მთავარისაქართველო„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქცია

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქცია

საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეკრება – ასე უწოდეს მმართველ პარტიაში იმ აქციას, რომელიც დღეს, 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გაიმართა.

აქცია 5 საათზე დაიწყო, თუმცა მხარდამჭერები თავისუფლების მოედანზე 3 საათიდან იკრიბებოდნენ. შეკრებაზე იმყოფებოდნენ შოუბიზნესის წარმომადგენლებიც.

აქციაზე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ავტოკოლონები დედაქალაქის მიმართულებით დილიდან დაიძრნენ.

„ვართ მოსული, მშვიდობა გვინდა, კანონმა გვინდა, იკანონოს“.

„ვუჭერთ მხარს სტაბილურობას, განვითარებასა და ევროპულ არჩევანს“.

„მხარს ვუჭერ საქართველოს მომავალსა და „ქართულ ოცნებას“.

„ჩვენ ვუჭერთ მხარს ერთობას“, – თქვეს საქართველოს მოქალაქეებმა.

თავისუფლების მოედანზე აქციის შესახებ ცნობილი 25 ოქტომბერს გახდა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციიდან 11 დღის შემდეგ.

25 ოქტომბერს ბრიფინგზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არ არის კონტრაქცია და არის შემაჯამებელი საარჩევნო აქცია.

თავისუფლების მოედანზე აქციისთვის მზადება რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. დღევანდელ აქციას მთავრობის მეთაური და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ თავიანთ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს. პირველი გამომსვლელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

„ადრე თუ გვიან, სამართალი ყველასთან მივა და ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას, არავის ვაპატიებთ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი მიწის გაყიდვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირების და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვას და შეურაცხყოფას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ჩვენ დღეს გვყავს დამოუკიდებელი სასამართლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, რომლის წინაშე ჩივილსაც თქვენ აზრიანად მიიჩნევთ. ჩვენ დღეს გვაქვს ქართული საპატიმრო, სადაც პატიმარს ციხის ინსპექტორის არ ეშინია, დღეს ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც აქ ბრძანდება და რომელიც არის ის, ვინც ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, არა თავისთვის, არა თავისთვის, არა ჩემთვის და ჩემნაირებისთვის, არამედ თქვენთვის, ახალგაზრდებისთვის“, – აღნიშნა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

„ამ ქალაქისთვის არ მხოლოდ კარგი, ყველაფერი საუკეთესო მინდა და მაშინ, როდესაც ჩემმა ხალხმა ამირჩია თბილისის მერად, მომცა შესაძლებლობა, უშუალოდ მემსახურა ჩემი ქალაქისთვის. ჩემზე ბედნიერი და ამაყი მაშინ დედამიწაზე, ალბათ, არავინ იყო. ვერავინ აღწერს იმ დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით გაჯერებულ განაცხადს, რომელიც მაშინ დამეუფლა და რომელიც არასდროს ტოვებს ჩემს გულს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გამომსვლელებს შორის არ იყვნენ, თუმცა აქციაზე იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

„ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობიანი გარემო, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც დაანახა ადამიანებს, რომ მშვიდობიანი განვითარების გარანტიებს ვიძლევით. ასე იყო წინა წლებში, ასე იქნება მომავალში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომავალში მოდის სამი წელი, როდესაც არ იქნება არჩევნები, როდესაც ჩვენი მთავარი ამოცანა და საზრუნავი იქნება გადართული მშვიდობიანი მშენებლობისკენ“, – თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ესეც არის გამოვლინება იმ დემოკრატიული პროცესების, რაც დამახასიათებელია ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. მათ შორის, საქართველოსთვის, რომელსაც აქვს ამბიციური განაცხადი 2024 წელს წევრობასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, როდესაც საარჩევნო პროცესი სრულდება, მხარდამჭერი აქციების ორგანიზება ჩვეულებრივი პროცესია“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

„ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციას ოპოზიციაშიც ეხმაურებიან. ისინი ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წელს ფაქტობრივად თავის თავს უწყობს კონტრაქციას.

„ძალიან უპასუხისმგებლო ნაბიჯია, როდესაც საჯარო მოხელეებს შანტაჟის, დაშინების მუქარით მოგყავს შენს კონკრეტულ აქციებზე და ცდილობ იმიტაცია შექმნა და პოლარიზება გაუკეთო, რომ საზოგადოება არის ორად გახლეჩილი, ეს არის უკიდურესად საშიში თამაში, უკიდურესად უპასუხისმგებლო ქცევა, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების” მხრიდან. დარწმუნებული ვარ, ეს საბოლოოა, როდესაც საჯარო მოხელეები ჩართულები იქნებიან მსგავსი ტიპის აქციებში“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წელს ფაქტობრივად, თავის თავს უწყობს კონტრაქციას. აქციას, რომელიც არის ჩვეულებრივი დავალება სიპებზე, აიპებზე, გამგეობებზე, საჯარო მოხელეებზე, სკოლებზე და იმიტაციის შემქნა იმისა, რომ თითქოს ხალხში აქვს მხარდაჭერა, მაგრამ ეს არის თავისთავად საშიში მოვლენა, როდესაც ხელისუფლება გადაწყვეტილებას იღებს და ატარებს კონტრაქციას კონკრეტულად ოპოზიციის წინააღმდეგ“, – თქვა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლაშა დამენიამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღე რჩება. სწორედ სამ დღეში საქართველოს მოქალაქეებმა ზოგიერთი თვითმმართველი ქალაქის და თემის მერები და საკრებულოს მაჟორიტარი წევრები უნდა აირჩიონ. არიან ისეთი კანდიდატები, რომლებიც ოპოზიციურ კოალიციაში არ შედიან, თუმცა უმეტეს მუნიციპალიტეტში საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მმართველი პარტიისა და კოალიციური ოპოზიციის კანდიდატებს შორის მოუწევს.

 

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend