. ჯერჯერობით ბოსტნეულს ისევ ძველი ფასი აქვს, თუმცა დასავლეთის რეგიონში, ლორინიანში, აცხადებენ, რომ ვითარება უკვე საყურადღებოა.

ლორინიანის კოოპერატივის გენერალური მდივანი სერხიო ფერეირა აღნიშნავს, რომ წარმოებაში გაიზარდა ზედნადები ხარჯები, ისინი კი პროდუქტს იმავე ფასად ან იმაზე იაფად ყიდიან, ვიდრე ადრე. თუმცა მისი თქმით, ასე გაგრძელება შეუძლებელი იქნება. სერხიო ფერეირა ამბობს, რომ თუკი ფასების ზრდა საბოლოო პროდუქტის ფასზე არ აისახება, მაშინ ფერმერთათვის მუშაობის გაგრძელებას აზრი აღარ ექნება.

ფაქტობრივად, ზოგმა უკვე შეაჩერა წარმოება. ანტონიუ სიმოინშის მსგავსად, სხვებიც ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავენ.

ანტონიუ სიმოინშმა აღარ იცის, გააგრძელოს მუშაობა, თუ შეაჩეროს და სხვა დროს განაახლოს. მისი თქმით, რისკი დიდია და შეიძლება დახარჯული თანხაც ვერ ამოიღოს.  მისი რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც 3 -4 წლის წინ სამსახურებიდან წამოვიდნენ და აგრონომიაში დაიწყეს მუშაობა, ახლა ძველ სამსახურში ბრუნდება.

ანტონიუ სიმოინში გეგმავს, რომ წელს ჩვეულებრივ გააგრძელოს მუშაობა, მომავალი წლიდან კი წარმოების 40 – 50%-ით შემცირებას აპირებს. ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერი ჟუან პედრო მიიჩნევს, რომ ფასების ზრდა აუცილებელია, რათა დომინოს ეფექტი აიცილონ თავიდან.

ჟუნ პედრო ფერნანდესის აზრით, თუკი მოგებას ვერ ნახავენ და არ გაიზრდება ფასები, მაშინ ეს ყველას შეუქმნის პრობლემას. მისი თქმით, ეს ყველას შეეხება – ლორინიანის კოოპერატივსაც და ხელსაწყოებისა და დანადგარების მწარმოებლებსაც. მწარმოებლებს საჭირო მასალების შესაძენად საკმარისი თანხა აღარ ექნებათ. იგი სწორედ ასე განმარტავს დომინოს ეფექტს.

 

დომინოს ეფექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ფასებს ჯანსაღ საკვებ პროდუქტებზე, ქვეყანაში კი მინიმალური ხელფასი მხოლოდ 700 ევროა, მთავრობაც ვერ დაეხმარება ხალხს სათანადოდ, რადგან თავადაც მძიმე მდგომარეობაშია ახლად დათხოვნილი პარლამენტის გამო.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend