პორტუგალიამ ოთხშაბათს ყველა სკოლა დახურა და ყველა იმ საჯარო სერვისის მუშაობა შეაჩერა, რომელსაც არ აქვს პირველადი საჭიროების სტატუსი. ევროპული სახელმწიფო მის კონტინენტურ ნაწილზე ატლანტის ოკეანიდან მომავალი ძლიერი შტორმის მოლოდინშია.
შტორმ „ჩარლზის“ მოსვლამდე ქუჩები თითქმის მთლიანად დაცარიელდა. მთავრობამ მოსახლეობას კატეგორიულად მოუწოდა, სახლებში დარჩენისკენ, მოსალოდნელი ძლიერი წვიმის, შტორმული ღელვისა და პორტუგალიის სანაპიროზე უჩვეულოდ მძლავრი ქარიშხალის გამო.
მეტეოროლოგების ცნობით, მისი მაქსიმალური სიჩქარე, შესაძლოა, საათში 160 კილომეტრს შეადგენდეს, რაც განსაკუთრებით სახიფათოს ხდის სახლის დატოვებასა და გადაადგილებას.
უსაფრთხოების მიზნით, ლისაბონის ყველა გვირაბი, გზაგამტარი, საპარკინგე სივრცე და ზოგიერთი ხიდი დაიკეტა. პოლიცია კრძალავს მოტოციკლების გადაადგილებას.
შტორმის პირველი ეფექტი პორტუგალიამ ნაწილობრივ იგრძნო. ლისაბონის ქუჩებში მგზავრების გარეშე მოძრავი ავტობუსები შეინიშნებოდა. ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე კი სანიაღვრე სისტემების გაჭედვის გამო წყალი დაგროვდა და დაიტბორა.
ქვეყნის ერთ-ერთმა მსხვილმა სუპერმარკეტების ქსელმა მაღაზიები დახურა, ხოლო ლისაბონში დაგეგმილმა საერთაშორისო ტექნოლოგიურმა კონფერენციამ, რომელსაც დაახლოებით 70 000 მონაწილე უნდა დასწრებოდა, დღის ღონისძიებები გააუქმა.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პორტუგალიის დაახლოებით 8 000-მა სკოლამ შტორმის მოსალოდნელი საფრთხის გამო ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად გააუქმა სასწავლო პროცესი.
ეს იშვიათი მეტეოროლოგიური მოვლენაა, რომელსაც შეუძლია განსაკუთრებული დამანგრეველი ძალის მქონე ქარი გამოიწვიოს.
მსგავსი შემთხვევა წლის დასაწყისში, შტორმ „კრისტინის“ დროს დაფიქსირდა, როდესაც ლეირიის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
შტორმ „კრისტინისგან“ მთავარი განსხვავება ისაა, რომ ამჯერად უამინდობის ყველაზე მაღალი ინტენსივობა დღის საათებშია მოსალოდნელი - ანუ იმ დროს, როდესაც ქუჩებსა და გზებზე გაცილებით მეტი ადამიანი იმყოფება, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს და საფრთხეს ზრდის.
