მთავარისაქართველომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

მზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

ანუკი ფეიქრიშვილმა სკოლა სულ რამდენიმე დღის წინ დაამთავრა. მთელი წლის განმავლობაში იგი ეროვნული გამოცდებისთვის დისტანციურად ემზადებოდა. ამბობს, რომ დისტანციური სწავლების დადებითი მხარეების მიუხედავად, მეცადინეობის ამ ფორმას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეჩვეოდა.

„სამწუხაროდ, აბიტურიენტობის პერიოდის გავლა პანდემიის გამო ონლაინფორმატში მომიწია. ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო. მთელი დღე კომპიუტერთან ვიჯექი, აღარ მქონდა შეხება გარე სამყაროსთან. განსაკუთრებით რთული იყო ისტორიაში მომზადება, მასწავლებელს გარკვეული სახის კარიკატურებისა და რუკების ჩვენება სურს, ეს კი  დისტანციურად ძალიან რთულია. თავიდან ძალიან გამიჭირდა, თუმცა შემდეგ შევეჩვიე.“

[br]ხუთი წელია, რაც ნინია ყოჩიშვილი ქართულის მასწავლებელია. თვლის, რომ ონლაინფორმატში სწავლების ხარისხი, ფიზიკურ დასწრებასთან შედარებით, დაბალია. თუმცა, ამავდროულად, მიიჩნევს, რომ დისტანციური სწავლება საშუალებას აძლევს მოსწავლეს, გაკვეთილს ნებისმიერი ქალაქიდან თუ ქვეყნიდან შემოუერთდეს.

„გაცილებით მეტი ენერგიის დახარჯვა გვჭირდება მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც იმისათვის, რომ გაკვეთილი ხარისხიანად წარვმართოთ. ეროვნულ გამოცდებზე დროში ჩატევა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იქ სტუდენტები ხელით წერენ ფურცელზე. ონლაინსწავლებისას კი პროგრამა „ვორდში“ მუშაობენ, ამიტომაც გვიჭირდა დროის გამოთვლა. შემდეგ ვამჯობინე, რომ მოსწავლეებს ტესტები ფურცელზე დაეწერათ და შემდეგ ფოტოსურათი გამოეგზავნათ ჩემთვის,თუმცა არც ეს იყო მარტივი გასასწორებელი.“

განათლების ექსპერტი რეზო აფხაზავა ამბობს, რომ ონლაინ სწავლებამ სერიოზული პრობლემა გააჩინა, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, შესაძლოა, მოსწავლეები თანაბარ პირობებში არ აღმოჩნდნენ. იმ აბიტურიენტების მომზადების დონე, რომლებიც ონლაინ მეცადინეობდნენ, შესაძლოა, განსხვავდებოდეს რეპეტიტორთან მომზადებული აბიტურიენტებისაგან.

„მნიშვნელოვანი დანაკლისები გვაქვს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით. ჩვენთან ძალიან გავრცელებულია რეპეტიტორობა და ამან რეპეტიტორობის პრაქტიკაზეც დიდი გავლენა მოახდინა. რა თქმა უნდა, მცირე ჯგუფებში მუშაობა უფრო ეფექტიანია. თუ აბიტურიენტების ნაწილი პირისპირ მოემზადება და ნაწილი დისტანციურად, მათ შორის შესაძლოა იყოს განსხვავება. ამ ეტაპზე უკვე გვაქვს ასეთი შემთხვევები“, – ამბობს რეზო აფხაზავა.

აბიტურიენტები კი იმედს არ კარგავენ, რომ  დისტანციური სწავლების შედეგები სერიოზული პრობლემა არ გახდება და ნაკლებად იმოქმედებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებზე.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend